Microsoft Copilot-ს ნელ-ნელა ცალკეული ფუნქციების ნაკრებიდან ერთიან სამუშაო გარემოდ აქცევს. კომპანიის ახალი აპი ჩატს, Word-ს, Excel-ს, PowerPoint-ს, კოდის შექმნის ხელსაწყოებსა და მუდმივად მოქმედ AI აგენტს, Autopilot-ს, ერთ სივრცეში აერთიანებს.
ამ ცვლილების მთავარი იდეა მარტივია: მომხმარებელს აღარ უნდა უწევდეს სხვადასხვა პროგრამაში კონტექსტის თავიდან მიწოდება. Copilot-მა უნდა იცოდეს, რომელ დოკუმენტზე მუშაობ, რა შეხვედრები გაქვს, რას აკეთებდი რამდენიმე წუთის წინ და საიდან უნდა გააგრძელოს.
განახლებულ აპლიკაციაში სამი ძირითადი ნაწილი გაერთიანდა. Home აერთიანებს ჩატს, დოკუმენტებსა და დავალებებს; Code მცირე პროგრამების შექმნის საშუალებას იძლევა; Autopilot კი მუდმივად მოქმედი აგენტია, რომელსაც მიზანს აძლევ და შეუძლია ამ ამოცანაზე დამოუკიდებლად იმუშაოს.
ამ კონტექსტში სწორედ Autopilot არის ყველაზე საინტერესო ნაწილი. Microsoft მას უბრალოდ ჩატბოტად არ განიხილავს. აგენტს შეიძლება საკუთარი უფლებები ჰქონდეს, სხვადასხვა სისტემაზე წვდომა მიეცეს და ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც კი გამოჩნდეს, როგორც კონკრეტულ თანამშრომელთან ან გუნდთან დაკავშირებული ერთეული. იდეა ისაა, რომ თუ AI კომპანიის შიდა სისტემებში დამოუკიდებლად იმუშავებს, მისი უფლებებიც ისეთივე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, როგორც თანამშრომლების შემთხვევაში.
მაგალითად, ერთ-ერთ დემოში Autopilot საცალო ვაჭრობის კომპანიის Black Friday-ის მარაგებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აკონტროლებდა. მას შეეძლო მონაცემების მოძიება, მიმდინარე პროცესის ზედამხედველობა და კონკრეტული ამოცანების გაგრძელება ისე, რომ მომხმარებელს მუდმივად ჩარევა არ დასჭირვებოდა.
ამ მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მეხსიერება. Autopilot ბოლო 30 დღის სამუშაო კონტექსტს, კალენდარსა და მომხმარებლის ორგანიზაციულ როლს ეყრდნობა. მას შეუძლია დაიმახსოვროს პირადი სამუშაო ჩვევებიც, მაგალითად, რომ ადამიანს დილით შეხვედრები არ ურჩევნია ან წინა დავალებაში კონკრეტული ტიპის შეცდომა გაასწორებინა.
Microsoft-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ჩარლზ ლამანას, საკუთარ Autopilot-ს Apollo დაარქვა. მან აგენტს Outlook-ზე თითქმის ისეთივე წვდომა მისცა, როგორიც მის რეალურ ასისტენტს აქვს. Apollo კალენდარში მომხმარებელთან შეხვედრებს ამოწმებს და წინასწარ აგროვებს საჭირო ინფორმაციას ელფოსტიდან, Teams-ის საუბრებიდან და ჩანაწერებიდან.
იდეა ამბიციურია, თუმცა სწორედ აქ ჩნდება მთავარი პრობლემა. Microsoft-ისთვის Copilot უსაფრთხო უნდა იყოს დიდი კომპანიების გარემოში. ამის გამო ყველა მოქმედება მკაცრ წვდომებსა და შიდა წესებზეა დამოკიდებული. მაგრამ ის მაკონტროლებელი საშუალებები, რომლებიც სისტემას უსაფრთხოს ხდის, ზოგჯერ ხელს უშლის ჩვეულებრივი დავალების შესრულებაშიც.
დემოს დროს Copilot-ს სთხოვეს, Word-ის დოკუმენტიდან ცხრილი ამოეღო და Excel-ის ახალ ფურცელში გადაეტანა. სისტემა ორივე ფაილს პოულობდა, მაგრამ Excel-ის ჩასწორების უფლება არ ჰქონდა. მსგავსი შეზღუდვის გამო ვერ მოხერხდა ჩატიდან Code-ში დავალების გაგრძელებაც.
ეს მცირე მაგალითი Microsoft-ის უფრო დიდ გამოწვევას კარგად აჩვენებს: თუ AI-ს საკმარისი წვდომა არ აქვს, ის ბოლომდე ვერ მუშაობს. თუ ზედმეტად დიდი წვდომა აქვს, უსაფრთხოების რისკები ჩნდება.
სატია ნადელამ თავადაც აღნიშნა, რომ AI აგენტები შეიძლება ორგანიზაციებისთვის ახალ შიდა რისკად იქცეს. სწორედ ამიტომ, Microsoft ცდილობს, Autopilot დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ ამავდროულად მკაფიო წესებით იმუშაოს.
ამასთან, ლამანას თქმით, კომპანიებში შეიძლება თითო თანამშრომელსა და თითო გუნდს საკუთარი Autopilot ჰყავდეს. ამ შემთხვევაში კითხვა უკვე აღარ არის მხოლოდ ის, შეუძლია თუ არა AI-ს კონკრეტული ამოცანის შესრულება. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად ღირებულია მისი მუდმივი მუშაობა. Autopilot გამოყენებაზე დაფუძნებულ რესურსებს ხარჯავს და საწყისად გამორთულია. ამიტომ, მაიკროსოფტისთვის აუცილებელია დაამტკიცოს, რომ ასეთი აგენტი რეალურ შედეგს ქმნის და უბრალოდ ფონურად რესურსებს არ მოიხმარს. სწორედ ამის გამო კომპანიამ პრეზენტაციაზე დიდი დრო დაუთმო შეფასების სისტემებს.
Microsoft-ის პოზიციაა, რომ ზოგადი AI ტესტები ორგანიზაციებისთვის საკმარისი არ არის. თითოეულ კომპანიას საკუთარი სამუშაო პროცესების მიხედვით უნდა შეეძლოს გაზომვა, რეალურად უკეთ მუშაობს თუ არა აგენტი. მაგალითად, თუ კომპანიას უნდა, AI ხელშეკრულებების მომზადებაში დაეხმაროს, ჯერ უნდა გაიზომოს, რამდენ ხანს ანდომებს ამ სამუშაოს ადამიანს, რამდენ შეცდომას უშვებს და რა შედეგს იღებს. შემდეგ იგივე ამოცანა AI-ს უნდა მიეცეს და შედეგები ერთმანეთს შეედაროს.
Microsoft-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კომპანიებში საჭირო სამუშაო კონტექსტი დიდწილად უკვე მის სისტემებში არსებობს. Outlook-ში წერილებია, Teams-ში საუბრები, Office-ში დოკუმენტები, კალენდარში შეხვედრები, ხოლო IT გუნდებს წვდომების სისტემა წლებია გამართული აქვთ. სწორედ ამიტომ, Microsoft-ს არ სჭირდება ორგანიზაციული კონტექსტის თავიდან შექმნა.
მაგრამ ეს უპირატესობა ავტომატურად წარმატებას არ ნიშნავს. თუ Copilot ერთი პროგრამიდან მეორეში თავისუფლად ვერ გადადის, საჭირო ფაილს ვერ ასწორებს ან შიდა წესები ხშირად აჩერებს, მომხმარებლისთვის საბოლოო შედეგი მაინც შეზღუდული იქნება. ახალი Copilot-ის მთავარი გამოცდაც სწორედ ეს იქნება: შეძლებს თუ არა Microsoft უსაფრთხოების შენარჩუნებას ისე, რომ AI აგენტს რეალური სამუშაოს შესრულებაც მოახერხოს.












