Microsoft Copilot-ის მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ, ნაკლები დრო გაატარონ AI-სთან, რადგან კომპანია მათ OpenAI-ის o1 მოდელს უფასოდ სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კომპლექსურ კითხვებზე AI-სგან მეტად ნაფიქრ და ხარისხიან პასუხებს წამებში მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ აქამდე Think Deeper Copilot Pro-ს გამომწერებისა და ChatGPT-ის მომხმარებელთა ნაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი.
o1 მოდელი იმისთვისაა შექმნილი, რომ რთულ პრობლემებს მოთხოვნების სიღრმისეულად დამუშავებით გაუმკლავდეს. ამგვარად კი იდეალურ ხელსაწყოდ გვევლინება კოდირებისთვის, კვლევისთვის, პროექტების დაგეგმვისა თუ გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ხოლო მომხმარებლებს Think Deeper-ის გააქტიურება მარტივად, ტექსტის ჩანართში ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლიათ, შედეგად კი პასუხს 30 წამში მიიღებენ.
და რამ გადააწყვეტინა Microsoft-ს ფასიანი ხელსაწყოს უფასოდ ჩაშვება? მართალია, თავიდან მასზე წვდომა მხოლოდ გამომწერებს მისცა, მაგრამ, როცა მომხმარებლებმა ეს ფუნქცია გატესტეს და აჩვენეს, თუ რა სიკეთე შეიძლება მოეტანა მას სხვებისთვის, კომპანიამ გადაწყვიტა, იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.
ამგვარად, გამოდის, თუ კოდის წერისას პრობლემა შეგექმნებათ, კარიერული გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ ან რაღაც ახალი უნარის დასწავლა მოგინდებათ, ამისთვის Microsoft Copilot-ის Think Deeper-ს შეგიძლიათ, მიაკითხოთ.