ბორჯღალოსნები ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2015 წელს თამასა, წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია: ყველა გულშემატკივარი ელოდება, რომ ქართველი მორაგბეები მინიმუმ ორ თამაშს მოიგებენ და შემდეგი მსოფლიოსთვის ადგილს გაინაღდებენ. ვითიბი ბანკმა, როგორც ნაკრების გენერალურმა სპონსორმა, გადაწყვიტა მათი მხარდამჭერი კამპანიის გაკეთება. კამპანია რამოდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ძირითადი ორია: სატელევიზიო რგოლი და ჰეშტეგი #მევარმე16.
M: მარკეტერი შოთა ჩინჩალაძეს ესაუბრა, რომელიც ბრენდინგ სააგენტო Live Branding-ს წარმოადგენს:
“ყველა სპორტში დიდი როლი უჭირავს გულშემატკივარს, მაგრამ რაგბიში გულშემატკივრის ფაქტორი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გულშემატკივარი მე16 მოთამაშეა მოედანზე. ჩვენ გვინდოდა რაგბის მხარდამჭერებისთვის გვეჩვენებინა თუ რა როლი აქვთ მათ ბიჭების წარმატებაში – მათი ემოციები ნაკრების წევრებს გასახდელშიც კი ეხმარებათ მოტივაციაში, კონცენტრაციაში, მიზნის დასახვისას და ა.შ.
ვიდეო რგოლში პირველად გამოჩნდა მე16 მოთამაშე – გულშემატკივარი. ვიდეო მთლიანად ტაშზეა აწყობილი. გვსურს ქართველ მორაგბეებს ვაგრძნობინოთ, რომ მიუხედავად ანგარიშისა და შედეგისა ჩვენც ბორჯღალოსნები ვართ! სწორედ ამ ყველაფრის საუკეთესო, უნივერსალური გამოხატულებაა ტაში, აპლოდისმენტები.
ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ (მიუხედავად იმისა, რომ თამაშებს საკმაოდ ბევრი ქართველი გულშემატკივარი ესწრება) სიშორის და სხვა ფაქტორების გამო, ჩვენი ნაკრები ვერ იქნებოდა განებივრებული გულშემატკივართა განსაკუთრებული სიუხვით ინგლისში. შესაბამისად აუცილებელი იყო როგორმე მიგვეტანა აქ, საქართველოში დარჩენილი ზღვა გულშემატკივრის ემოცია და მხარდაჭერა შორს მყოფი ნაკრებისთვის. ამისთვის შეიქმნა ჰეშტეგი #მევარმე16, რომელიც უნდა დაგვხმარებოდა „ჩვენსა და ინგლისს შორის არსებული მანძილის გაქრობაში“ და როგორც ბიჭებამდე, ასევე სხვა გულშემატკივრამდე მიეტანა გვერდში დგომის ძლიერი ენერგეტიკა, ემოცია. ჩვენდა საბედნიეროდ იდეა გულშემატკივარებმა და კომპანიებმა აიტაცეს და ბევრი მათგანი ჩაერთო კამპანიაში”
ნახეთ მარკეტერის რჩეული სამი ვიდეო:
- პაშა ბანკი
2. ბილაინი
3. ამერიკის საელჩო საქართველოში