in

„კამპანიის აგრესიულობა განაპირობა პრობლემის აგრესიულობამ“ – როგორ გაგრძელდება შსს-ს კამპანია #მეტისიცოცხლისთვის?!

დამტვრეული და ამობრუნებული მანქანების დროებითი ინსტალაციები, როგორც გაირკვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის #მეტისიცოცხლისთვის ნაწილია. დღეს რამდენიმე ვიდეორგოლიც გავრცელდა და შსს-ს სტრატკომის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის საბა ჯიქიძის თქმით, ამით მხოლოდ კამპანიის ერთი ნაწილი დასრულდა – 1 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება. ქალაქის სხვადასხვა უბანში ამ ავტომობილების გამოჩენას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საბა ჯიქიძე ამბობს, რომ კამპანიის აგრესიულობა თავად პრობლემის სიმწვავემ და აგრესიულობამ განაპირობა: 

bog
bog-mob

 

 

საბა ჯიქიძე: საქართველოს საგზაო უსაფრთხოებაში არსებული სიტუაცია, წლებია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს – 2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 6 608 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დაღუპულთა შორის 325 პირი 16 წლამდე ასაკის მოზარდი იყო, 1 105 პირი, 17-25 წლის ახალგაზრდა. მესმის, რომ ადამიანის სიცოცხლეზე სტატისტიკის ენით საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სრული მასშტაბით აღიქვას პრობლემის სიმწვავე. წლების განმავლობაში სახელმწიფო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა აღნიშნულ გამოწვევასთან საბრძოლველად, იქნებოდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები თუ პრაქტიკული ღონისძიებები. თუმცა, თუ არ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემისადმი, თუ თითოეულმა მოქალაქემ არ გაიაზრა ამ გამოწვევის სიმწვავე და მისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ცალკეულ სამინისტროს ძალიან გაუჭირდება. სანამ ვიფიქრებთ, რომ ეს პრობლემა სხვას ეხება და არა მე – მე ეს არ დამემართება, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით 1 წამში შეიძლება ამოტრიალდეს ჩვენი ცხოვრება, დასრულდეს სიცოცხლე და ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალოს, ამ პრობლემის მასშტაბები ვერ შემცირდება. ამიტომ, აუცილებელი იყო გაგვეკეთებინა, ისეთი რამ, რაც ყველას ყურადღებას მიიპყრობდა და თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდა, თუ რა ტრაგიკული შედეგი მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შესაბამისად, ყველა ადამიანმა, ვინც სოციალური ქსელით ან სხვაგვარად ჩვენი კამპანიის ელემენტებს გამოეხმაურა, თუნდაც კრიტიკით, რეალურად მონაწილეობა მიიღო კამპანიაში და ხელი შეუწყო იმ “BUZZ”-ის გამოწვევას, რისი მოლოდინიც წინასწარ გვქონდა. პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანიც ეს იყო – ყველა, ნეგატიურ თუ პოზიტიურ ჭრილში, დავაფიქროთ ამ პრობლემის სიმწვავეზე

 

M: რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?

ს.ჯ. : პრობლემა მწვავეა, მოგვარების გზები კომპლექსური და რთული, თუმცა, სათქმელი კონკრეტული – ნუ ამოატრიალებ საკუთარ ცხოვრებას! ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას და არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. ამისათვის ჩვენგან ზედმეტი ძალისხმევა არ არის საჭირო, უბრალოდ თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები. 

M:რაც შეეხება კამპანიის მთავარ მიზანს . . . 

ს.ჯ. : სამწუხაროდ, საქართველოში, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მხრიდან არ არის სათანადოდ აღქმული, თუ რამხელა პრობლემაა საგზაო უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა – 459 დაკარგული სიცოცხლე მხოლოდ 2018 წელს. შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების კამპანიით, საქართველოს თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქროთ პრობლემის მასშტაბურობაზე და გვინდა, რომ ყველამ გაითავისოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარების პროცესში – ცვლილება ყველა ჩვენგანში უნდა დაიწყოს. 

 

M: რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კამპანიამ?

ს.ჯ. :  ყველა საკომუნიკაციო კამპანიის მიზანი, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში, სხვადასხვა საკითხის მიმართ დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილებაა. ცალსახად, შედეგი მიღწეული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, როცა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირდება და ფატალური შედეგების მინიმუმამდე დაყვანას შევძლებთ. ცხადია, იმის ილუზია არ გვაქვს, რომ პრობლემის მოგვარება დროის უმოკლეს მონაკვეთში შესაძლებელია, თუმცა სამინისტროს მიერ დაგეგმილი საგზაო უსაფრთხოების გეგმა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდება. 

M: საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავად კამპანიის ფორმას. რამდენად ეფექტური იქნება ასეთი აგრესიული კამპანია?

ს.ჯ. : გვესმის, რომ ეს უარყოფით ემოციებს იწვევს და გარკვეულწილად ეს იყო ჩვენი მიზანი, რადგან, თითქოს, ყველას გვესმის პრობლემის სიმძიმე, ბევრს ვსაუბრობთ მასზე, ვწუხვართ, თუმცა, ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, რეალურად რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოს გზებზე, 10 წლის განმავლობაში, 6608 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 1 მლნ. მოსახლეზე ავარიების რაოდენობით საქართველოს, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, უშუალოდ ჩვენს რეგიონში. კამპანიის აგრესიულობა განაპირობა პრობლემის აგრესიულობამ. არსებობს ასეთი ინგლისურენოვანი გამოთქმა “extraordinary times need extraordinary measures”, სწორედ ამიტომ დაგვჭირდა ნეგატიური კომუნიკაციის სრული სიმძაფრით გამოყენება.

 

M: ამ თემაზე საკომუნიკაციო კამპანია გაგრძელდება? 

ს.ჯ. : საკომუნიკაციო კამპანია 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს მასშტაბით, ამოტრიალებული მანქანების ინსტალაციები, რა თქმა უნდა დროებითია და პროცესის პირველ ეტაპზე იყო საჭირო. დღეიდან იწყება აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია 360 გრადუსით გაიშლება.

 

სურნელის ძალა თანამედროვე ბიზნესში

გუნდის წევრებისგან შეუძლებელს ხომ არ ითხოვთ?