in

თუ ქოფირაითინგი გაინტერესებს, Miami Ad School-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით შეგიძლია სწავლა

თუკი Miami Ad School Europe-ში ქოფირაითინგის სრული დაფინანსებით სწავლა გაინტერესებთ, იჩქარეთ – აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია. ეს არის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც Miami Ad School Europe-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. მას უკვე ჰყავს სამი გამარჯვებული, რომელთაც წელს კიდევ ერთი სტიპენდიატი შეუერთდება. პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ მოიპოვოთ საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის 100%-იანი დაფინანსება და ისწავლოთ Art Direction-ის და Copywriting-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე.

Miami Ad School-ში სწავლა კრეატიული ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენლის ოცნებაა. ესაა საერთაშორისო სკოლა, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის პრაქტიკოსების გამოცდილებას, აძლევს ცოდნას სტუდენტებს და სწავლის პროცესშივე ეხმარება კარიერულ თვითრეალიზაციაში. სკოლა მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, სტრატეგიული იდეები, ქოფირაითინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტოხელოვნება და სხვა.

ქოფირაითინგის პორტფოლიო პროგრამაზე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის ჟიურის წევრი, სააგენტო JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი ეკა ყიფიანი გვესაუბრა.

M: რას ისწავლის სტიპენდიატი Miami Ad School-ში ქოფირაითინგის მიმართულებაზე?

ეს არის პორტფოლიო პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ სწავლის დასასრულს სტუდენტს სრულყოფილი პორტფოლიო ექნება. ამ ხნის განმავლობაში, სტუდენტი სწავლობს იდეების გენერირებას, ამბის თხრობას ნებისმიერ მედიუმში, ვერბალურ და წერით კომუნიკაციას. არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდურობა, რადგან უმრავლესობა მეწყვილე არტ-დირექტორთან ერთად მუშაობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება – სწავლის პროცესშივე, სტუდენტები სხვადასხვა საერთაშორისო შემოქმედებით სააგენტოში გადიან სტაჟირებას.

M: რა პერსპექტივას ქმნის სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტისთვის?

ხშირად Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები მსოფლიო დონის სააგენტოებში იწყებენ მუშაობას, რაც ვფიქრობ, მთავარი პერსპექტივაა სტუდენტისთვის. მეორე მხრივ, ესაა სარეკლამო ინდუსტრიაში თავით გადაშვება, თვითგამორკვევა საკმაოდ მოკლე ვადაში. ერთი მხრივ, ძალიან დიდ გამოცილებას იძლევა საზღვარგარეთ მუშაობა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ასეთი ადამიანები ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში დიდ ძალას წარმოადგენენ. მათ შემოაქვთ სასარგებლო კომპეტენციები, სამუშაო ეთიკა, გამოცდილება და კონტაქტები. არაერთი მათგანი ჯილდოებითაც კი დაბრუნდა. თუკი, ბევრისთვის ჩვეულებრივი, სამუშაო გამოცდილება სასწავლების დასრულების შემდეგ იწყება, აქ გამოცდილებას პირდაპირ იძენ.

M: ამ წლების მანძილზე, არაერთ ქართველს უსწავლია Miami Ad School Europe-ში. როგორ აისახა ეს ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაზე?

ერთი მხრივ, ადამიანები, რომლებმაც ევროპულ სააგენტოებში დაიწყეს მუშაობა, ქართველი კრეატორებისთვის არიან ერთგვარი ხიდი. მეორე მხრივ, ისინი, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან, წამყვან პოზიციებზე იწყებენ მუშაობას და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან თავის დროზე, ამ ინდუსტრიის საწყისებთან იყვნენ თვითნასწავლი ადამიანები, რომლებსაც პროფესიული ცოდნა არ ჰქონდათ და გზადაგზა უწევდათ გარკვევა. ახლა კი, ჩნდება ახალი თაობა, კონკრეტული კომპეტენციითა და ხედვით.

M: ყველაზე მეტად ვისთვისაა ეს სასტიპენდიო პროგრამა საინტერესო?

ცალსახად მათთვის, ვისაც კერძო სექტორში და განსაკუთრებით, სარეკლამო ინდუსტრიაში უნდა მუშაობა. ამასთან, გამოცდილება სულაც არ არის გადამწყვეტი. ესაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც კრეატიული სფეროსადმი აქვს ინტერესი. ხშირად, ჰგონიათ, რომ კონკურსი უფრო მეტად არტ დირექტორებისთვისაა, არადა ქოფირაითერები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და უმნიშვნელოვანესია მათი პროფესიული ზრდა, რომ ახლებურად მიაწოდონ სათქმელი აუდიტორიას.

სასტიპენდიო კონკურსისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმდენად კარგი კონტინგენტი მონაწილეობს, რომ ბევრად გართულდა გამარჯვებულების შერჩევა. ვფიქრობ, მთავარია შემოქმედებითობა. აქ შეფასდება არა მარტო გამოცდილება, არამედ იდეები.

აქვე შეგახსენებთ, სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის, უნდა  გაგზავნოთ საკუთარი CV, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო ამ ელ.ფოსტაზეinfo@miamiadschool.deსაბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. განაცხადების მიღება დაწყებულია და ის 25 ივლისს დასრულდება.

Absolut Vodka-მ ქაღალდის ბოთლები გამოუშვა

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა