30
Nov
2018

ქართველი ხელოვანები მაიამის არტ ბაზრობაზე

30 Nov 2018

მაიამიში, ყოველწლიურ არტ ბაზრობას, წელს, ორი ქართველი ხელოვანი შეუერთდა. Project ArtBeat-ის მხარდაჭერით, 4-9 დეკემბერს, ისინი მთელი მსოფლიოდან შეკრებილ ასობით ხელოვანთან ერთად გამოფენენ თავიანთ ნამუშევრებს. გამოფენები “არტ ბაზელის” პარალელურად იმართება. შეგახსნებთ, რომ “არტ ბაზელი” თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების ბაზრობაა, რომელიც უკვე 48 წელია ყოველწლიურად ტარდება და მასზე მოხვედრას გალერეები, ზოგჯერ, რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობენ. ქართველი ხელოვანები წარდგებიან არტ ბაზრობებზე Untitled და Nada. აქვს დავძენთ, რომ Nada, იგივე New Art Dealers, გალერეების მიზნით შეიქმნა და არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. მაიამის არტ ბაზრობას სფეროთი დაინტერესებული უამრავი ადამიანი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. იმართება გამოფენები, იყიდება ნამუშევრები, ხელოვანებით სულ უფრო მეტი ახალი ადამიანი ინტერესდება… არტ ბაზრობა Untitled 4 დეკემბერს იხსნება, Nada – 6-ში, ხოლო ორივე გამოფენა 9 დეკემბრამდე გასტანს. დეტალებზე Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელს, ნათია ბუკიას, ვესაუბრეთ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

 

ნათია ბუკია

M: გვიამბეთ იმ ქართველ ხელოვანებზე, რომლებიც გამოფენებზე მონაწილეობენ…

Untitled-ზე მაია ნავერიანი წარდგება, ხოლო Nada-ზე – ქეთი კაპანაძე. ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მიღებული საზღვარგარეთ. მაია ლონდონში ცხოვრობდა და რამდენიმე წელია დაბრუნდა საქართველოში, ქეთი – გერმანიაში ცხოვრობს დღემდე. მაიას, ძირითადად, ქაღალდზე შესრულებული ნახატები აქვს. მის ნამუშევრებში ქვეცნობიერიდან წამოსული სიურრეალიზმი ჭარბობს, ასევე, ხშირად ეხმიანება პოლიტიკურ, სოციალურ და გენდერულ თემებს. რაც შეეხება ქეთის, ის პირველი კონცეპტუალური არტისტი იყო საქართველოში, 90-იანებში. მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ფოტოგრაფიას, მხატვრობას, ქანდაკებასა და მეტალსაც კი. სხვადასხვა პერფორმანსსაც აკეთებს ხოლმე. გამოფენაზე მაიას ნახატები და ქეთის ინსტალაცია მიგვაქვს.

M: რითაა მნიშვნელოვანი ასეთ ბაზრობაზე მონაწილეობა?

გარდა იმისა, რომ ნამუშევრები იყიდება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქ ჩადის, ფაქტობრივად, ამ სფეროში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი: კურატორები, მუზეუმების დირექტორები, პრესა… შესაძლოა, სხვა გამოფენებსა და ბიენალეებზე მიიწვიონ, მუზეუმების კოლექციაში მოხვდნენ…

M: როგორ მოხვდით ამ ბაზრობებზე?

იქ მოსახვედრად დიდი კონკურსია. აპლიკაცია გავაგზავნე, ნამუშევრებით, მხატვრის ბიოგრაფიითა და გალერეის შესახებ ინფორმაციით. შემდეგ, შეარჩიეს… დიდ ყურადღებას აქცევენ გალერეას, როგორ გამოფენებს ვაკეთებთ, ამიტომ ფოტომასალასაც ვგზავნი ხოლმე. ორივე გამოფენაზე მოხვედრა გალერეისთვისაც ბევრს ნიშნავს, ისევე, როგორც მხატვრებისთვის.


მაია ნავერიანი

მაია ნავერიანი: ,,ჩემი შემოქმედების ბოლო ათწლეულის ძირითადი ენა ნახატია. ნახატი (drawing) დიდი ხანია გაცდა ამ დისციპლინის ტრადიციული და სტერეოტიპული გაგების ფარგლებს და უზარმაზარი ვიზუალური ამპლიტუდის მქონე ავტონომიურ, თვითკმარ ენად ჩამოყალიბდა. ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს, იქნება ეს მცირე ფორმატზე ნიშნობრიობის უშუალო, სწრაფი დაფიქსირების დროს თუ დიდი ფორმატის ზედაპირის ურთულესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ათვისებისას, “დაპყრობისას”. მდგომარეობა, როცა სრული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური კონცენტრაცია და შინაგანი თუ გარე სივრცის გარინდებული გრძნობა აბსოლუტური აუცილებლობაა.
სწორედ ამ კონდიციაში შესვლისას მიჩნდება ის არარაციონალური ინტუიტიური “მინდობა”, რომელიც სხვა, ამოუცნობი სივრცის გადახსნის განცდას მიჩენს, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“.

მაია ნავერიანის ნამუშევრები აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის, Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი. არტისტი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.


ქეთი კაპანაძე

ქეთი კაპანაძის ნამუშევრები Norton and Nancy Dodge-ის მუდმივ ექსპოზიციაშია. ასევე საბჭოთა კავშირის არაკომფორმისტული ხელოვნების კოლექციაში Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ში, აშშ. 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საზღვარგარეთ The Sheffield City Polytechnic, the CCA, Contemporary Art Center, Glasgow, the BAK Swiss Federal Foundation, Berne, და the IAAB Christoph Merian Stiftung, Basel – ის დაფინანსებით. 1997 წელს მიიღო „ღია საზოგადოება საქართველოს“ პირველი ჯილდო ფოტოგრაფიაში. 1998 წლიდან იყო ქართული ჟურნალის, „სიგნალის“ რედაქტორი. 2000 წელს არტისტი Baumann Stiftung-ის დახმარებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, როგორც მოწვეული პროფესორი Johannes Gutenberg University-ში, მაინცი, გერმანია. 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის დაფინანსება პარიზში. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა Staatsgalerie State Stuttgart და the Museum Bochum.

განხილვა