2
Feb
2019

“სამსახურიდან წამოვედი, რომ “მიაუს” საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი განმევითარებინა”…

2 Feb 2019

Startauperi
Startauperi


ბავშვობაში ორ მეგობარს, ნინო ფრუიძესა და ნინო გორგაძეს, თოჯინებისთვის ხშირად შეუკერავთ კაბები. ბევრჯერ უოცნებიათ კიდეც, რომ ოდესმე საკუთარ ტანსაცმლის ხაზს შექმნიდნენ. დღეს, მათ საბავშვო ტანსაცმლის საკუთარი ბიზნესი აქვთ, სახელწოდებით “მიაუ”, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და მიაჩნიათ, რომ ადამიანს მონდომებითა და შრომით ბავშვობისდროინდელი ოცნებების ასრულება შეუძლიათ. ნინო გორგაძე პროფესიით ფინანსისტია, ნინო ფრუიძემ კი სტაბილურ სამსახურს დაანება თავი, რომ მთლიანად საკუთარი ბიზნესის ზრდაზე გადართულიყო:

“5 წლის განმავლობაში ჩემივე პროფესიით ვმუშაობდი ნიუტონის სკოლაში. იმის გამო, რომ ჩვემს ბრენდს სჭირდება უფრო მეტი ზრუნვა და ყურადღება, დავტოვე სამსახური და “მიაუ” ჩემს ძირითად საქმიანობად ვაქციე. ახლა უკვე ყოველდღიურად ვაკვირდები რა და როგორ იქმნება და შემდეგ მიდის ჩვენს პატარა მომხმარებლამდე.”

“მიაუ” სამოსს 3-9 წლის გოგონებისთვის ქმნის. თავდაპირველად, სამოსის საცდელი ვერსია იქმნება, რომელიც მომხმარებლის უკუკავშირის მიხედვით იხვეწება. საქმიანობა “მიაუმ” სოციალური ქსელიდან დაიწყო. ტანსაცმელი ინტერნეტით იყიდებოდა. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამფუძნებლებმა კომპანიის სტენდების გახსნა დაიწყეს. “მიაუს” ერთ-ერთ უპირატესობად დამფუძნებლები კონკურენტულ ფასსა და  ასახელებენ და თვლიან, რომ ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებას შეძლებენ. დეტალებზე “მიაუს” თანადამფუძნებელს, ნინო ფრუიძეს, ვესაუბრეთ.

M: გარდა ქარხნული წარმოებისა, საბავშვო სამოსის მხრივ, ქართული სტარტაპ გარემოც საკმაოდ კონკურენტულია. ამის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით წამოგეწყოთ ბიზნესი?

ქართული ბაზარზე ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა საბავშვო ტანსაცმელის სტარტაპები, ეს ვფიქრობთ შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. ბიზნეს იდეები იბადება ბაზარაზე არსებული მოთხოვნებიდან  და საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენი ბრენდის “მიაუს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, ბრენდის დამფუძნებლებმა ჩვენი ბავშვობის ოცნებები ჩვენივე მონდომებით რეალობად ვაქციეთ და ამის რეალიზაციაში ბაზარზე შემნილმა სიტუაციამ კიდევ უფრო გვიბიძგა.

ეს პროცესი, იფიქრო შექმნა  და შემდეგ ეს ყველაფერი მიიტანო პატარა მომხმარებლამდე იმდენად სასიამოვნოა, რომ ეს საქმე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ბიზნესი. ეს პროცესი გვანიჭიებს სიამოვნებას და უკვე ჩვენს ძირითად საქმიანობადაც ვაქციეთ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ გვყავს შვილი, სახელად “მიაუ”, რომელსაც მუდმივად სჭირდება მზურველობა და ფიქრი – როგორ შეუქმნა წარმატებული მომავალი?

M: როგორ აპირებთ კონკურენციასთან გამკლავებას?

ჯანსაღი კონკურენცია საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად დავიხვეწოთ და განვითარდეთ. კონკურენცია არ გვაშინებს. როცა იცი, ვინ უნდა იყოს შენი მომხმარებელი, როგორი უნდა იყოს მასთან ურთიერთობა, რა შესთავაზო (ეს პროცესი დასწავლადია, ანუ ბრენდი სთავაზობს რაღაც კონკრეტულ მოდელს და უკუკავშირიდან გამომიდნარე, ხვდება ეს მომხარებლისთვის რამდენად საინტერსეოა ან რა არის გასაუმჯობესებელი) და ასევე, იცი, რა თანხას ხარჯავს საბავშვო ტანსაცმელში, მაშინ კონკურენციასაც ვერ გრძნობ. ამას გარდა, მარკეტინგული კუთხით მუშაობა მომხმარებელთან, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი უკვე კონკურენციას ამცირებს. “მიაუს” ტანსაცმელი არის პრაქტიკული, დახვეწილი და თანამედროვე მოდური ტენდენციების სინთეზი.

ჩვენ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ურთიერთობა მომხმარებელთან – შევთავაზოთ მისთვის მისაღები ტანსაცმელი ფასით და დიზაინით და ამის სანაცვლოდ, მისგან მივიღოთ ერთუგული დამოკიდებულება. კონკურენტულია ფასიც – “მიაუს” ტანასაცმლის ღირებულება 10 ლარიდან 40 ლარამდეა. მერე რა, რომ ჩვენი ბრენდის კაბა არ ღირს 500 ლარი, ღირს 25-30 ლარი და ამ ფასებითაც თამამად შეიძლება იფიქრო სამომავლოდ ბრენდის გაფართობაზე. მით უფრო, რომ ბრენდს უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხარებელი. რატომ ასეთი დაბალი ფასი? ამ კითხვაზე პასუხი ცალსაახა: ეს არის ბრენდი, სადაც დამფუძნებლები მხოლოდ უფროსების როლში არ ვართ, არამედ უშუალოდ პროცესში ვმონაწილეობთ. ჩვენს ადმიანურ რესურსს ჩვენს ბიზნესშივე ვაბანდებთ და ვანაწილებთ. ერთს რეკლამა და მარკეტინგი გამოსდის კარგად, მეორეს მეორეს ესკიზები და დიზიანი – ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქართულ ბაზარაზე “მიაუ” დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. გვჯერა ჩვენი წარმატების, რადგან დაარსებიდან ერთი წლის თავზე “მიაუს” მეორე სტენდი გავხსენით “გლდანი სითი მოლში”.

M: ონლაინ მაღაზიის მართვას თავისი სირთულეები ახლავს, მაგალითად, მიტანის სერვისი, სამოსის მორგება და ა.შ. როგორ უმკლავდებით მომსახურებასთან დაკავშირებულ ასეთ სირთულეებს?

საკმაოდ მოქნილია ჩვენთან მომსახურება და ტანსაცმლის შეძენაც და მორგებაც. თუ კი ჩვენი მომხარბეელი ვერ ახერხებს ჩვენს სტენდამდე მისვლას, ჩვენი კურიერი სასურველ მისამართზე მიიტანს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც. ყოფილა შემთხვევა, როცა გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ვერ ახრეხებდა ჩვენი კურიერი მომხარბელამდე მისვლას და ჩვენვე მიგვიტანია ტანსაცმელი ადრესატამდე. ვფიქრობთ ეს არის უშუალო დამოკიდებულება მომხმარებელეთან, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია.

M: სამომავლო გეგმები…

ბრენდმა ერთი წლის წინ ონლაინ გაყიდვებით დაიწყო. დღეს კი, ორი სტენდი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ეს უკვე წარმატების საზომია. უახლოეს მომავალში, აუცილებლად დავამატებთ ბიჭების ტანსაცმელს, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ექსკლუზიურად გავამხელთ, რომ შევთავაზებთ ჩვენს მომხამრებებლებს დედის და შვილის  ერთნაირ ჩანთებს, და უფრო შორეული პერსპექტივაში კი დავიმატებთ რამდენიმე გაყიდვების ადგილს თბილისში, შემდეგ რეგიონებშიც. და თუ კი ეს ყველაფერი  წარმატებით ჩაივლის რატომაც არ უნდა შევთავაზოთ ჩვენი ტანსაცმელი საქართველოს ფარგლებბს გარეთ ?

განხილვა