in

„მფრინავი ასი“: „გვინდა, ბავშვებმა საკუთარ წარმოსახვაში მეტი იმოგზაურონ!“

Startauperi
Startauperi

ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობისთვის ფრთებია საჭირო და ეს კარგად იციან იმ დიდებმა, რომლებმაც შინაგან ბავშვს თავისუფლება მისცეს და ზრდასრულ ასაკშიც შეუძლიათ შეიგრძნონ სილაღე და გასაქანი მისცენ წარმოსახვას. საბავშვო ბრენდის შექმნა თათა კვარაცხელიას შვილებთან ერთად თამაშმა შთააგონა. სურვილმა, პატარებისა და მათი მშობლებისთვის ყოველდღიურობა და დღესასწაულები განსაკუთრებული მომენტებით აევსო „მფრინავი ასის“ ბრენდის შექმნამდე მიიყვანა. მისმა იდეამ შთააგონა მეგობრები და სოფო ზალკალიანთან, ნინი ზალკალიანთან და ნუცა ქისტაურთან ერთად, ისეთი საბავშვო პროდუქტების შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ყოველ პატარას დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნიდა.

დღეს, „მფრინავი ასის“ მთავარი პროდუქტი სხვადასხვა თემატიკითა და ილუსტრაციებით გაფორმებული მანტიები და ეკოლოგიური მასალით შექმნილი წინდებია. შემქმნელები პროდუქტის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და სულ მალე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავენ. მოდით, გავიცნოთ, როგორ იქმნება „მფრინავი ასი“.

M: რა იყო მთავარი მოტივაცია, რამაც ბრენდის შექმნისკენ გიბიძგათ?

თათა კვარაცხელია: სამი შვილის დედა ვარ და ეს იდეაც სწორად მათთან თამაშის დროს დამებადა. წარმოსახვითი თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტია ბავშთა კოგნიტური განვითარების პროცესში. სწორედ ამიტომ, 2 წლიდან აქტიურად უნდა მოხდეს წარმოსახვითი თამაშების სტიმულირება მშობლის/აღმზრდელის მხრიდან. პანდემიის პერიოდში, როდესაც გარეთ გასვლაც კი შეზღუდული იყო და ძირითადად, სახლში გვიწევდა ყოფნა, ვცდილობდით სწორედ ამ ტიპის თამაშებით დავკავებულიყავით. ერთ დღესაც, ჩემმა შვილებმა მთხოვეს „ჯადოსნური მანტიები“ ე.წ. cape-ები დამემზადებინა და ყველაფერი აქედან დაიწყო… 2020 წლის ბოლოს, დაგვებადა იდეა შეგვექმნა ბავშვთა ხაზი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ბაზარზე არა მხოლოდ მისი კონცეფციით და დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხით, რაც ასე საჭიროა ბავშვებისთვის.

M: როგორი იყო ბრენდის თქვენეული ხედვა და რას მოიაზრებდით პროდუქტის „ხარისხის“ ცნების მიღმა?

სოფო ზალკალიანი: თათას იდეა ყველას ძალიან მოგვეწონა და აქტიურად დავიწყეთ მისი გაცოცხლება. უმაღლესი ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნებოდა გამყარებული, ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ, საკმაო დრო დაგვჭირდა GOTS-ის სტანდარტების მქონე სერტიფიცირებული კომპანიის საპოვნელად, რომელთანაც პროდუქციის მასალების შეკვეთაზე შევძლებდით თანამშრომლობას. საბოლოოდ, მანტიების შესაქმნელად ერთ უცხოურ კომპანიაზე გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც 100%-იან ორგანული ბამბის ქსოვილებს მოგვაწოდებდა და შესაბამისი პრინტიც ანტიალერგიული, არატოქსიკური ნივთიერებებისგან იქნებოდა დამზადებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ბავშვების ტანსაცმელს ეხება. ამავდროულად, ვმუშაობდით ძალიან ნიჭიერ ქართველ ხელოვანთან – თეკლა კიღურაძესთან, რომელიც ზუსტად ჩაწვდა ჩვენი ბრენდის არსს. ერთობლივი ძალისხმევითა და მისი კრეატიულობით შევქმენით „მფრინავი ასის“ პირველი კაფსულური კოლექცია, რომელიც ოთხი სხვადასხვა პრინტის მანტიისა და ოთხი წყვილი წინდისგან შედგება.

M: პროდუქტი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა უფრო კონკრეტულად, ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტში?

ნინი ზალკალიანი: ჩვენს მთავარ სეგმენტს წარმოადგენენ 2+ ბავშები, რომლებსაც წარმოსახვითი თამაშები უყვართ, თავიანთ შექმნილ სამყაროში მოგზაურობა სურთ და არ ეშინიათ გახდნენ მფრინავი ასები. ასევე, ჩვენი სეგმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ მშობლები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი შვილების განვითარებაზე და მათთან ერთად სურთ შეიგრძნონ სილაღე. გვინდოდა შეგვექმნა ძალიან ცოცხალი ბრენდი, რომლის ვიზუალები იქნებოდა ძალიან გამორჩეული, უნიკალური, სახასიათო და რაც მთავარია, ბავშვებისთვის მარტივი აღსაქმელი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრენდის ვიზუალური ნაწილის შექმნა მივანდეთ ძალიან ნიჭიერ არტ დირექტორს – დავით კუპატაძეს, რომელმაც ჩვენი ბრენდინგის დაუვიწყარი ელემენტები შექმნა. ასევე, უკვე მომდევნო კოლექციის გამრავალფეროვნებაზე ვმუშაობთ. ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ უმაღლესი ხარისხი და ფერადი ელფერი ყოველთვის იქნება ჩვენი პროდუქციის მთავარი კომპონენტი.

M: საიდან მოვიდა სახელწოდება „მფრინავი ასი“?

ნუცა ქისტაური: მფრინავი ასი საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს ნიშნავს. სახელწოდებაც სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ, რადგან გვსურდა ჩვენი ბრენდი გამხდარიყო სათავგადასავლო ფრენის სიმბოლო. ლოგოც სწორედ აქედან მოდის, მფრინავი ასი თავის ვერტმფრენში ზის და ღრუბლების ფონზე სულ მაღლა, ზევით დიდი სისწრაფით მიექანება, მისი მანტია კი ფრთებივით არის გაშლილი და თითქოს ფრენაში ეხმარება ვარსკვლავებიან ვერტმფენში მჯდომ საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს.

M: თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ბრენდს და როგორ გეგმავთ საერთაშორისო ბაზრის ათვისებას?

ნუცა ქისტაური: დღეის მდგომარეობით, „მფრინავი ასი“ უკვე მზად არის საკუთარი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე, ქსელურად სხვადასხვა ტიპის კონცეპტუალურ მაღაზიებში წარმოადგინოს, თუმცა სამომავლოდ, მისი გაფართოება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გვსურს. პირველ ეტაპზე, ჩვენთვის პრიორიტეტული საექსპორტო ქვეყნების ნუსხაში არის: საფრანგეთი, ლუქსემბურგი, იტალია, ბელგია და ავსტრალია. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს კიდეც მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ კონცეპტუალურ პლატფორმებთან. ივნისის თვეში „მფრინავი ასი“ ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტრეიდ შოუში მონაწილეობს და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მყიდველების ინტერესი ჩვენი ბრენდის მიმართ სულ უფრო მზარდი იქნება.

KiwiPost-თან ერთად შენი ამანათი საიმედო ხელ… ფრთებ… საიმედოდაა!

როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები გადაღლილ თანამშრომლებს?