სარეკლამო სფერო დინამიკური ცვლილებების ზღვარზე დგას. წლების განმავლობაში, სარეკლამო სკოლის კურსდამთავრებულები ინდუსტრიაში ტრადიციული უნარებით შედიოდნენ – ტექსტების წერა, ვიზუალური მიმართულების განსაზღვრა და დიზაინი. დღეს კი ახალი რეალობა იკვეთება: ხელოვნური ინტელექტის ფლობა აუცილებელ კომპეტენციად იქცევა.
მომავალი სემესტრიდან წამყვანი სარეკლამო სკოლები – Miami Ad School, Brandcenter ვირჯინიის უნივერსიტეტში და ლონდონის კომუნიკაციების სკოლა (SCA) – აქტიურად დანერგავენ AI-ზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს. ეს ნაბიჯი განპირობებულია სამუშაო ბაზრის ფუნდამენტური ცვლილებებით, სადაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ როლს თამაშობს.
Wall Street Journal-ის მონაცემებით, დამწყები სპეციალისტების დასაქმების ბაზარზე უკვე იგრძნობა AI-ის გავლენა. როდესაც ქვეყნის საერთო უმუშევრობის დონე 4%-ს შეადგენს, ახალკურსდამთავრებულთა შორის ეს მაჩვენებელი 6.6%-მდე იზრდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ტენდენცია სარეკლამო სფეროში, სადაც ADWEEK-ის ცნობით, ახალგაზრდა კადრების რაოდენობა მკვეთრად მცირდება AI-ის რუტინულ სამუშაო ინსტრუმენტად ქცევის პარალელურად.
ინდუსტრიის აჩქარებული ტრანსფორმაცია სარეკლამო სკოლებს აიძულებს სწრაფად გადააფასონ თავიანთი მიდგომები. Brandcenter-ის ხელმძღვანელი ვან გრეივსი აღნიშნავს, რომ ინდუსტრია უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება და განათლების სფერო ვალდებულია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით აუწყოს მას ფეხი.
ამერიკის შრომითი ბაზრის სტატისტიკა მიუთითებს, რომ 25 წლამდე ასაკის დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, ხელოვნური ინტელექტის ფაქტორის უგულებელყოფა შეუძლებელია.
თანამედროვე სარეკლამო სკოლები 90-იან წლებში გაჩნდა, როდესაც სააგენტოებმა შეამცირეს ადგილზე სწავლების პრაქტიკა. Miami Ad School (1993) და Creative Circus (1995) გახდნენ პიონერები, რომლებიც სთავაზობდნენ სტუდენტებს ინტენსიურ მომზადებას და პორტფოლიოს შექმნის უნარებს დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ სარეკლამო სკოლებს ევოლუციის აუცილებლობა დაანახა. Miami Ad School-მა უკვე დანერგა 10-კვირიანი ინტენსიური კურსი – „AI კრეატორებისთვის“, სადაც სტუდენტები სწავლობენ AI ინსტრუმენტებით მუშაობას და საბოლოოდ AI-ზე დაფუძნებულ სარეკლამო კამპანიას ქმნიან.
წყარო: Adweek











