მაიკროსოფტმა თავისი უახლესი შრიფტი წარადგინა, რომელიც ყველასათვის ცნობილ Calibri-ს ჩაანაცვლებს — ამ უკანასკნელს ტექნიკური გიგანტი 16 წლის განმავლობაში იყენებდა აპლიკაციების Default შრიფტად.
მართალია, Aptos-ის სახელით ცნობილი ვერსია წინამორბედს წააგავს, მაგრამ Calibri-ის ვიწრო ფორმებისგან განსხვავებით, ეს უფრო ფართოა და გაცილებით მიმზიდველ O-ს თუ Q-ს გვთავაზობს. ასევე, ასოებს მეტად მკვეთრი გარშემოწერილობა აქვს, რაც მთლიან შრიფტს მეტად თანამედროვე ელფერს მატებს.
აღსანიშნავია, რომ Aptos-ზე სტივ მატესონმა იმუშავა — ადამიანმა, რომელიც ვინდოუსის პირველი TrueType შრიფტების უკან დგას… მაიკროსოფტისთვის ამ ვერსიაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, 2021-ში სატესტოდაც კი წარადგინეს Bierstadt-ის სახელით, თუმცა მთელი ამ თვეების განმავლობაში კომპანია უკუკავშირს აგროვებდა. მონაცემების საფუძველზე, ტიპოგრაფიულ დიზაინს აუმჯობესებდნენ, რათა თვალისთვის სრულყოფილი შრიფტი მიეღოთ.
Aptos-მა უკვე დაიკავა კუთვნილი ადგილი და ნაგულისხმევ შრიფტად იქცა ისეთ აპლიკაციებში, როგორებიცაა Excel, Outlook, PowerPoint და Word.