ბრიტანეთის მუზეუმის თანახმად, სტოუნჰენჯის თანადროული დრამი წინარესიტორიული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში აღმოუჩენიათ გაერთიანებულ სამეფოში.
5000 წლის წინანდელი ბარაბანი ბავშვების სამარხში ჯერ კიდევ 2015 წელს აღმოაჩინეს, ინგლისის აღმოსავლეთ იორკშირში, სოფელ ბარტონ აგნესის მახლობლად. რუტინული გათხრების დროს მას დამოუკიდებელი კომპანია Allen Archeology-ის არქეოლოგთა ჯგუფმა მიაკვლია. სამარხში ინახებოდა სამი ბავშვის ნეშტი, 3-დან 12 წლამდე, რომელთა ძვლები ათასწლეულების მანძილზე იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული… საფლავი იშვიათი აღმოჩენაა, რადგან ნეოლითის ხანის ბრიტანეთში უძველესი ხალხი ცხედრებს კრემაციისთვის ან ყვავების მიერ საჭმელად ტოვებდა.
ახლა კი ხელოვნების ნიმუშს ბრიტანეთის მუზეუმში გამოფენენ, როგორც სტოუნჰენჯის სამყაროს ნაწილს. Phys.org-ის თანახმად, ბარაბანი უფროსი ბავშვის თავზე ცარცის ბურთულასთან და გაპრიალებულ ძვლის სარჭთან ერთად იყო განთავსებული. არქეოლოგებს არ სჯერათ, რომ დრამი მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, მიუხედავად სახელისა. ეს იყო უფრო სკულპტურული ხელოვნების ნიმუში, ან, შესაძლოა, ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო.
როგორც ბრიტანეთის მუზეუმის კურატორი, ნილ უილკინი, აღნიშნავს, დრამზე გამოსახული ჩუქურთმა, რომელიც სპირალებსა და სამკუთხედებს მოიცავს, “პეპლის” მოტივს წარმოადგენს. უილკინის თქმით, მხატვრული თვალსაზრისით, ეს ჩუქურთმები შოტლანდიასა და ირლანდიაში ნეოლითურ ადგილებში აღმოჩენილ სხვა ობიექტებს ჰგავს — ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მანძილებისა, პრეისტორიული თემები ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირში იყო.
“ეს ბარაბანი განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, რადგან იმ მხატვრულ ენას აერთიანებს, რომელსაც ბრიტანეთის კუნძულებზე ვხედავთ… და ჩვენ 5000 წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობთ”, — ამბობს პროექტის კურატორი ჯენიფერ ვექსლერი.