in

ირაკლი „ბასკი“ ასათიანი Miami Ad School-მა საუკეთესო სტუდენტად აღიარა!

ირაკლი „ბასკი“ ასათიანი Miami Ad School-ის საუკეთესო სტუდენტი გახდა! ირაკლი რამდენიმე წელია სარეკლამო სფეროში მოღვაწეობს, ის არის Young Lions Georgia 2016-ის გამარჯვებული Print-ის კატეგორიაში და ABK-ს კოპირაითერი. Miami Ad School 1993 წლიდან არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს 14 სარეკლამო სკოლა სხვადასხვა ქვეყანაში, მისი კურსდამთავრებულები კი პლანეტის ყველაზე დიდი სარეკლამო ჯილდოების მფლობელები არიან. რა კრიტერიუმების გათვალისწინებით გახდა ირაკლი (ბასკი) ასათიანი Miami Ad School-ის საუკეთესო სტუდენტი, რა პერსპექტივებს უჩენს ქართველ კოპირაითერს აღნიშნული წარმატება და აპირებს თუ არა ის საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელებას – ამ საკითხებზე მარკეტერი ირაკლი ასათიანს ესაუბრა:

bog
bog-mob

M: Miami Ad School-მა დაგაჯილდოვათ, როგორც საუკეთესო სტუდენტი.. რა კრიტერიუმები დააკმაყოფილეთ ამისთვის და რა პერსპექტივებს გიჩენთ ეს ფაქტი?
განსაკუთრებით რთულია ამ ჯილდოს მოპოვება კოპირაითერებისთვის. საუკეთესო სტუდენტის ჯილდოს იგებს ის, ვისაც ყველაზე მაღალი ჯამური ნიშნები აქვს არსებულ ოთხ სემესტრს შორის. თანაც, ეს ბოლო შესაძლებლობა იყო ამ ჯილდოს მოგების, რადგან ეს ჩემი ბოლო სასწავლო სემესტრია. ეს ჯილდო დამეხმარება იმაში, რომ სხვადასხვა სარეკლამომ ამიყვანოს სტაჟირებაზე და უბრალოდ, კარგია CV-სთვის, მაგრამ, სიმართლე რო’ (იგივე “რომ” ბასკურად) ვთქვათ, კიდევ ბევრი უფრო მნიშვნელოვანი ჯილდო რჩება მოსაგები. ახლა სწავლის ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება, როდესაც  მსოფლიოს წამყვან სარეკლამოებში სტაჟირებებზე გვაგზავნიან.


M: როგორი იყო თქვენი Miami Ad School-ში სწავლასთან დაკავშირებული მოლოდინები და რამდენად მართლდება ისინი?
მქონდა მოლოდინი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთი რთული არა. პირველ სემესტრში, ფაქტობრივად, ჩაჭრასთან ახლოს ვიყავი საგნების უმეტესობაში. ყოფილი სტუდენტები მირჩევდნენ, ერთი სემესტრი დამესვენა და მერე დავბრუნებულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე მიმეყვანა საქმე. ვისწავლე Photoshop და Illustrator ნულიდან, აღმოვაჩინე, რომ არცთუ ისე ცუდად ვხატავ და საერთოდ, კიდევ ბევრი რამ აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, Miami Ad School გეხმარება უნარ-ჩვევების განვითარებაში, შემდეგ კი, უკვე შენზეა დამოკიდებული ამ უნარებს სარეკლამო სფეროში გამოიყენებ თუ სადმე სხვაგან. მინახავს ბევრი სტუდენტი, რომელიც შემდგომ ცნობილი ფოტოგრაფი ან მუსიკალური ვიდეოკლიპების რეჟისორი გახდა.

M: მოგვიყევით, როგორ ფორმირდებოდა თქვენი ინტერესი სარეკლამო სფეროს მიმართ და რა გზა გაიარეთ ABK-დან Miami Ad School-ამდე?
სიმართლე რომ ვთქვა, სარეკლამო სფეროს მიმართ ინტერესი დასაწყისში საერთოდ არ მქონდა. ჩემი ბენდისა და მუსიკის გარდა არაფერი მაინტერესებდა. ერთხელ, ნინო ლიპარტელიანის (GIPA) დამსახურებით მოვხვდი Ad Black Sea-ს პერსონალს შორის და საფესტივალო ნამუშევრების კედელზე გაკვრის დროს მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო. ყველაფერი ჩქარა მოხდა. ყოველგვარი გამოცდილების გარეშე ამიყვანეს ABK-ში კოპირაითერად, რაც Bruce Lee-ს დიდი დამსახურებაა. ABK-ს სახელით მე და ლევან მელიქიშვილი გავედით Cannes young lion-ის შესარჩევზე და მოვიგეთ ოქრო Print-ის კატეგორიაში. ჟიურის წევრებს შორის მაშინ Miami Ad School-ის დირექტორი იყო. ოქროს მოგების შემდეგ, დირექტორს მივწერე წერილი, თან დავურთე გიორგი პოპიაშვილის რეკომენდაცია და მივიღე სტიპენდია. დღეს Miami Ad School-ის სტუდენტი ვარ.

M: თქვენს პროფესიულ გეგმებში თუ შედის საქართველოში მოღვაწეობა?
საქართველოში მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, შედის ჩემს გეგმებში, მაგრამ დაბრუნება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც საზღვარგარეთ უკვე შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიე. ჩემი მაქსიმუმი კი ჯერ მხოლოდ ეს ოქროსფერი პლასტმასის პუდელია, რომელზეც წერია – საუკეთესო სტუდენტი.

Paint-ში უკვე 3D ნახატების შექმნაც შეგიძლიათ! – Microsoft-ის ვიდეორგოლი

პოლიმერული თიხის ხელნაკეთი პერსონაჟები ჭიქებზე – ZOLEBI