in

ნახეთ: მეცნიერებმა ობობას ქსელის რხევები მუსიკად გარდაქმნეს

სამომავლოდ მკვლევრები ობობებთან კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებიან!

ობობები ძირითადად ბრმები არიან, მაგრამ მათი ქსელები მგრძნობიარეა დარღვევების მიმართ, რომელსაც ისინი ფეხებით აფიქსირებენ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა კი, აუდიოვიზუალური ვირტუალური რეალობა (VR) გამოიყენეს, რომელიც ობობას ქსელის რხევებს ბგერებად გარდაქმნის და მუსიკად აქცევს.

“ობობები რხევადი სიმების გარემოში ცხოვრობენ. ისინი კარგად ვერ ხედავენ, მაგრამ ირგვლივ არსებულ სამყაროს რხევების საშუალებით გრძნობენ, რომლებსაც სხვადასხვაგვარი სიხშირე აქვს” – ამბობს პროექტის მთავარი მკვლევარი მარკუს ბიულერი.

ობობას ქსელი შესაძლოა, მისი სხეულის გაგრძელებად ჩაითვალოს, რადგან გარდა იმისა, რომ ის მის შიგნით ცხოვრობს, ობობა ქსელს სენსორადაც იყენებს. რადგანაც თითოეული ქსელი სიგრძითა და დაჭიმულობით განსხვავებულია, ისინი განსხვავებულ სიხშირეს ასხივებს და მათი გამოყენება სიგნალების გასაგზავნად თუ სხვა ობობებთან საკომუნიკაციოდ არის შესაძლებელი.

რადგანაც ბიულერი მეცნიერებასთან ერთად მუსიკითაც არის დაინტერესებული, გადაწყვიტა, გამოეკვლია, რამდენად შეუძლია ბუნებრივ მასალებს, მაგალითად, ობობის ქსელს, რიტმებისა და მელოდიების მიღება. მისი თქმით, ქსელები მუსიკალური შთაგონების ახალ წყაროდ იქცევა, რადგან ქსელები ისეთი მუსიკის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ადამიანური გამოცდილებისგან ძალიან განსხვავდება.

ბიულერმა და მისმა გუნდმა ლაზერული გამოსახულება გამოიყენეს. მათ ქსელის 2D ჭრილი გადაიღეს და მისგან, კომპიუტერული ალგორითმის დახმარებით, 3D ქსელი ააწყვეს. მკვლევრებმა ქსელის სიმებს სხვადასხვა სიხშირის რხევა მოარგეს, რომლებიც შემდგომ ნოტებად გარდაქმნეს. როგორც ჩანს, ქსელის ხმა მექანიკური ძალების ზემოქმედებით იცვლება, რაც ვირტუალურმა ვიზუალიზაციამ ნათლად აჩვენა – ქსელი, დაჭიმვასთან ერთად, ის ხმას იცვლიდა. შემდეგ კი, ისინი წყდებოდა და ტკაცუნის ხმას გამოსცემდა.

ამასთან ერთად, ქსოვის ტექნიკის შესასწავლად, მკვლევრებმა ქსელის ქსოვის პროცესი გადაიღეს და თითოეულ ეტაპს სხვადასხვა ხმა შეუსაბამეს. შედეგად, მიღებული მუსიკა კი, ობობების მიერ ქსელის ქსოვის მთელ პროცესს ასახავს. სავარაუდოდ, ეს მიგნება მეცნიერებს “ობობების მიმბაძველი” 3D პრინტერის შექმნაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გუნდის სამომავლო გეგმას ისეთი სიგნალების შექმნა წარმოადგენს, რომელსაც შემდგომ ობობებთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებენ.

დევიდ ბეკჰემი „მაზერატის“ ბრენდის ელჩი გახდა!

„უცნაურია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გვეჩქარა“ – „სქულბუქის“ 3 #შეცდომა