ხელოვნური ინტელექტის მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Microsoft-მა ახალი მიმართულებით აიღო გეზი, რომელსაც „აზრების ალგორითმად“ (AoT) ვიცნობთ. მთავარი მიზანი კი ენის მოდელების მსჯელობის უნარის გაუმჯობესება და დახვეწაა.
წინამორბედებისგან განსხვავებით, AoT უფრო გამარტივებულ გზას უზრუნველყოფს პრობლემის გადაჭრისას, იყენებს კონტექსტურ სწავლებას და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებების სისტემატურ ძიებას. ასევე, ალგორითმს საშუალებას აძლევს, თითოეული ნაბიჯი დაასაბუთოს, თუ როგორ და რატომ გაუმკლავდა საკითხს კონკრეტული გზით.
აღნიშნული ტექნიკა მოდელებს ტრადიციული პროგრამირების ალგორითმების მოქმედებების გამეორების შესაძლებლობას აძლევს. სხვა სიტყვებით, შესაძლებელია ნებისმიერ საფეხურზე დაბრუნება და პროცესის განახლება, რაც შეცდომების შემცირებას მეტად აადვილებს. მაგალითად, თუ დიდ ენობრივ მოდელს (LLM) ორ ლოკაციას შორის საუკეთესო მარშრუტის პოვნას სთხოვთ, შესაძლოა, AI-მ არასწორად დააგენერიროს მონაცემები და არარსებული გზებიც კი შექმნას… ამის საპირისპიროდ, AoT-ს შეუძლია, გზამკვლევი ალგორითმის როლი მოირგოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უკან იხევს და მთელ პროცესს ხელახლა იწყებს.
ეს ინოვაციური მეთოდი ადამიანის მსგავსი ინტუიციის შემეცნებას ეფუძნება — ჩვენს მსგავსად მსჯელობს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება არ გააჩნია. ამ შესაძლებლობების ფონზე, მაიკროსოფტის ხედვით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და რაღაც ისეთს შემოგვთავაზებს, რაც აქამდე არ გამოგვიცდია.