2 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს მასპინძლობს. წარმოდგენილი ჩანახატები აჩვენებს პროცესს, თუ როგორ იქმნებოდა ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ქმნილება ხელოვნების ისტორიაში – სიქსტეს კაპელა. გამოფენის დათვალიერებისას ვნახეთ მიქელანჯელოს მიერ, შემოქმედებითი პროცესისას მოსინჯული ადამიანის სახისა და სხეულის დეტალები, მათ შორის ხელის გამოსახულება ფრესკისთვის „ადამის შექმნა” და ფიგურები ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა“. რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ მოვლენას როგორც ქართული სამუზეუმო ცხოვრებისთვის, ასევე, ზოგადად ქვეყნისათვის – ამ საკითხებზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველს ეკა კიკნაძეს ვესაუბრეთ. გარდა ამისა, გთავაზობთ იტალიის ელჩის საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლის კომენტარს:
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მმართველი – ეკა კიკნაძე
M: რა მნიშვნელობას ატარებს ასეთი ავტორის ესკიზების გამოფენა ქართული სამუზეუმო ცხოვრებისთვის?
ეს არის უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის პროცესი, ჩანს მათში, როგორ აზროვნებდა მიქელანჯელო და როგორ მიჰყავდა ფორმა იქამდე, რასაც ჩვენ ვხედავთ ფრესკაზე. სხვადასხვა რაკურსშია მოსინჯული მხარი, ხელი, მტევანი და შემდეგ, მეორე ესკიზში მისული იქამდე, რა ფორმითაც არის გადმოცემული სიქსტეს კაპელაში. ბუნებრივია ეს არის ძალიან საინტერესო და ინფორმატიული. ქართული სამუზეუმო ცხოვრებისა და ისტორიის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ასეთი რანგის ავტორს მასპინძლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი – რამდენიმე თვის წინ, ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელის ვენერა იყო წარმოდგენილი, ახლა უკვე, მიქელანჯელოს 6 ჩანახატს ვმასპინძლობთ ფლორენციის ,,კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან, რომელიც მდიდარია თავისი კოლექციებით.
M: როგორც ვიცით, „კაზა ბუონაროტი“ ინახავს სიქსტეს კაპელაზე მუშაობისას შექმნილ 20 ესკიზს, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში ამ მუზეუმშიც არ არის…
ბუნებრივია, მუდმივად არ არის ექსპოზიციაში, ამიტომ, მისი ნახვა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა. აღსანიშნავია, რომ ის სტანდარტი, რაც არის ჩვენს მუზეუმში არის უმაღლესი, დაცულობის თვალსაზრისით. ეროვნული გალერეა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი მუზეუმის, ასეთი რანგის ექსპონატები გამოიფინოს თბილისში.
იტალიის ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი:
„ორი სიტყვით რომ განვსაზღვრო აქ გამოფენილი ესკიზები, ეს არის შემოქმედება და სრულყოფილება. მიქელანჯელოს ნახატებიდან ჩვენ ვიხილავთ, როგორ შეიძლება შევქმნათ უფლის ხელის მტევანი, რასაკვირველია ეს ყველაფერი თვითონ კაცობრიობის შექმნის სიმბოლოა, თითოეული ჩვენგანისთვის. მეორე მხრივ კი, ეს თითოეული ნამუშევარი არის თავისებური მტკიცებულება შემოქმედებისა და კვლევა-ძიების. ეს არის სწრაფვა, ძიება სრულყოფილებისა. მოქანდაკე, მხატვარი, ხუროთმოძღვარი, ამავდროულად, ბევრი დიდი მხატვრისა და შემოქმედის ბიოგრაფი – ჯორჯო ვაზარი გვიყვება, რომ მიქელანჯელოს სიკვდილამდე უნდოდა გაენადგურებინა ყველა მისი ნამუშევარი, მას სურდა, არ გაეზიარებინა კაცობრიბისათვის ეს შემოქმედებითი წვა, ის ტანჯვა, რომელსაც ყოველთვის განიცდის შემოქმედი სრულყოფილებისაკენ სწრაფვისას. ეს ნამუშევრები გენიალურობიდან მომდინარეობენ, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია და მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს, ამ კოლაბორაციისთვის. ეს თანამშრომლობა პოლიტიკური მნიშვნელობისაცაა, რადგან ქვეყანა, რომელიც მასპინძლობს ასეთ ნამუშევრებს, ნამდვილად ითვლება სტაბილურ, მშვიდ და საიმედო ქვეყანად.
მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები, ეროვნულ გალერეაში, 2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით იქნება გამოფენილი.