როგორც ჩანს, Microsoft მზადაა, Xbox Cloud Gaming-ის ახალი თავი წამოიწყოს — ისეთი, რომელშიც ყოველთვიური 19.99-დოლარიანი Game Pass Ultimate აღარ დაგჭირდებათ. საინტერესოდ ჟღერს, არა?! ამის შესახებ ბოლოდროინდელ Xbox Podcast-ში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეისონ რონალდმა განაცხადა, უფრო ზუსტად, იგი სათამაშო სერვისის ბიუჯეტურ ან სულაც უფასო გეგმებზე საუბრობდა.
მართალია, ისიც აღნიშნა, რომ Game Pass Ultimate-ში თანხას უკვე ბევრი მომხმარებელი იხდის, მაგრამ აღნიშნული ცვლილება სერვისს რეგიონების მასშტაბით უფრო მეტი მოთამაშისთვის გახდის ხელმისაწვდომს და სწორედ ეს აქვთ მიზნად დასახული.
ამ ეტაპისთვის Xbox Cloud Gaming ექსკლუზიურად Game Pass Ultimate-თან ერთად გვხვდება, უზარმაზარი ბიბლიოთეკითა და სხვადასხვა მოწყობილობაზე სტრიმინგის შესაძლებლობით. თუმცა ეს არ არის იმ გეიმერებისთვის, რომლებიც მობილურ მოწყობილობებს იყენებენ ან ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებშიც კონსოლების ქონა ფუფუნებაა… სწორედ ამიტომ საუბრობს რონალდი უფრო იაფიანი სერვისის შექმნაზე.
ამგვარი მოდელი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მოკლე რეკლამების ნახვის პარალელურად ითამაშონ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა აფრიკა, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია… თუმცა ფასის გარდა, მეტად შეუფერხებელი თამაშის გამოცდილებაც აქვთ მიზნად დასახული, რის გამოც AMD-სთან თანამშრომლობენ…
მართალია, უფრო ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ნაბიჯები Microsoft-ს Nvidia-ს GeForce Now-სა და Amazon -ის Luna-სთან კონკურენციის გაწევაში დაეხმარება.














