in

სამაჯური, რომლითაც ხმის ჩამწერ მოწყობილობებს გამორთავთ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორებმა შექმნეს სპეციალური სამაჯური, რომელიც მის გარშემო მდებარე ნებისმიერ მიკროფონს ახშობს. The New York Times-ის თქმით, ეს არის „სიჩუმის სამაჯური“, რომელსაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის, უფრო კონკრეტულად კი, პირადი საუბრების დაცვა შეუძლია. სამაჯურის აქტივაციით გამოირთვება ნებისმიერი მოწყობილობის ხმის ჩაწერის ფუნქცია, იქნება ეს ხმოვანი ასისტენტი, ტელეფონი, ჭკვიანი საათი, ჯაშუშური მიკროფონები თუ სხვა.

სამაჯურზე დატანილია 24 დინამიკი, რომელიც ულტრაბგერით სიგნალებს ავრცელებს. ულტრაბგერითი სიგნალი სწორედ ისაა, რისი დახმარებითაც სამაჯური გარშემო არსებული მიკროფონების ფუნქციის შეფერხებას ახერხებს. ამ დროს, მიკროფონები აღიქვამენ სტატიკურ ხმაურს, რომელიც ადამიანის საუბარს/ხმას გაცილებით აჭარბებს. შესაბამისად, პირადი საუბრის ჩაწერა/მოსმენა შეუძლებელი ხდება.

ხმოვანი ასისტენტები და სპიკერები, თავიანთი მიკროფონებითურთ, უკანასკნელი წლებია, თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაა. National Public Media-ს ცნობით, აშშ-ში, ზრდასრულთა 24 პროცენტი იყენებს ხმოვან ასისტენტს საკუთარ სახლში და ანდობს საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას Amazon-სა თუ Google-ს. ესეც რომ არა, რაც დრო გადის, სულ უფრო მყარდება ეჭვი პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის შესახებ. მსგავსი მოწყობილობა კი შესაძლოა, კერძო საუბრებისას, პარტნიორებისთვის ბიზნეს იდეებისა თუ უბრალოდ, პირადი დამოკიდებულებების გაზიარებისას, თავის დაცულად გრძნობაში დაგვეხმაროს. ეს შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ უცხო ადამიანს ვხვდებით და არ არის სასურველი, მან ჩაიწეროს ჩვენი საუბარი.

დღეისათვის, აღნიშნული სამაჯური პროტოტიპია. შესაძლოა, მისი დიზაინი დაიხვეწოს. მკვლევართა თქმით, მის წარმოებას მალე შეძლებენ და მისი ფასი მხოლოდ 20 დოლარი იქნება.

ტესტ-დრაივი ჯეიმს ბონდის გადასაღებ მოედანზე – Land Rover-ის რეკლამა

ოქროყანაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება