ალბათ, ქალაქის უსასრულო საცობები თქვენზეც ცუდად მოქმედებს. მართალია, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ აქ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ — ხშირად დიდი ზომის მანქანებით დავდივართ, არასწორად ვაჩერებთ (როცა სხვა გზა არ გვაქვს) და სხვების ადგილებსაც ვითვისებთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც არ მივმართავთ მაშინ, როცა შეგვიძლია… საცობში ამდენი გაჩერებითა და მანქანის ხელახლა დაძვრით, ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობამდეც მივედით, რისთვისაც გამოსავალი ჰიბრიდული ან ელექტრო მანქანები შეიძლება იყოს.
ისიც მართალია, რომ ჩვენს ქალაქს გეზი ავტომობილების შემცირებისკენ აქვს აღებული, მაგრამ ამის სისრულეში მოყვანას ცოტა დრო დასჭირდება, რა დროსაც კვლავ მანქანები გვჭირდება. თუნდაც, იმისათვის, რომ ბავშვები სკოლაში დროულად მივიყვანოთ, სამსახურში არ დავაგვიანოთ და დღის მანძილზე გადაადგილებას ჩვენი გეგმები არ შევაზღუდვინოთ.
ამიტომ, მანქანის შეძენისას გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიმარტივოთ, მრბოლელსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს გავესაუბრეთ.
M: მოდით, პირდაპირ გვიპასუხეთ მთავარ კითხვაზე — როგორი ავტომობილის ყიდვა სჯობს 2023 წლისთვის?
ერთ-ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, თბილისისთვის კარგი იქნება პატარა ავტომობილების შეძენა — რაც შეიძლება პატარა, რათა მეტი დაეტიოს არსებულ პარკირების სივრცეზე და შუქნიშნის ზოლშიც. თან, დიდი ავტომობილის ყოლა ასეთ პატარა ქალაქში, ცოტა არ იყოს უკვე სათაკილოც არის. პარკირების კულტურაც არ გვაქვს ჯერ კარგად ჩამოყალიბებული, ხშირად დიდი ავტომობილი ისეა დაპარკინგებული, რომ მის გვერდით საშუალო ზომის მანქანაც ვერ შეძლებს გაჩერებას, პატარა მანქანის მფლობელებმა კი იციან, რომ მათთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ამ კომფორტის შესახებ მეგობრებსაც ესაუბრებიან, ურჩევენ, თავადაც შეიძინონ და ამ რჩევებით უკვე ნელ-ნელა ვაპატარავებთ ავტომობილების ზომას. მართალია, ჯერ სასურველ მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მაინც დიდი ტემპით მივდივართ.
M: როგორ შეაფასებთ, რა მდგომარეობაა მანქანების კუთხით დღეს თბილისში?
დღეს ძალიან რთული გახდა ქალაქში გადაადგილება, პრობლემა კი ის არის, რომ ამას ხალხი არ ეპუება. მართალია, ვცდილობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტად ვისარგებლოთ, მაგრამ ეს ქალაქის მოწყობისა და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე ჯერ ძალიან რთულია… გვაქვს არასაკმარისი საპარკინგე ადგილები, ამიტომ უკვე არსებული მანქანების რაოდენობა ვერსად მიდის, იქმნება დისკომფორტი და საცობი. საწვავის ხარისხითაც ვერ დავიკვეხნით და თითქმის ყველა კატალიზატორი გაყიდულია… ჩვენ ჯერ მაინც ჩავრჩით იმაში, რომ ამერიკიდან ვეზიდებით მანქანებს, რომლებსაც ამერიკელი ვეღარ იყიდის, რადგან იქ ვერ აღადგენს და ვერც ივლის, თუნდაც, ახალი იყოს. შედეგად, ჩვენთან წვალებით აღდგენილი ავტომობილები დადის. ამიტომ, დღეს არც ავტოპარკის კუთხით გვაქვს კარგი მდგომარეობა, ქმედითი ნაბიჯების კი გადადგმას ვაგვიანებთ…
M: რა უნდა იყოს დღეს პრიორიტეტი იმ ადამიანისთვის, რომელიც მანქანის ყიდვას აპირებს?
როგორც უკვე ვახსენე, თუ შეუძლია, რომ მცირე ზომის მანქანა იმყოფინოს, აუცილებლად უნდა აქციოს ეს პრიორიტეტად და მეორე, ყველა შემთხვევაში მომავალი ელექტროა — თუ აქვს საშუალება, ელექტრო მანქანა უნდა შეიძინოს. მართალია, ჯერ ძალიან ძვირია, მაგრამ მალე პროგრესირდება, სრულად შეიცვლება დამუხტვის სისტემები, სხვანაირი იქნება მათი აკუმულატორებიც და ა. შ. ვფიქრობ, შესაძლებელია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ელექტრო მანქანა ვიყოლიოთ, თან, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: პირველი, საწვავი ჩვენთან ძალიან ძვირია იმასთან შედარებით, რასაც გამოვიმუშავებთ, ელექტროენერგიით დამუხტული მანქანა კი გაცილებით ნაკლებს მოიხმარს; მეორე — პარკირების სივრცე მეტია ელექტრო მანქანებისთვის, ვგულისხმობ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, გვაქვს უფასო დამუხტვის სივრცეებიც, შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მაინც გვაქვს. დაბოლოს, დროა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ელექტრო მანქანა, რადგან, როგორც ამბობენ, რამდენიმე ათწლეულში საწვავის მარაგები ამოიწურება, ამიტომ, ასე თუ ისე, მაინც ელექტროზე გადავალთ.
M: ელექტროს გარდა, რას გვეტყვით ჰიბრიდულ მანქანებზე და რამდენად ურჩევდით ადამიანებს მის შეძენას?
ნამდვილად ეკონომიურია, მით უმეტეს თბილისისთვის. ზოგადად, ქალაქის პირობებში, სადაც ბევრი აღმართ-დაღმართია, რადგან დაღმართის შემთხვევაში იგი სრულად ჩამქრალი ძრავით დადის და მუხტავს კიდეც ბატარეებს. ტრასაზე უფრო მძიმეა და შესაბამისად, არც ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამას გარდა, ეკოლოგიურიცაა, ნებისმიერი გაჩერების შემთხვევაში ძრავა სრულად ჩამქრალია და დაძვრის მომენტში, როცა შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები ყველაზე მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს, იგი ელექტრო ძრავით იძვრება და მხოლოდ ამის შემდეგ იქოქება. მაგრამ მე ჰიბრიდული მანქანების მოტრფიალე მაინც არ ვარ, რადგან საქართველოში დაახლოებით 8-10 წლის ჰიბრიდები შემოდის, აკუმულატორების სიცოცხლეც ზუსტად ამდენია და გამოდის, როცა მანქანას ყიდულობთ, აკუმულატორს ან უკვე ამოწურული აქვს თავისი რესურსი, ან ამოწურვის პირასაა. შესაბამისად, მისი მფლობელი ვერც ეკონომიურობით სარგებლობს და ვერც ეკოლოგიურობით. მთლიანი სეტი რომ შეიძინონ საკმაოდ ძვირია და არც რომელიმეს გამოცვლაა გამოსავალი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ახალი ჰიბრიდების შემოყვანას განბაჟებაზე ფასდაკლებით მაინც წაახალისებს…
M: დაბოლოს, მომდევნო წლისთვის მანქანას რომ ყიდულობდეთ, რა იქნებოდა თქვენთვის 3 აუცილებელი კომპონენტი?
ჩემთვისაც ის იქნებოდა, რასაც სხვას ვურჩევდი, უპირველესად, მცირე ზომის, მეორე – რომლის სერვისიც არ ჭირს საქართველოში, შეიძლება ძალიან მინდოდეს ბევრი უჩვეულო პატარა მანქანის შეძენა, მაგრამ საქმე რომ არ გავირთულო, იმას ვყიდულობ, რომელიც მასიურად არის, რომელიც უფრო პატარა და ეკონომიურია, მაგალითად, ახლა Fiat 500 მყავს. მესამე კი ელექტრო მანქანა იქნებოდა, მე ელექტრო Fiat 500-ს ვიყიდდი.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი