როგორაა შესაძლებელი ათწლეულების განმავლობაში შექმნილი კრეატიული კულტურა ჯიბის ზომამდე შევამციროთ? – მარტივად, ის უბრალოდ თამაშად უნდა იქცეს. Miami AD School-მა და Innocean Berlin-მა ეს მოახერხეს. მათ ერთობლივად შექმნეს ბანქო, რომელზეც კრეატიული ინდუსტრიის 32 დიდებული იდეაა აღბეჭდილი. Game Changers – ასე ეწოდება თამაშს, რომლის მიზანიც ერთი მხრივ შემეცნებითია, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდების შთაგონებაზეა ორიენტირებული.
თამაშის შემქმნელებმა, ბანქოზე დასატანი იდეების შესარჩევად M.AD School-ის კურსდამთავრებულებს, ენდრიუ კელერსა (ფეისბუქის კრეატივისა და ექსპერიმენტების მიმართლების ვიცე-პრეზიდენტი) და მენო კლუინს (მთავარი კრეატიული ოფიცერი Dentsu Creative-ში) მიმართეს. მათ დაასახელეს იდეები, რომლებიც სტუდენტმა პირველი სამსახურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იცოდეს. თითოეული ბანქო პირდაპირი ხმის მიცემის სესიაზე, მთელი მსოფლიოდან სამასზე მეტმა M.AD სტუდენტმა შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეაფასა: დღეს შეუძლია გრანპრის მოგება, ქცევის შემცვლელია, ბრენდის სამშენებლო მასალაა, გაუზიარებდით მეგობარს, ეკუთვნის MOMA-ს (Museum of Modern Art).
შეფასებით მინიჭებული ქულების ერთობლიობა, თამაშში ბანქოს სიძლიერეს განსაზღვრავს. წესები მარტივია. მონაწილეებს თანაბარი რაოდენობის ბანქო ურიგდებათ, რომლებსაც მიყოლებით ჩამოდიან. სტანდარტულად, მაღალი ქულების მქონე ბანქო ჭრის დაბალს და საბოლოოდ იგებს ის, ვინც ყველაზე მეტს წაიღებს.
ბანქოში წარმოდგენილია კრეატიული ინდუსტრიის ისეთი კლასიკა, როგორიცაა Volkswagen “Lemon”, Levis “Odyssey” ან Apple “1984”. ასევე, შეხვდებით ისეთ სააგენტოებს, როგორიცაა BBH, Wieden & Kennedy და AMV.
Innocean Berlin-მა შექმნა ვებგვერდი, სადაც ბანქოზე დატანილ ყველა იდეას და მათ შესაბამის კომპანიებს იხილავთ. Game Changers-ის ოფიციალური წარდგენა, ვირტუალური გამოფენის ფორმატში, 2022 წლის 3 თებერვალს გაიმართა.