ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Microsoft-ის თანამშრომლობის სტრატეგია ძირითადად გუნდების გარშემო ტრიალებს. თუმცა, ცხადია, თანამშრომლობის ერთზე მეტი გზა არსებობს — მიმდინარე კვირაში კომპანიას ამ კუთხით კიდევ ერთი აპლიკაცია დაემატა.
Ignite IT Pro კონფერენციაზე კომპანიამ ახალი აპლიკაცია წარადგინა, სახელწოდებით Microsoft Loop. ეს უკანასკნელი Fluid Framework-ს ეფუძნება, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა, სწრაფი თანაავტორობისა და კომპოზიციური დოკუმენტების გასააქტიურებლად, რომლებიც რეალურ დროში სინქრონიზებულ ელემენტებს მოიცავს.
აპლიკაცია Loop დაახლოებით Notion-ის მსგავსია, რადგან იგი ერთგვარ სამუშაო დაფას პორტატიული კომპონენტებით უზრუნველყოფს, რომელთა სინქრონიზაციაც აპებს შორის არის შესაძლებელი. ასევე, მაიქროსოფთის ახალი აპლიკაცია, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირებით. მაგალითად, Loop კომპონენტები ჩაშენდება Microsoft-ის სხვა აპებში, როგორიცაა Outlook, Teams, OneNote და Whiteboard.
ახალი აპლიკაცია მოიცავს ცხრილებს, შენიშვნებს, შესასრულებელ დავალებებს და გაყიდვების ჩანაწერსაც. თანაც, მათი ჩატვირთვა შესაძლებელია ჩათში, ელ.წერილში, დოკუმენტებში და გვერდებზე. შენახული ინფორმაცია კი ავტომატურად და სწრაფად სინქრონიზდება, ასე რომ მომხმარებლებს ყოველთვის ექნებათ წვდომა უახლეს ინფორმაციაზე. მაიქროსოფთის თანახმად, Loop-ის შიდა გვერდები “მოქნილი ტილოებია”, რომლებზეც ფაილების, ბმულებისა და მონაცემების განთავსებაა შესაძლებელი. ეს არის საერთო სივრცე, სადაც გუნდებს პროექტის ყველა ასპექტის კონტროლი და ასინქრონულად ან სინქრონულად თანამშრომლობა შეუძლიათ.
Fluid Framework-ის ადრე გამოცხადებული კომპონენტები, მათ შორის დღის წესრიგი, შენიშვნები და სამუშაოების ჩამონათვალი, მალე ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში. ოფიციალური პირების თქმით, მათ Loop კომპონენტები დაერქმევა. ამასთანავე, ახალი აპლიკაციის ნაწილი იქნება Whiteboard — შედეგად, მომხმარებლებს შეეძლებათ, ერთობლივი “ბრეინშტორმინგის” სესია პირდაპირ ონლაინ რეჟიმში დაიწყონ.
საგულისხმოა, რომ Microsoft-ის თქმით, მესამე მხარის დეველოპერებს შეეძლებათ შექმნან საკუთარი Loop კომპონენტები და გაფართოონ არსებული აპლიკაციები.