in

მშობლები მიქელანჯელოს „დავითის“ წინააღმდეგ — რას ერჩიან ცნობილ ქანდაკებას

ალბათ, თქვენს ყურამდეც მოვიდა ის უცნაური ინფორმაცია, ფლორიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს გადადგომას რომ აიძულებენ. მშობლები კი მიზეზად იმ გაკვეთილს ასახელებენ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს მიქელანჯელო ბუონაროტის ცნობილი სკულპტურა „დავითი“ აჩვენეს. ამის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს, რამაც ფლორენციის გალერეაში ვიზიტორთა ჭარბი ნაკადი წარმოქმნა — გამოდის, ამბავი მარკეტინგულ ხრიკად იქცა.

Galleria dell’accademia-ს, სადაც ქანდაკებაა გამოფენილი, უკვე უამრავი ადამიანი ესტუმრა ბოლო დღეების განმავლობაში. ხოლო ვინც ვერ ესტუმრა, სოციალურ მედიაში გამოეხმაურა უხერხულ ბრალდებას: „ეს ისტორიის და კულტურის ნაწილია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უწოდებთ მას ბილწ ნამუშევარს“, — წერს ერთ-ერთი სტუდენტი.

სიტუაცია უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, სამი მშობელი იმაზე ჩივის, რომ მათ წინასწარ არ აცნობეს „შიშველი ფიგურის“ გაკვეთილზე ჩვენების შესახებ. ამავდროულად, ხელოვნების ნიმუშს პორნოგრაფიულ ნამუშევრად მოიხსენიებენ. ამის საპასუხოდ, სკოლის წარმომადგენლები და ფლორენციის მერი აცხადებენ, რომ „დავითი“ მშვენიერების მწვერვალია და დაუშვებელია, მასში რაღაც სიბილწე დავინახოთ.

ამ ყველაფერში კი მთავარი ის ეფექტია, რომელიც ამ სამი ადამიანის უკმაყოფილებას მოჰყვა. თითქოს, საპირისპირო შედეგი გამოიწვია — არ უნდოდათ, რომ თავიანთ შვილებს „შიშველი ფიგურა“ ენახათ, ამ აჟიოტაჟმა კი მთელ მსოფლიოში პოპულარიზაციის ახალ ტალღას შეუწყო ხელი.

როგორ დაგვეხმარება სოციალური მედია პარტნიორი ბრენდების პოვნაში? — კვლევა

ტვიტერის მორიგი ალტერნატივა გამოჩნდა — T2