16
Apr
2019

როგორ აფასებენ შსს-ს კამპანიას #მეტისიცოცხლისთვის?!

16 Apr 2019

საკომუნიკაციო კამპანია #მეტისიცოცხლისთვის გრძელდება. როგორც შსს-ში ამბობენ, 1 წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. რამდენიმე დღის წინ, თბილისის ქუჩებში დამტვრეული და ამოტრიალებული მანქანების გამოჩენას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა – ბევრისთვის ასეთი აგრესიული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა, ნაწილი კი თვლის, რომ ინსტალაციები ზუსტად ეხმიანება კამპანიის მიზანს. 

ერთ – ერთი, ვინც ამ საკითხზე სოციალურ ქსელში მოსაზრება დააფიქსირა და მასალა მოამზადა, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გიორგი დიასამიძე იყო: 

გიორგი დიასამიძე

„დილით, სამსახურში წასვლამდე, სოციალურ ქსელში ვნახე ბოძზე დარჭობილი ამოტრიალებული მანქანის ერთი სურათი. წარმოუდგენელი სიზუსტის დაუმაგრებიათ და ვიფიქრე, ფოტოშოპი იქნებოდა. თუმცა, სამსახურში მიმავალს, ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ნამდვილად ნახა ეს ავტომობილი და კიდევ ერთი მსგავსი „ავარია“ თბილისის სხვა უბანში. არც მას უკვირდა ავარია და არც მე, რადგან უკვე მივეჩვიეთ, რომ ყოველდღე ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და იღუპებიან ან შავდებიან ადამიანები. მალევე გამოჩნდა სხვა ფოტოებიც და ყველანი მივხვდით, რომ აღნიშნული ინსტალაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მერიის კამპანიის ნაწილი იყო, თუმცა ამას ოფიციალურად არ გვიდასტურებდნენ. პრობლემის სიმწვავეს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკაც მოწმობს, რომელიც კამპანიის ფარგლებში დღეს წარადგინა შსს-მ. ამ ციფრებში ძალიან ბევრი საკუთარი ახლობელს და მეგობარს ხედავს, მათ შორის, მეც. ჩემი ძალიან დიდი ტკივილია 17 წლის თორნიკე, რომელიც სამი წლის წინ შეეწირა ავტოსაგზაო შემთხვევას. ყოველ ჯერზე, როდესაც ავარიაში დაღუპულ მოზარდებზე ვრცელდება ინფორმაცია, სულ ჩემი პატარა ბიძაშვილი და მისი კეთილი სახე მახსენდება… ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა ან არ მომეწონა შსს-ს სოციალური კამპანია, თუმცა, თუკი ეს მიზანმიმართულია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაზე და მცირედით მაინც გაგვიზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე დღით რომ დაეტოვებინათ ბოძებზე დამაგრებული ამობრუნებული ავტომობილები ქუჩებში, პირადად ჩემს გაღიზიანებას არ გამოიწვევდა. სჯობს, დროებით, ხელოვნურად ამოტრიალებულ მანქანებს ვუყუროთ და კარგად დავფიქრდეთ, ვიდრე საკუთარი ან სხვისი უპასუხისმგებლობით რეალურად ამოტრიალდეს ჩვენი ცხოვრება. ამას შეიძლება დადებითი კუთხითაც შევხედოთ, რადგან კამპანიის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა და გაცილებით მეტი ადამიანი დაინტერესდა იმით, თუ რაში იყო საქმე“. 

კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ლეფსვერიძე ამბობს, რომ მითქმა – მოთქმის გამომწვევ კამპანიებს თავისი ადგილი აქვს და როგორც წესი, პრობლემის მიმართ ცნობადობის გაზრდას ემსახურება. თუმცა, მისი აზრით, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს:

ლევან ლეფსვერიძე

ლევან ლეფსვერიძე: ვერ გეტყვით, რამდენად  ეფექტურად მოაგვარა პრობლემა (მეც მაინტერესებს), თუმცა, ფაქტია რომ  საზოგადოებაში მითქმა – მოთქმა გამოიწვია.  ხალხმა ამაზე საუბარი დაიწყო. მითქმა – მოთქმის გამომწვევ კამპანიებს თავისი ადგილი აქვს და პრობლემის ცნობადობის გაზრდას ემსახურება ხოლმე. რასაც, მეორე ეტაპად უკვე კონკრეტული მითითებები ან ქმედებები მოსდევს. ანუ, ერთია – შემახსენეს პრობლემის არსებობა და მეორეა – გასაგებად ამიხსნეს „ახლა მე რა ვქნა”, როგორ შევცვალო ქცევა?! ალბათ, ამ შემთხვევაშიც ვიხილავთ კამპანიის მეორე ეტაპს, უკვე კონკრეტული მითითებებითა და აქტივობებით. რაც შეეხება კრეატიულობას, გასაგებია რომ არაფერი ორიგინალური ან ახლებური ამ კამპანიაში არ არის. ბევრჯერ გვინახავს დამტვრეული მანქანების გამოფენის იდეა. იმედია, მეორე ეტაპზე უფრო „ცინცხალ“ იდეებს ვნახავთ.

პიარკომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე კი თვლის, რომ საკომუნიკაციო აქტივობის არაერთგვაროვანი შეფასება ბუნებრივია. მისი აზრით, მთავარია, როგორ გაგრძელდება კამპანია.  

კახა მაღრაძე

კახა მაღრაძე : ძალიან ცოტა გაკეთებული საქმე მინახავს და გამიგია ისეთი, რომელიც ყველას მოეწონება. აუდიტორიის არაერთგვაროვანი რეაქცია, მათ შორის საკომუნიკაციო აქტივობებზე, ბუნებრივია. ამაზე თავიდანვე ყველა უნდა შევთანხმდეთ. აქედან გამომდინარე, ვიღაცას მოეწონებოდა, ვიღაცას ნაკლებად და შესაძლოა, ვიღაც, საერთოდ, ინდიფერენტულად შეხვედროდა ამ საკითხს. მთავარი არის ის შედეგები, რაზეც ორიენტირებულია კამპანია. ცხადია, ამ ინსტალაციებს სხვა მიმართულებითაც უნდა მოჰყვეს აქტივობები. კარგია, რომ შსს-მ რაღაც გააკეთა. ახლა ეს როგორ იმუშავებს და მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს, ყველა ჩვენგანის დაკვირვების საგანი უნდა იყოს და სავარაუდოდ, თვითონაც ასე უყურებენ ამ საკითხს. თავისთავად, რომ აჟიოტაჟი ატყდა და საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია ამ ინსტალაციებს, ეს უკვე კარგი სასტარტო პოზიციაა, ახლა მთავარია, როგორ გაგრძელდება კამპანია. რეალურად აისახება თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და შესაბამისად, შედეგების შემცირებაზე. 

 

განხილვა