გამუდმებული შემოწმება, ჩარევა – ყველამ, ვინც ოდესმე მუშაობდა მიკრომენეჯერის დაქვემდებარებაში, იცის როგორია ეს პროცესი. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა მიკროსკოპის ქვეშ მოხვედრის წინააღმდეგ. ჩვენს ზიზღს მიკრომენეჯმენტისადმი საფუძვლიანი მიზეზი აქვს, ამბობს ჯულიანა პილემერი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი. „საბაზისო ადამიანურ დონეზე, ჩვენ გვჭირდება ავტონომია და დამოუკიდებლობა“, – დასძენს ის – „და გვსურს ჩვენი საქმის შესრულება წარვმართოთ ისე, როგორც გვინდა, და არა დამკვირვებლის ქვეშ“.
მიუხედავად იმისა, რომ მიკრომენეჯერთან ერთად მუშაობა იმედგამაცრუებელი და მძიმეა, ზოგჯერ არსებობს გამოსავალი, თუ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ პროცესის გასაუმჯობესებლად. დაფიქრდით, რა სჭირდება თქვენს უფროსს, განაგრძეთ თქვენი სამუშაოს კარგად კეთება, თვალყური ადევნეთ საკუთარ პროგრესს და იყავით ორიენტირებული დიდ მიზნებზე.
გაიაზრეთ თქვენი მენეჯერის განზრახვები
ძნელია იმ ადამიანის თანაგრძნობა, ვინც ცხოვრებას ართულებს, მაგრამ პილემერი მაინც გირჩევთ გამოიჩინოთ თანაგრძნობა თქვენი მიკრომენეჯერის მიმართ. მისი თქმით, მიკრომენეჯერების უმეტესობა ალბათ არ არის ბოროტი, მათ უბრალოდ არ იციან, ეფექტურად როგორ დაეხმარონ ეფექტურად სხვებს. კარგი მენეჯერები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, რომელიც აუმჯობესებს თქვენს პერფორმანსს, ხელს უწყობს ზრდას და საშუალებას გაძლევთ გახდეთ უფრო თვითკმარი. მიკრომენეჯერები, თავის მხრივ, აფერხებენ თქვენს განვითარებას მუდმივი ჩარევით, რაც ძირს უთხრის თქვენს უნარს შეასრულოთ თქვენი სამუშაო.
თქვენი ამოცანაა იმის გარკვევა, თუ რა დგას თქვენი უფროსის მიკრომენეჯმენტის მიღმა. შესაძლოა, ის ნამდვილად ცდილობს თქვენს დახმარებას, მაგრამ მათი მეთოდები და ტემპი არ ემთხვევა თქვენს სამუშაო სტილს ან მოლოდინებს.
მიმართეთ თვითრეფლექსიას
თუ თვლით, რომ თქვენი ახალი უფროსი სხვებთან შედარებით თქვენს საქმიანობას უფრო მეტად ამოწმებს, საჭიროა ცოტაოდენი ჩაძიება. როგორ უკუკავშირს იღებთ? იფიქრეთ კომენტარებზე ან დაკვირვებებზე, რომლებიც თქვენმა უფროსმა გაგიზიარათ თქვენი მუშაობის შესახებ და დაფიქრდით, არის თუ არა სიმართლე ამ ყველაფერში და რა დოზით. შესაძლოა, თქვენი ქცევა უბიძგებს მიკრომენეჯმენტისკენ.
შემდეგ, ისაუბრეთ თქვენს ხელმძღვანელთან თქვენი მუშაობის შესახებ და იმაზე, ერთად როგორ შეგიძლიათ იმუშაოთ უკეთესად. იყავით აქტიური და ობიექტური მსმენელი. დასვით ღია კითხვები, რათა გაიგოთ თქვენი მენეჯერის პრიორიტეტების შესახებ. ორმხრივი უკუკავშირი მნიშვნელოვანია.
მიკრომენეჯერებს ხშირად ეშინიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩებათ. თუ თანმიმდევრული და სანდო იქნებით იმ საკითხში, თუ როგორ უდგებით და ასრულებთ თქვენს საქმეს, მის ნდობას მოიპოვებთ.
თქვენი მიკრომენეჯერის ქცევა ერთ ღამეში არ შეიცვლება. მაშინაც კი, როდესაც შეამჩნევთ პროგრესს, მათ შეიძლება მაინც დარჩეს გარკვეული ჩვევები, რომლებიც გაღიზიანებთ.
სასარგებლო იქნება, რომ ფოკუსირდეთ იმაზე, რაც მოგწონთ თქვენს სამუშაოში: უნარებზე, რომლებსაც ავითარებთ, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას, რომელსაც იძენთ.
შესაძლოა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, არაფერი იცვლება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფროსი განზრახ ერევა თქვენს საქმიანობაში, სამწუხაროდ, ბევრი ვარიანტი არ გვეგულება. უმჯობესია დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა, თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში ან მის გარეთ. იფიქრეთ თქვენს საერთო კმაყოფილებაზე სამსახურით, ამჟამინდელი როლის ზრდის პოტენციალზე და მიკრომენეჯმენტის გავლენაზე თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და პროფესიულ განვითარებაზე.
წყარო: HBR