in

ნაწარმოებები, რომლებიც მგზავრობას უხდება

რაც უფრო დიდია გზა, მით მეტი დრო გვაქვს საფიქრად, საყვარელი მუსიკების მოსმენის ფონზე გარკვეული სცენების წარმოსადგენად, რაიმეს საყურებლად ან წასაკითხად. ერთია ხედებით ტკბობა, მაგრამ სულ სხვა სიამოვნებაა ტრანსპორტში „უქმად გატარებული“ დროის ნაყოფიერად გამოყენება — თითქოს, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მისვლამდე ვიზრდებით და რაღაცნაირად, თუნდაც უმცირეს ტრანსფორმაციას განვიცდით.

ამიტომაცაა, რომ დიდ გზას სანამ დავადგებით, საგულდაგულოდ ვარჩევთ წიგნებს — თან მანძილსა და მათ სისქეს ერთმანეთს ვადარებთ… დაახლოებით ვხვდებით, რომელ გზას რომელი მოუხდება ან რამდენად ჩავეტევით სავარაუდო დროში. მოკლედ, იმდენად გაგვიტაცა ამ საკითხზე ფიქრმა, რომ დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ წიგნებს გირჩევთ, რომლებიც მგზავრობისას უნდა წაიკითხოთ.

ღმერთი სამსახურშია — დათო გორგილაძე


დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია — უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებშიუჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.

როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.

კაკაფონია — დათო ჯიქია


დასახელება კაკაფონია

მწარმოებელი თეიმურაზ იგივე თემო ტალახაძე

შემადგენლობა  23 თავი, 1 ექვსგვერდიანი კომიქსი და დაახლოებით 47 ილუსტრაცია

კლინიკური თვისებები გესლიანი ენის ტკბილი ფარფატი უმიზნოდ

გვერდითი მოვლენებიშესაძლოა გამოიწვიოს დაბნევა-გაფანტვა, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და ტინიტუსი.

მიღების წესიარათანმიმდევრული

განსაკუთრებული მითითებაწიგნი არ შეიცავს არაფერ ჭეშმარიტს

შენახვის პირობებიარავითარ შემთხვევაში არ შემოდოთ თაროზე 

ვარგისიანობის ვადასანამ გაბრიელი საყვირს ჩაბერავს

გაცემის წესიურეცეპტოდ

გზაზე  — ჯეკ კერუაკი

რეკორდულ დროში, 3 კვირაში დაწერილ რომანზე თავად ჯეკ კერუაკი ამბობდა: „„გზაზე“ 1951 წლის გასაოცარ მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, 100 ფუტის სიმაღლეზე… სწორედ აქ იქცა სიტყვად „გალეწილი თაობის“ სახე. დავწერე წიგნი და მას შემდეგ თან დავათრევდი, საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს თუ სხვა ველური თავყრილობა, სადაც პატარა ბიჭებს ვაბოლებდი ხოლმე, ძალზე მგრძნობიარე ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სიბინძურეში უკვე საბოლოოდ გამოთაყვანებულიყვნენ“

იმ პერიოდში, როცა რომანი გამოიცა, ანუ 1957 წლისთვის, ჯაზი, ბიბოპი უკვე წარსულს ბარდებოდა და საგულისხმოა, რომ კერუაკი, ამ წიგნით, ჰიპების ეპოქას უსწრებდა წინ. კვლავ ავტორს თუ დავესესხებით, ფრაზა „ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი. მერე რა, გზა ხომ ცხოვრებაა“, ზუსტად მიესადაგება ცვლილებების, გარდატეხის პერიოდში დაწერილ ნაწარმოებს.

სიყვარულის წონა — რუსუდან რუხაძე


ეს წიგნი ყველა იმ ადამიანზეა, რომელთაც სხვადასხვაგვარი, მაგრამ ერთი გრძნობა აერთიანებთ — სიყვარული, რომელიც თქვენ უნდა აწონოთ. და თუ მწერალს დავესესხებით, „წიგნის უხილავი ხიბლის დანახვა ყველას არ შეუძლია. ქვეტექსტები, ფარული ციტატები და ალუზიები ფსკერზეა, უნდა ჩაყვინთოთ!“. ასე რომ, თამამად ჩაყვინთეთ და ფსკერზე თქვენებურად აღქმული „სიყვარულის წონა“ თავადვე შეიგრძენით…“

„სიყვარულის წონა“ რუსუდან რუხაძის მოთხრობების მესამე კრებულია. ჯერ იყო „ჩაისთან მოსაყოლი ამბები“, „საბას“ ნომინანტი — „წლის საუკეთესო დებიუტი“; შემდეგ კი „ერთი თქვენგანი გამცემს“, მწერლის მეორე კრებული, 2016 წლის წიგნის საახალწლო ფესტივალის ბესტსელერი და პრემია „საბას“ გამარჯვებული ნომინაციაში — „წლის საუკეთესო პროზაული კრებული.

სიცოცხლის დაზღვევა — ნინო თარხნიშვილი


„სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე.

ადამიანები, ნივთები, რუტინა ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთ ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები.

ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა — სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.

აშტავაკრა გიტა — ანდრო დგებუაძის თარგმანით

ინდური ფილოსოფიის შედევრის დახასიათება რამდენიმე ფრაზით შეიძლება:

ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც.

ეს არის საუბარი, რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს.

ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს.

ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ.

ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი.

ეს არის რეალობა, რომელსაც აღვიძებ ორ სიზმარს შორის.

ეს არის სიმაღლე, საიდანაც სიკეთე და ბოროტება უნიღბოდ ჩანს. 

ეს არის სიღრმე, რომელიც ზედაპირზეა.

ეს არის აღსარება, რომ მთელი არსით ხარ წმინდა.

ქაქუცა — 64 ამბავი

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი იძულებული გახდა, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში კი, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გმირის ხსენება სასტიკად იკრძალებოდა.

1988 წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებასთან ერთად, კვლავ გაჟღერდა მისი სახელი, მიტინგებზე გამოჩნდა მისი პორტრეტიც. 64 წლის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში ამ სახით „დაბრუნდა“. ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ ამბავთა რაოდენობა.

ქრონოლოგიურად დალაგებულ ამბებში მკითხველი თვალს მიადევნებს ჩოლოყაშვილის განვლილ გზას საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყებიდან მისი ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებამდე.

რუსეთ-საქართველოს ომი

100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა.

საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.

ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

Xbox PC Game Pass მალე NVIDIA GeForce NOW-ზე იქნება ხელმისაწვდომი

იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი — Mazda CX60 საქართველოშია