Copilot for Gaming თქვენი ახალი AI პარტნიორი იქნება Xbox-ში. ბეტა რეჟიმში მყოფი ციფრული ასისტენტი იმისთვისაა შექმნილი, რომ მოთამაშეებს ნავიგაციაში, რთული გამოწვევების დაძლევასა და ახალი თამაშების აღმოჩენაში დაეხმაროს. მას iOS-სა და Android-ზე Xbox-ის მობილურ აპლიკაციაში იპოვით.
გეიმინგისთვის შექმნილ ასისტენტს შეუძლია უპასუხოს როგორც ტექსტურ, ისე ხმოვან ბრძანებებს, არ აქვს მნიშვნელობა, სადმე ბრძოლისას გაიჭედეთ თუ უბრალოდ გინდათ, გაიგოთ, კონკრეტული ტურის გასახსნელად კიდევ რამდენი მიღწევა გჭირდებათ.
იდეა სათამაშო გამოცდილების გამარტივებაა. Copilot for Gaming-ს შეუძლია უპასუხოს თამაშთან დაკავშირებულ კითხვებს, მაგალითად: სად შეიძლება ვიპოვო ხელსაწყოები Minecraft-ში? ან თუ გსურთ, South of Midnight-ისთვის სტრატეგიებს შემოგთავაზებთ. თქვენს მიღწევებსაც ადევნებს თვალს და ახალ თამაშებს თქვენს ისტორიაზე დაფუძნებით შემოგთავაზებთ. მეტიც, Xbox-ის ანგარიშის განახლებებზეც მოგაწვდით ინფორმაციებს.
Xbox აქტივობისა და Bing-ის მსგავსი საძიებო წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით კი, კონტექსტურ მხარდაჭერას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს სათამაშო ჩვევებზე იქნება მორგებული.
Microsoft-მა Copilot for Gaming 50-ზე მეტ რეგიონში დანერგა, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში. ფუნქცია ამჟამად მხოლოდ Xbox-ის მობილური აპლიკაციით შემოიფარგლება, სამომავლო ვერსიებში კი ქოუჩინს ელიან — ეს რეალურ დროში თამაშისას უკუკავშირად შეგვიძლია ვთარგმნოთ ან თამაშების ინსტალაციასა თუ განახლებებში დახმარებად. მოკლედ, Microsoft-ს სურს, Copilot ნამდვილ პარტნიორად აქციოს, ისეთად, რომელიც სულ მზად იქნება დახმარებისთვის.
ამ ეტაპისთვის Copilot for Gaming ჩატის ფორმატში გვხვდება, მომავლისთვის კი Microsoft უფრო ღრმა ინტეგრაციებსა და შეუფერხებელ გამოცდილებას გვპირდება…