in

Miceremadloba.ge – გამხნევებას დიდი ძალა აქვს!

რეანიმაციულ ბოქსში, კოვიდ-დადებითი პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. სასწრაფო გამოძახებული ექიმი სრულად ეკიპირებას არ დაელოდა. საკუთარი ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, პაციენტის დროულად დასახმარებლად, მასთან, მხოლოდ პირბადით შევიდა… ივანე ბოკერიას ჰოსპიტლის ექიმმა მირანდა ჩარუმაშვილმა სიცოცხლეს სიცოცხლე შეუნარჩუნა

#მიწერემადლობა მირანდას…

ეს ერთ-ერთი ამბავია იმ მრავალრიცხოვან ამბავთაგან, რომელიც კოვიდ-ჰოსპიტლების კედლებში რჩება და სამედიცინო პერსონალის ყოველდღიურობას ასახავს.

პანდემიურ რეალობაში უამრავ ექიმს უწევს, უარი თქვას საკუთარ, პირად დროზე და ეს დრო პაციენტების ჯანმრთელობის უზრუნველყოფას მოახმაროს; უამრავ ექიმს უწევს, კოვიდ-ინფიცირებულებთან პერმანენტული კონტაქტის გამო ოჯახისგან შორს იყოს; ამ ადამიანებს მუდმივად ევალებათ პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა და ხშირად, ისინი უბრალოდ თავს მოვალედ თვლიან, გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, მორალურადაც დაეხმარონ და დააიმედონ პაციენტები.

ეს ადამიანები ყოველდღიურად გვიმტკიცებენ, რომ გმირის ფორმა თეთრი ხალათიც შეიძლება იყოს – მათი გმირობა ხომ მათივე ყოველდღიურობაში გამოიხატება. მათი გმირობა კი პანდემიურ რეალობაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კიდევ უფრო კარგად დავინახეთ, რამხელა ფიზიკური თუ მორალური შრომის გაწევა უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამ ადამიანებისგან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, თუმცა, იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი იყოს, შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მედპერსონალის გამხნევებას და მათთან კომუნიკაციას შევძლებთ.

ფიზიკურად და მორალურად დაღლილ სამედიცინო პერსონალს სწორედ ამგვარად შეგიძლიათ, დაეხმაროთ ძალების აღდგენაში. პაციენტების ან მათი ახლობლების მიერ ნათქვამი სამადლობელი სიტყვა მათთვის არის ძალა, არასოდეს დანებდნენ.
სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა miceremadloba.ge, რომელიც მედპერსონალის გმირობის ყოველდღიური მაგალითების საზოგადოებამდე მიტანას და მათ შორის საკომუნიკაციო არხის შექმნას ემსახურება.

აქ შეხვდებით როგორც მირანდა ექიმს, ასევე სხვა მის მსგავსად თავდადებულ რამდენიმე ათას მედპერსონალს. მირანდა ექიმი, რომელიც დღის ბოლოს სამედიცინო ეკიპირებას გაიხდის, მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილ თქვენს თითოეულ წერილს გახსნის და წაიკითხავს. შეგიძლიათ, ეს სამადლობელი სიტყვები წერილობითი სახით სამსახურშიც გაუგზავნოთ. თქვენ კი დაღლილი დღის შემდეგ, მირანდა ექიმის ღიმილის და მეტი შემართების მიზეზი გახდებით.

შეგახსენებთ, რომ ევექსის ჰოსპიტალური ქსელი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პანდემიის პირველი ტალღიდან ჩაერთო და ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მზადყოფნა, ინფიცირებულების სამკურნალოდ საწოლფონდი გამოეყო. ამჟამად კორპორაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 500-მდე პერსონალითა და 1 100 საწოლით არის ჩართული და გამოხატავს მზაობას, საკუთარ მოსახლეობას ემსახუროს.

დღე-ღამის გუშაგები

ფოთის ჰოსპიტალი უკვე ორ თვეზე მეტია, კოვიდდადებით პაციენტებს წარმატებით მართავს. ექიმების გუნდი, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზადაა, პაციენტებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინოს. ერთ-ერთი მათგანი, გურანდა თევზაძეა, დღე-ღამის გუშაგი, რომელმაც ბევრი წარმატებით მართული პაციენტი გამოაჯანმრთელა და სახლებში დააბრუნა.

ილუსტრაცია – ალექსანდრე ვართაპეტოვი

ერთი ყველასათვის

ის ყველგანაა. ყველას მხარდამხარ და თავის ენერგიას ყველას უნაწილებს – ფოთის ჰოსპიტალში – მორიგე ექთნის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ლაბორანტის, რენტგენ-ლაბორანტისა და სანიტრის საქმიანობას, თავისივე სურვილითა და შესაძლებლობით ითავსებს – ფატმან გაგუა – ერთი ყველასთვის

ილუსტრაცია – მარიამ ახალაია

ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, იზო პაჭკორია, კოვიდ-დადებითი პაციენტების მართვაში აქტიურადაა ჩართული. ის, თერაპიული მიმართულებით, კლინიკის წამყვან ძალას წარმოადგენს – ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ილუსტრაცია – ქეთი შალუტაშვილი

მუდმივი პროფესია

თავადაც კოვიდინფიცირებული, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის თანამშრომელი, ეკატერინე დარჩია, კლინიკაში მკურნალობდა. თან პალატაში მყოფ სხვა პაციენტებს ექთნის კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებოდა.

ილუსტრაცია – რობი საგინაშვილი

27 დღის ჩვილისა და ექიმების ბრძოლა

27 დღის ახალშობილი მშობლებმა ბათუმის, იაშვილის სახელობის ჰოსპიტალში, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მდგომარეობის სიმძიმეს ცხელება, ჰიპოდინამია (მოძრაობის უნარის დაქვეითება), ზოგადი დათრგუნვის სიმპტომატიკა, პერიოდული ჭირვეულობა, საკვების ცუდად მიღება განაპირობებდა. მაგრამ ჩვილი და ექიმები ვირუსთან ბრძოლაში საოცარ შეუპოვრობას იჩენდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

ილუსტრაცია – ანანო რაზმაძე

 

ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ექიმები – ალექსანდრე ხმიადაშვილი

პროექტში ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.

onoff.ge-ზე საახალწლო ფასდაკლებები იწყება!

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის – ის, რაც Covid-19-თან ბრძოლისას, ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია