ამასობაში AI ბრაუზერების მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა, ამიტომაც Microsoft Edge-ის ბრაუზერს Copilot Mode-ის სახით ახალი ფუნქცია ემატება. იგი მომხმარებლებს ვებში ნავიგაციისას ხელოვნურ ინტელექტს დაახმარებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ AI კარგი ასისტენტი გახდეს, რომელსაც შეეძლება იმის გააზრება, თუ რას ეძებს მომხმარებელი ან მომავალში რის გაკეთებას მოისურვებს, რათა შემდგომში მათ ნაცვლადაც იმოქმედოს.
როგორც კი Copilot Mode გააქტიურდება, Edge-ის მომხმარებლები ახალ გვერდს დაინახავენ, სადაც შეუძლიათ მოძებნონ, შეტყობინებები გაგზავნონ და გააკეთონ ნებისმიერი რამ ვებში Copilot-ის დახმარებით. კონკრეტულ ვებგვერდზე სტუმრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ ხელოვნურ ინტელექტს დახმარებისთვის. მაგალითად შეუძლიათ, კითხონ კონკრეტული რეცეპტით საჭმელი ვეგანურადაც თუ მომზადდება…
ამასთან, Microsoft გვეუბნება, რომ Copilot საქმეებს ჩვენ მაგივრად გააკეთებს, იქნება ეს ჯავშნების გაკეთება, საყიდლების სიის შედგენა თუ კონტენტის. მიზანი, რაღა თქმა უნდა, მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.

Copilot ხმოვანი შეტყობინებების გაზიარების შესაძლებლობასაც გვთავაზობს, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ტექნოლოგიებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის, რომელთაც მაგალითად ჯავშნების გაკეთება უჭირთ ონლაინ.
ამასთან, Copilot კვლევაში დახმარებასაც სთავაზობს მომხმარებლებს, შეუძლია, თქვენი ნებართვის საფუძველზე, ნახოს ყველა გახსნილი გვერდი და გაიგოს, რას ეძებთ. ეს განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს პროდუქტების შედარებისას ან ონლაინ ძიებისას, მაგალითად, როცა რამდენიმე საიტზე ფრენის ბილეთების ან სასტუმროების ფასებს ადარებთ.
რაღა თქმა უნდა, AI-ის გამოყენება კიდევ ბევრ რაიმეში შეიძლება, მისი ბრაუზერში ჩაშენება კი პროცესს მეტად მარტივს ხდის და მომხმარებელთა საჭიროებებს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს აწვდის… რამდენად წარმატებული გამოდგება ეს პრაქტიკაში, თავად ვნახავთ, თუმცა Microsoft მას ჯერ კიდეც ექსპერიმენტულ ფუნქციად მოიაზრებს. ამჯერად კი Mac-ისა და PC-ის შერჩეული მომხმარებლებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.












