in

Microsoft ვირტუალური შეხვედრების მომავლის ფორმას ავითარებს

ეს იყო შერეული რეალობის ოცნება და იდეა, მისი არსებობის დასაწყისიდან

ალბათ, უკვე ბევრი დაიღალა იმის მოსმენით, რომ მთელი მსოფლიო ციფრულ ცხოვრებაზე გადავიდა, თუმცა ფაქტი ასეთია. დისტანციური ყოველდღიურობა კი მრავალი კრეატიული იდეის შთაგონებად იქცა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Microsoft-ის ახალი პლატფორმა, სახელწოდებით Mesh, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ვირტუალური რეალობა ნებისმიერ ინდივიდთან გაიზიარონ.

“ეს იყო შერეული რეალობის ოცნება და იდეა, მისი არსებობის დასაწყისიდან. თქვენ შეგიძლიათ, რეალურად იგრძნოთ, სადღაც სხვა ადამიანთან ერთად ხართ და საერთო გარემოს იზიარებთ. ან სხვადასხვა შერეული მოწყობილობების გამოყენებით იყოთ ხალხთან ერთად მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად შორს იმყოფებით” – განმარტავს ალექს კიპმანი, Kinect-ისა და HoloLens-ის გამომგონებელი. სრულყოფილი შედეგის მისაღებად, Microsoft მართლაც ზრუნავს პლატფორმის სხვადასხვა მოწყობილობებთან ინტეგრაციაზე, როგორიცაა მაგალითად, HoloLens 2 – ვირტუალური რეალობის სათვალე.

საწყის ეტაპზე Mesh ადამიანებს გარკვეული ვირტუალური ავატარის სახეს მიანიჭებს, როგორც ეს AltspaceVR სოციალურ ქსელშია. შეგახსენებთ, რომ ქსელი 2017 წელს შეიძინა Microsoft-მა.

შესაძლოა, Microsoft Mesh Microsoft Teams-ის შორეულ ვერსიადაც კი მივიჩნიოთ. რა მოხდება მაშინ, როდესაც უბრალო ვიდეო ზარები მოგვბეზრდება? (ალბათ, უკვე მოგვბეზრდა). იქნებ, ციფრული სამყაროს ასეთმა განვითარებამ ოდნავ მაინც შეამსუბუქოს სოციალური დისტანციის სიმძიმე და ის გაუცხოვება, რომელიც გარე სამყაროსთან გვაქვს სულ მცირედით გააუმჯობესოს. როგორც კოპმანია ამბობს, ქსელი გუნდებს საშუალებას აძლევს, შერეული რეალობის შეხვედრები გამართონ და ყველამ ერთ სივრცეში მოიყაროს თავი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Mesh არა მხოლოდ ვირტუალური შეხვედრების პლატფორმაა, არამედ ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის საკმაოდ გამოსადეგი რამ. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საქმიანობებში ჩართული ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ Mesh-ს. ალბათ, ასეც იქნება, რადგან პანდემიის პირობებში 3D ფიზიკურ მოდელებთან მუშაობისთვის ეს იდეალური შესაძლებლობაა.

“იფიქრეთ იმაზე, თუ რა გააკეთა Xbox Live-მა თამაშების სამყაროში – ჩვენ ერთი მოთამაშიდან, მრავალ მოთამაშეზე გადავედით. შევქმენით ერთობები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებასა და მიზნის ერთად მიღწევაში ეხმარება. ახლა კი წარმოიდგინეთ, იგივე რამ მოხდა თუ არა შერეული რეალობის წყალობით” – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა.

Mesh-თან დაკავშირებული მოლოდინები საკმაოდ დიდია. რეალობა კი მის პოპულარობასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. Microsoft-მა ახალი იდეა ჰიბრიდულ გარემოს უნდა მოარგოს, რადგან სწორედ ასეთი იქნება უახლოესი მომავალი.

„საქართველოში ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა signify.ge გაეშვა“

LGBTQ თემის მხარდასაჭერად, „ბორუსია“ მაისურზე  სპონსორის ლოგოს ცისარტყელის ფერებში გამოსახავს