Microsoft-მა ახალი შრიფტი წარადგინა, რომლის დიზაინიც რენესანსის ეპოქის ცნობილი ხელოვანის, მიქელანჯელოს ხელნაწერებს ეფუძნება. პროექტი წმინდა პეტრეს ბაზილიკის კურთხევის 400 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზნად ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე დიზაინის საშუალებით გაცოცხლებას ისახავს.
Michelangelus-ის სახელწოდების შრიფტის შექმნისას დიზაინერები ვატიკანის არქივში დაცულ ორიგინალ ხელნაწერებს გაეცნენ. პროექტი ბაზილიკის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, Fabbrica di San Pietro-მ, იტალიურ დიზაინსტუდია Studiogusto-სთან თანამშრომლობით განახორციელა.

შრიფტის მიზანი მიქელანჯელოს ხელწერის ზუსტი გამეორება არ ყოფილა. დიზაინერებს სურდათ, მისი კალიგრაფიისთვის დამახასიათებელი ენერგია, სიზუსტე და ფორმები თანამედროვე, პრაქტიკულ შრიფტში გადაეტანათ. ის ბაზილიკის შიდა სივრცეებში არსებულ ნიშნებზე, ციფრულ პლატფორმებსა და ბეჭდურ მასალებში გამოსაყენებლად შეიქმნა.
მიქელანჯელოს ხელწერის კვალი ცალკეულ ასოებშიც იკითხება, მაგალითად, ასო h-ის ზედა ნაწილში განთავსებულ პატარა წერტილსა და y-ის ქვედა მონაკვეთში. თუმცა ყველა სიმბოლოსთვის ისტორიული ნიმუშის გამოყენება ვერ მოხერხდა. დიზაინერებმა აღმოაჩინეს, რომ მიქელანჯელო თანამედროვე ციფრებს არ იყენებდა, ამიტომ მათი ფორმები ასოებზე დაყრდნობით შეიმუშავეს. მაგალითად, ციფრი 1 ლათინური ასო I-ის საფუძველზე შეიქმნა.
საბოლოოდ, გუნდმა 500-ზე მეტი სიმბოლო შექმნა, რომლებიც ოთხ სტილშია წარმოდგენილი: ჩვეულებრივი, დახრილი, მუქი და მუქი დახრილი.
Michelangelus Microsoft 365-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია და მისი ცალკე ჩამოტვირთვაც შესაძლებელია. ამგვარად, შრიფტი მხოლოდ ისტორიული ძეგლის ვიზუალური იდენტობის ნაწილი არ არის, მისი გამოყენება ფართო აუდიტორიასაც შეუძლია.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიქელანჯელოსა და წმინდა პეტრეს ბაზილიკის ისტორიასთან ადამიანების პირადი კავშირის გაძლიერებაა. ამასთან, შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ისტორიული ხელწერით შთაგონებული შრიფტი მომხმარებლებს ამ მემკვიდრეობის შესახებ მეტის გაგების სურვილსაც გაუჩენს.












