Microsoft ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში განსაკუთრებულ პოზიციას იკავებს. კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ღრუბლოვანი სერვისების (cloud) და პროგრამული უზრუნველყოფის (SaaS) მიმწოდებელი, ამავდროულად კი, წილებს ფლობს AI-ს ორ წამყვან კომპანიაში: OpenAI-სა და Anthropic-ში.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს ურთიერთობები თანდათან კონკურენციაში გადაიზარდა. Microsoft-მა ახლახან კიდევ ერთი ძლიერი ფინანსური კვარტალი დაასრულა და მისმა შემოსავალმა 90 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება 35.8 მილიარი დოლარია.
ამ ფონზე, OpenAI და Anthropic აქტიურად ავითარებენ AI-აპლიკაციებსა და აგენტურ სისტემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, თავად გახდეს ბიზნესების მთავარი AI-პლატფორმები.
Microsoft აცხადებს, რომ კომპანიებმა სხვადასხვა მოდელი უნდა გამოიყენონ და არ მიანდონ მთელი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთ პროვაიდერს. ეს მთავარი რისკისგან იცავს ბიზნესებს: შიდა მონაცემების გაჟონვისა და ერთი მომწოდებლის ტექნოლოგიაზე სრულად დამოკიდებულებისგან. სწორედ ეს ქმნის შესაძლებლობას, Microsoft-მა მომხმარებლებს საკუთარი AI-მოდელები, აგენტები და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები შესთავაზოს, თანაც უფრო კონკურენტულ ფასად.
სხვა სიტყვებით, Microsoft საკუთარ თავს იმ სერვისების ალტერნატივად წარმოაჩენს, რომელთა განვითარებაზეც OpenAI და Anthropic დღეს აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთია AI-აგენტები Copilot-ის ბრენდის ქვეშ, მათ შორის GitHub Copilot, რადგან სწორედ პროგრამირების აგენტები ითვლება დღეს AI-ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად.
ალბათ, გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ OpenAI-ის მოდელმა სატესტო გარემოდან რომ გამოაღწია და Hugging Face-ზე კიბერშეტევის განხორციელება შეძლო. Microsoft-ის ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ამ შემთხვევამ აჩვენა, რატომ არ უნდა იყოს ბიზნესი მხოლოდ ერთ მოდელზე დამოკიდებული.
Azure-ის პლატფორმაზე უკვე 11 000-ზე მეტი AI-მოდელია ხელმისაწვდომი, მათ შორის OpenAI-ს, Anthropic-ის, Mistral-ისა და xAI-ს გადაწყვეტილებები, თუმცა Microsoft პარალელურად საკუთარი მოდელების განვითარებასაც აჩქარებს.
კომპანიამ უკვე წარადგინა ათზე მეტი ახალი მოდელი, რომლებიც გამოსახულებების გენერაციას, ხმოვან ფუნქციებს, ტრანსკრიფციას, კოდის წერასა და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობებს მოიცავს.
მართალია, Microsoft კვლავ სთავაზობს მომხმარებლებს OpenAI-სა და Anthropic-ის მოდელებსაც, თუმცა მთავარი გზავნილი ნათელია – კომპანიებმა AI-ს სტრატეგია ერთ პარტნიორზე არ უნდა ააგონ. მრავალმოდელიანი მიდგომა უფრო უსაფრთხოცაა და გრძელვადიან პერსპექტივაშიც უფრო გამძლეა.












