in

„მადლობა ჩვენს პირველ სტუდენტებს, რომ ნდობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს!“ – Miami Ad School Tbilisi-ში სწავლა დაიწყო

5 ოქტომბერს, Miami Ad School Tbilisi-ში სწავლა დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ქართული ფილიალის სულ პირველი ნაკადი, ანუ 11 სტუდენტი შეძლებს, 2 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ უცხოელი ლექტორების ჩართულობით, სარეკლამო სფეროში საერთაშორისო დონის გამოცდილება მიიღოს.

bog
bog-mob

ემოციურად, ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა მინდა, გადავუხადო თავისუფალ უნივერსიტეტსა და თიბისის, ვინც უშუალოდ, წამომყვნენ ამ ინიციატივაზე და იმ ადამიანებსაც, რომლებიც არ ჩანან, თუმცა კი გადამწყვეტი როლი ითამაშეს, ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო. რაც მთავარია, მადლობა ჩვენს პირველ სტუდენტებს, რომ ნდობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს Miami Ad School Tbilisi-ს რეალობად ქცევაში, – გიორგი პოპიაშვილი, MASE-ს წარმომადგენელი საქართველოში. 

სტუდენტები პირველი 2 კვარტალი თბილისში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ისწავლიან, შემდეგ კი, აპრილში, მე-3 და მე-4 კვარტალში, სასწავლად Miami Ad School Europe-ში – გაემგზავრებიან. მე-5 და მე-6 კვარტალში, სტაჟირებას Miami Ad School Europe-ის საერთაშორისო პარტნიორ სააგენტოებთან შეძლებენ. მე-7 კვარტალში საქართველოში დაბრუნდებიან და პრაქტიკულ გამოცდილებას, ამჯერად, უკვე ადგილობრივ სააგენტოებში მიიღებენ. პროგრამის ბოლო კვარტალში კი სტუდენტები თბილისის კამპუსში დაბრუნდებიან და მენტორთან ერთად შეკრავენ პორტფოლიოს.გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, თამარ ჭაბუკიანი, აკაკი რაზმაძე, გიო ქვლივიძე, ნინო თევდორაშვილი და ჯოი ჩაკრავორტი – ეს იმ ლექტორების ჩამონათვალია, რომლებიც ადგილობრივად მიიღებენ სტუდენტების სწავლებაში მონაწილეობას. რაც შეეხება იმ უცხოელი ლექტორების ჩამონათვალი, რომლებიც პროგრამის მონაწილეებს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ დახვდებათ, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

Miami Ad School-ის პროგრამა ძალიან პრაქტიკულია და ძირითადად, აქცენტი დავალებების შესრულებასა და შეფასებების მიღებაზე კეთდება როგორც ლექტორების, ისე სტუდენტების მხრიდან, ერთმანეთის ნამუშევრებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, სალექციო შეხვედრების გარკვეული დრო თეორიული ნაწილის გაზიარებასაც დაეთმობა. 

რაც შეეხება თვითონ MAST-ის სასწავლო სივრცეს, კახა ბენდუქიძის კამპუსში, სკოლისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ოთახში, ინტერიერის კედლის დეკორატიულ მხატვრობაზე ნიკა გუჯეჯიანი, Miami Ad School-ის სახე – ფლამინგო და სხვადასხვა დუდლია წარმოდგენილი.

გუჯეჯა ჩემი მეგობარი და კოლეგა იყო. ამ სკოლის გახსნა, მას დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. ნიკა დღესაც, ბევრ ადამიანს, მეც მათ შორის, აძლევს სტიმულს და ინსპირაციას, ამიტომ ძალიან მინდოდა, ნიკა რაღაც ფორმით, ნაწილი ყოფილიყო ჩვენი სკოლის. გარდა იმისა, რომ ნიკას მიურალი ჩემი პერსონალური ემოციური გადაწყვეტილების შედეგია, ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ის წარმატებული კურსდამთავრებულია და მგონია, კარგი მაგალითი იქნება მისი აქ ნახვა ჩვენი სტუდენტებისთვის. კედელზე, ასევე, იმ ქართველების სახელებია ჩამოწერილი, რომლებმაც სხვადასხვა დროს, Miami Ad School-ში ისწავლეს: მერი გიორგობიანი, გია ბოხუა, ბასკი, ლევანი, მე… ადგილი სკოლის მომავალი კურსდამთავრებულებისთვისაც დავტოვეთ, – გიორგი პოპიაშვილი

ინტერიერის კედლის მხატვრობა დანტესა და გამეზას ეკუთვნით.

კიდევ ერთხელ, რა პრობლემას ჭრის Miami Ad School-ის ფილიალის არსებობა საქართველოში და როგორ წარმოგიდგენიათ მისი როლი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე?
გიორგი პოპიაშვილი: „ესაა სკოლა, რომელმაც საკუთარი ისტორიითა და რეპუტაციით დაამტკიცა, რომ შემოქმედებით სფეროში, სტუდენტებისთვის, გამოცდილების მიღებისა თუ შემდეგ, მათი დასაქმების კუთხით, ძალიან დიდ როლს თამაშობს.

Miami Ad School Tbilisi კარგი საშუალებაა, საერთაშორისო დონეზე გამოცადო და განავითარო საკუთარი პროფესიული უნარები. პროგრამა მათთვისაც რელევანტურია, ვისაც ამ სფეროში საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია.

თბილისის ფილიალი, ფიზიკურად თუ ფინანსურად, პროგრამას ხელმისაწვდომს ხდის, არა მხოლოდ ადგილობრივი, ასევე, რეგიონული მასშტაბით, შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისათვის.

ვფიქრობ, რომ MAST-ს აქვს რესურსი, განავითაროს და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს ჩვენი სფერო, გააჩინოს უფრო მეტი ქართველი არტ-დირექტორი თუ ქოფირაითერი საერთაშორისო სააგენტოებში და რაც მთავარია, გახადოს თბილისი, სარეკლამო ინდუსტრიის მიმართულებით, რეგიონალური ჰაბი. აპრილიდან ვგეგმავთ, საერთაშორისო სტუდენტებიც მივიღოთ. პირველ ეტაპზე: თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან… სამომავლოდ, გვაქვს ამბიცია, სკოლა მიმზიდველი გავხადოთ სტუდენტებისათვის დასავლეთის ქვეყნებიდანაც“, – გვიხსნის გიორგი პოპიაშვილი

Miami Ad School Tbilisi-ში აპრილის ნაკადისთვის აპლიკაციების მიღება 2021 წლის თებერვალში დაიწყება. 

ავტორი: თიკა გეგენავა

19-23 ოქტომბერს, LIONS Live ბრუნდება!

„თეგეტა მოტორსი“ და BTU, ციფრული ტრანფორმაციის ინიციატივის ფარგლებში, აქტივობებს აანონსებენ