ოფიციალურად – ჰორიზონტზე Internet Explorer-ის დასასრული მოჩანს! ალბათ, ამას უმეტესობა ჩვენგანი ელოდა და ეს მოლოდინი Microsoft-მა გუშინ დაადასტურა. აღნიშნული ბრაუზერის მომხმარებლებს მასთან გამოსამშვიდობებლად ერთი წელი ექნებათ – Windows 10-ის ვერსიების უმეტესობა 2022 წლის 15 ივნისიდან შეწყვეტს მის მხარდაჭერას.
ეს ცვლილება შეეხება მოწყობილობებს, რომლებიც Windows 10-ის 20H2 და უფრო ახალი ვერსიით სარგებლობს. ასე რომ, ბრაუზერის გაქრობა დიდ მასშტაბებს მოიცავს…
ეს კი, ის ვერსიებია, რომლებიც კვლავ განაგრძობს IE11-ის მხარდაჭერას – Windows 10 Server Semi-Annual Channel, Windows 10 IoT LTSC, Windows 10 Server LTSC და Windows 10 Client LTSC. ის ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც Windows 8.1-სა და Windows 7-ს იყენებენ.
საგულისხმოა, რომ ის ვებგვერდები, რომლებიც თავდაპირველად Internet Explorer-ისთვის შეიქმნა, IE რეჟიმში Microsoft Edge-ის ბრაუზერზე კვლავ იქნება ხელმისაწვდომი. როგორც კომპანია გვპირდება, ეს მხარდაჭერა 2029 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2020 წლის განცხადებას უკავშირდება, რომელშიც IE-ს დასასრულების გეგმა იყო აღწერილი. მათ შორის, ამა წლის აგვისტოს Microsoft 365-ის მხარდაჭერის შეწყვეტა…
შეიძლება ითქვას, ამ პროცესის დაჩქარება Chromium-ზე დაფუძნებულმა Microsoft Edge-მა გამოიწვია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს.