27
Sep
2019

თბილისში Miami Ad School იხსნება?

27 Sep 2019

თბილისი საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებლის, Miami Ad School-ის შემოსვლისთვის ემზადება. პროექტზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და შესაძლოა, სულ მალე, Miami Ad School-ის თბილისურმა სკოლამ პირველი სტუდენტებიც მიიღოს. უკვე ფუნქციონირებს ქართული ვებგვერდი www.miamiadschool.ge, სადაც სასწავლო პროგრამის გავლის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ და სიახლეების შესახებ პირველებმა გაიგონ. წინასწარი ინფორმაციით, სწავლის ფორმატი კომბინირებული იქნება, ისევე, როგორც ეს სკოლის სხვა ფილიალებშია. სტუდენტების მიღება იმავე პრინციპით მოხდება, როგორც ამას სკოლის საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს. პროგრამა ორწლიანია. სწავლას Miami Ad School-ის სტუდენტები თბილისში დაიწყებენ, შემდეგ კი გერმანიაში განაგრძობენ, გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოში, მეორე წლის დასასრულს კი კვლავ თბილისის სკოლას დაუბრუნდებიან, ადგილზე მიიღებენ გამოცდილებას და შექმნიან საკუთარ პორტფოლიოს.

გიორგი პოპიაშვილი, Miami Ad School-ის წარმომადგენელი საქართველოში: “საქართველოში, ამ დროისთვის, სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც Miami Ad School-ში ისწავლა და აქ ჩამოვიდა. სიმცირის მიუხედავად, ამ ადამიანებმა თავიანთი გავლენა უკვე იქონიეს ინდუსტრიის განვითარებაზე. შესაბამისად, აქაურ სკოლაში სწავლა გაცილებით მეტ ადამიანს მისცემს ამის საშუალებას და ცვლილებაც საგრძნობი და თვალსაჩინო იქნება. ამ დროისთვის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, პირველ სტუდენტებსაც მივიღებთ.”

განხილვა