მეცნიერებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც განწყობის დარღვევასთან დაკავშირებულ სისხლის ბიომარკერებს აკონტროლებს. საგულისხმოა, რომ ამან შესაძლოა, დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზისა თუ მკურნალობის თვალსაზრისით გარდამტეხი ცვლილებები შემოგვთავაზოს. ყველაფერი კი, სისხლის მარტივი ანალიზით იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა დეპრესიას უკვე საუკუნეებია იცნობს და სამწუხაროდ, ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს მსოფლიოში, ტრადიციული დიაგნოზი კვლავ ექიმების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კლინიკურ შეფასებაზეა დამოკიდებული.
რომ არ დაიბნეთ, გეტყვით, რომ სისხლის ანალიზი პირდაპირ არ გეტყვით, გაქვთ თუ არა დეპრესია, როგორც ეს მაგალითად, დიაბეტის შემთხვევაში ხდება… არამედ, ანალიზს შეუძლია, შეამოწმოს, რამდენად არის შეცვლილი მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებული ბიომარკერები – გაზომვადი და ბუნებრივად არსებული ინდიკატორები.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დეპრესიას, ბიპოლალურ აშლილობასა და მანიას მკაფიო კავშირი აქვს 26 ბიომარკერთან. “სისხლის ბიომარკერები მნიშვნელოვან იარაღად გვევლინება მენტალურ დარღვევებში, რადგან სამედიცინო პერსონალის კლინიკური შეფასება ყოველთვის საიმედო არ არის” – ამბობს ფსიქიატრი და ნეირომეცნიერი ალექსანდერ ნიკულოუსუ.
ნიკულოუსუ რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამდენად ეფექტური იყო ბიომარკერებზე დაფუძნებული ტესტები თვითმკვლელობის პროგნოზირებისთვის, ძლიერი ტკივილისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დონის საფუძველზე.
ახალ კვლევაში, რომელიც 4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, მკვლევრებმა ასობით პაციენტთან იმუშავეს, სამედიცინო ცენტს Richard L. Roudebush VA-ში. პაციენტებზე მთელი რიგი ტესტები ჩატარდა, რათა ბიომარკერების ცვლილებასა და მენტალურ დარღვევებთან კავშირი დაედასტურებინათ.
დეპრესიით დაავადებულ პაციენტებთან ვიზიტისას, ექიმები მათი განწყობის ცვლილებებს აკვირდებოდნენ და სხვადასხვა ინტერვალით იღებდნენ სისხლის ანალიზს. სწორედ ამ მონაცემების, ანუ, 1600 კვლევის საფუძველზე დაადგინეს 26 ბიომარკერის განწყობის დარღვევასთან კავშირი.
ამასთან ერთად, საბოლოო ტესტის დროს, მკვლევრებმა ფსიქიატრიული პაციენტების კიდევ ერთი ჯგუფი გამოიკვლიეს, რათა ენახათ, რამდენად ზუსტად ასახავს მენტალურ დარღვევებს 26 იდენტიფიცირებული ბიომარკერის ცვლილება. შედეგად აღმოჩნდა, რომ 12 მათგანი განსაკუთრებით მჭიდრო კავშირს ავლენს დეპრესიასთან, 6 – ბიპოლარულ აშლილობასთან და 2 – მანიასთან.
მკვლევრების აზრით, ეს მიდგომა პაციენტებში დეპრესიისა და სხვა მენტალური დარღვევებისადმი მიდრეკილების განსაზღვრასთან ერთად, ხელს შეუწყობს ბიოინფორმაციულ განსაზღვრებასაც – ექიმები ზუსტად მიიღებენ ინფორმაციას, რომელი მედიკამენტი იქნება სიტუაციის ადეკვატური.
საგულისხმოა, რომ 26 ბიომარკერიდან 8 ცირკულარულ რიტმს უკავშირდება, რაც დეპრესიადა და ძილის დარღვევებს შორის კავშირს ხსნის. ასევე, ცხადია, რატომ უარესდება ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა სეზონური და ძილის ცვლილებების პარალელურად.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტესტი საკმაოდ ეფექტური შედეგის მაჩვენებელია, უცნობია, როდის დაიწყება მისი ფართომასშტაბიანი მოხმარება… თუმცა მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ფსიქიატრიული საზოგადოება გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტი მედიცინა მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოზირებასა და მკურნალობისთვის.
“ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი, რომ ფსიქიატრია XIX საუკუნიდან XXI საუკუნემდე მოვიყვანოთ და დავეხმაროთ მას, სხვა თანამედროვე სფეროებს დაემსგავსოს” – ამბობს ნიკულესკუ.