ჩეტბოტი, რომელიც OpenAI-ს GPT-4 მოდელს ეფუძნება, მალე მომხმარებლებს ე. წ. დასპონსორებულ შედეგებსა და რეკლამებს შესთავაზებს. დიახ, Microsoft Bing Chat-ში რეკლამების განთავსების ექსპერიმენტებს იწყებს. თანაც, ფიქრობს, რომ ეს მას დასახული მიზნების მიღწევაში ძალიან უნდა დაეხმაროს. მათ შორისაა „ძიების ახალ სამყაროში მეტი ტრაფიკი გამომქვეყნებლებისთვის და მათთვის შემოსავლების უზრუნველყოფა“.
მეტიც, Microsoft „ფასიანი“ შედეგების დამატებას სხვა ორგანული ძიების შედეგებშიც აპირებს. ბლოგ-პოსტში აღწერენ, რომ თუ, მაგალითად, მომხმარებელი latest healthcare headlines-ს მოძებნის, 3 პასუხს მიიღებს, რომელთაგანაც ერთ-ერთის სპონსორი Forbes იქნება — Next-Generation AI Can Dramatically Revamp Healthcare in 4 Ways.
ისინი რეკლამის შემოსავლების პარტნიორებთან გაზიარებასაც აპირებენ, რომელთა კონტენტმაც ჩატის პასუხში წვლილი შეიტანა. ტექნოლოგიური გიგანტი გამომქვეყნებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემას განიხილავს, რაც 7500 პარტნიორ ბრენდს ფარავს. ზოგიერთთან კი უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები, რათა დაადგინოს, რომელი იქნება უკეთესი გზა ტრაფიკის გასაზრდელად.
როგორც ამბობენ, მომხმარებელთა ნაწილმა Bing-ში რეკლამების ნახვა უკვე მოახერხა… მსგავსად კი, კვლავ ძველ მეთოდს მიმართავენ — სურთ, გაიგონ, როგორი რეაგირება მოჰყვება ამას საზოგადოებისგან და რა ცვლილებებზე მიუთითებენ ისინი. მართალია, Microsoft ჯერ ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ჩატში რეკლამების ნახვას ყველა მალევე შეძლებს.
„თუ ChatGPT ძიების ახალი ფორმაა და მომხმარებლები აქ Google-დან გადმოვლენ, რომელიც უკვე გვთავაზობს რეკლამებს, ეს Microsoft-ისთვის ოქროს შესაძლებლობა გახდება, რითაც მონეტიზაციასაც მიმართავს. რეკლამირება მხოლოდ ზრდას განაგრძობს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები ჩატში კი სრულიად ახალი ეპოქაა“, — აცხადებს ჯერემი ბლუმი, სარეკლამო ტექნოლოგიების ექსპერტი.
გამოდის, ასე, Microsoft Google-ის რეკლამებთან კონკურენციასაც ეცდება, ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.