მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. მევლუდ მელაძისთვის ეს გადაწყვეტილებების ერთობლიობაა, რამაც Lilo Arena-ს დამფუძნებელი და დირექტორი ამ მომენტამდე მოიყვანა და ქართული ავტოსპორტის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენა გადააწყვეტინა.
ძნელია თქმა, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ასეთი ბევრი იყო და თითოეულმა მათგანმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრებისეული გეზი. უფრო ადრეული გადაწყვეტილებებით დავიწყებ. 90-იანებში მოჭიდავე ვიყავი. ძალიან პატარა ასაკის ვიყავი და ძალიან კარგი ტიტულებიც მქონდა მოპოვებული – დამოუკიდებელ საქართველოში ევროპის პირველი ჩემპიონი გავხდი, მომდევნო წელს – მსოფლიო ჩემპიონატზე მოვიპოვე მეორე ადგილი. სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება, რომ დავრჩენილიყავი საფრანგეთში, თან მევარჯიშა და თან მეხელმძღვანელა ჯგუფისთვის. პატრიოტულმა სულისკვეთებამ მძლია და არ დავრჩი. ამ მიმართულებას რომ გავყოლოდი, დღეს არ ვიქნებოდი ავტოსპორტში. სპორტს თავი დავანებე და ბიზნესი წამოვიწყე. მაშინ პოპულარული იყო ავტომობილების ჩამოყვანა. დავიწყეთ ევროპაში სიარული – გერმანია, იტალია, ირლანდია… ამ ქვეყნებში სპორტული შეჯიბრებებიდან გამომდინარე ვიყავი ნამყოფი, ენებიც ვიცოდი და მიადვილდებოდა. ამ დროს, 20 წლის ვიყავი.
შემდეგი დიდი ცვლილება 27 წლის ასაკს უკავშირდება, როდესაც ავტოსპორტში მოვედი. ავტოსპორტისთვის საკმაოდ დიდი ასაკი მქონდა. ეს გადაწყვეტილება ძალიან უჩვეულოდ მოვიდა ჩემამდე – ერთ-ერთ ავტომრბოლელთან მომიწია კამათი შემთხვევით. ავტომობილის დეტალი იყო დაზიანებული და მიმტკიცებდა, მე ავტომრბოლელი ვარ და შენზე უკეთ ვიციო. ძალიან ამბიციური ვიყავი ყოველთვის. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ცდებოდა. მოვძებნე ავტოსპორტის ფედერაცია და მივედი. ძალიან დიდი რესურსი დავხარჯე – შევიძინე სპეციალური ავტომობილი, გავაწყვე და თავიდან ბოლომდე ამ სპორტზე გადავერთე. კარგი შედეგები მივიღე თავიდანვე, თუმცა სამწუხაროდ, იმ ავტომრბოლელს ვერასოდეს შევხვდი, რადგან სპორტიდან წავიდა.
ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთელი ჩემი ცხოვრება ავტომობილებსა და ავტოსპორტზე გადმოეწყო. მანამდე ამაზე არასოდეს მიფიქრია, ისიც კი არ ვიცოდი, რომ საქართველოში ავტოდრომი არსებობდა. ეს რომ არა, ავტობიზნესში დავრჩებოდი.
როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაგალითად, რომ არა ჩემი ახლანდელი მეუღლე, სრულიად სხვა გეზით წავიდოდა ჩემი ცხოვრება და საზღვარგარეთ გავაგრძელებდი კარიერას. გავიაზრე, რამდენად ვარ მიჯაჭვული ამ ქვეყანას, ავტოსპორტს და გადავწყვიტე, ეს სფერო განმევითარებინა საქართველოში. მივედი იქამდე, რომ ჩამომეყალიბებინა ამ სპორტის სახეობები, რითაც სპორტსმენებს მეტ გასაქანს მივცემდი და უფრო დიდი ავტოდრომი დაგვეფუძნებინა, რადგან არსებული ამ მასშტაბებისთვის საკმარისი არ იყო. ძალიან ბევრი პრობლემის გავლა მომიწია, თუმცა როგორღაც გავიარე და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობამ მიმიყვანა იქ, სადაც ვარ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ სადაც ვარ, როგორც ვარ, იქ უნდა გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, რადგან ნებისმიერ დროს უნდა მახსოვდეს, რომ შეიძლება ცხოვრება ერთ წამში დამთავრდეს. შესაბამისად, არსებულ რეალობაში უნდა მივიღო მაქსიმუმი, რაც შემიძლია. ჩემთვის მაქსიმუმის შინაგანი განცდაა ის ხილული შედეგი, რომ საქმე იყოს წარმატებული და ქართველი მრბოლელები იყვნენ მსოფლიოში წარმატებულები.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.