გიორგი ურუშაძე Miami Ad School Berlin-ისა და Miami Ad School Hamburg-ის სოციალური მედიის მენეჯერი გახდა. რამდენიმე თვის წინ, ბერლინის ფილიალში სასწავლებლად გაემგზავრა, ახლა კი თანამშრომელთა გუნდს შეუერთდა. Edulab.Ge-ის თანადამფუძნებელი, GIPA-ს ლექტორი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის უკვე ყოფილი მედია მენეჯერი ახლა შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი სკოლის 2 წარმომადგენლობის სოციალური მედიის გვერდებს მართავს.

„2 თვეა, რაც სწავლა Miami Ad School-ის ბერლინის ფილიალში, Art direction-ის მიმართულებით დავიწყე. თუმცა, მანამდე, საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსება მოვიპოვე, რაც აქ სწავლის სრულ დაფინანსებას გულისხმობს, თორემ, ნამდვილად ვერ შევძლებდი საფასურის გადახდას. რაც შეეხება ახალ ამბავს, ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტში მენეჯმენტს ვესაუბრე. ასე თქვათ, უკეთ გამიცნეს და მოისურვეს, ჩემთვის რამე შემოეთავაზებინათ. ეს, ერთი მხრივ, გამიადვილებდა ბერლინში ცხოვრებას და მეორე მხრივ, ზუსტად მოერგებოდა ჩემს კარიერას – სწავლის დაწყებამდე, საქართველოს პირველი არხის ახალი მედიის სამსახურის უფროსი ვიყავი და ამ მიმართულებით გამოცდილება მქონდა. შემომთავაზეს, ვმართო Miami Ad School-ის ბერლინისა და ჰამბურგის [წარმომადგენლობების] სოციალური მედიის გვერდები. ასე ვთქვათ, სოციალური მედიის მენეჯერი გავხდი. ასე რომ, სწავლასთან ერთად, ჩემ საქმესაც გავაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ამ ამბით ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ჩემს მიმართ უდიდესი ნდობა გამოხატეს. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენო. ხაზი უნდა გავუსვა, რომ არ ყოფილა რაიმე ვაკანსია გამოცხადებული, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა.“

სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთო. ამბობს, რომ ეს შეთავაზება, მისთვის, შანსთან ერთად, დიდი დახმარებაც იყო.
„საოცარი სკოლაა. სწორედ ამიტომ ავარჩიე, მაგრამ სწავლის დაწყების შემდეგ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის სკოლა, რომელიც შანსს გაძლევს, აკეთო ის, რაც გულით გინდა“.
Miami Ad School შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც არტ დირექტორის, კოპირაიტერის, გრაფიკოს-დიზაინერისა და ფოტოგრაფის პროფესიას ეუფლებიან. მისი წარმომადგენლობები ამერიკისა და ევროპის მასშტაბით 15 სხვადასხვა ქალაქშია. აქედან, გიორგი ურუშაძე, ორი ფილიალის, ბერლინისა და ჰამბურგის გუნდს შეუერთდა.











