20
Jan
2020

ონლაინ მიმოწერებში პედოფილების ამოსაცნობად Microsoft-მა სპეციალური სისტემა შექმნა

20 Jan 2020

veon
veon


Microsoft-მა შექმნა ავტომატური სისტემა, რომელსაც, ონლაინ მიმოწერებისას, პედოფილების გამოვლენა შეუძლია. სისტემა სახელად Project Artemis შექმნილია ისე, რომ შეუძლია კომუნიკაციისას გარკვეული პატერნები შეამჩნიოს. მიმოწერისას გამოყენებული ლექსიკისა და სიტყვების პატერნების ანალიზის დახმარებით, სისტემა ადგენს, რამდენად დიდია შანსი, რომ რომელიმე მხარე ცდილობს მეორე მხარეზე სექსუალური ხასიათის ზეწოლას.

Project Artemis თითოეულ ასეთ მიმოწერას აანალიზებს და მაგალითად, მაღალი საშიშროების შემთხვევაში, კონკრეტულ ჩატს ს 8-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. საფრთხისშემცველად მონიშნული მიმოწერები იგზავნება მოდერატორთან, რომელიც, ამ შემთხვევაში, ადამიანია. თავის მხრივ, მოდერატორები განიხილავენ მიმოწერებს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. აღსანიშნავია, რომ სისტემა მოქმედებს მხოლოდ არასრულწლოვნების ჩატების მონიტორინგის კუთხით.

გარდა იმისა, რომ ამ სისტემით, კონკრეტულ შემთხვევებში, პედოფილია შეიძლება ავირიდოთ თავიდან, ეს აძლევს ბავშვთა უფლებადამცველებს დამატებით ინფორმაციასაც. ინფორმაციას იმის საკვლევად, თუ როგორ მოქმედებენ პედოფილები ონლაინ სივრცეში. Microsoft-ს უკვე აქვს გამოცდილი ეს პროგრამა თავის პროდუქტებში – Xbox-ის პლატფორმასა და Skype-ში. კომპანია არ ასაჯაროვებს იმ შესაძლო პატერნებს, რომლის დახმარებითაც სისტემა პედოფილიის შანსებზე რეაგირებას იწყებს, რადგან მათი გასაჯაროვება, შესაძლოა, პედოფილების მხრიდან მათი გამოყენებისგან თავის არიდების წინაპირობა იყოს.

სისტემის საკუთარ ქსელში ინტეგრირება სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ან ონლაინ ჩატის მქონე ნებისმიერ ონლაინ რესურსს, უფასოდ შეუძლია. ეს კი, 2020 წლის 10 იანვრიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია Thorn-ის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ორგანიზაცია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, ტექნოლოგიების გამოყენების გზით მუშაობს და ელოდება ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც საკუთარ ქსელში სისტემის ინტეგრირების სურვილი აქვს. (კომპანიები ამისათვის უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზაციას მეილზე – [email protected]).

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა – ენა. შესაძლოა, იმ პირობებში, როცა სისტემის გამოყენება უფასოა, ბევრმა სოციალურმა ქსელმა ჩააინტეგრიროს ის საკუთარ სისტემაში. თუმცა, რამდენად შეძლებს Project Artemis ქართულ ენაზე წარმართული ამგვარი ჩატების გაანალიზებას, ან  ეყოლება, თუ არა კონკრეტულ კომპანიას ქართულენოვანი მოდერატორი, რომელიც სისტემის მიერ „ატეხილ განგაშს“ გადაამოწმებს – უცნობია და ალბათ, უფრო ქართველ ბავშვთა უფლებადამცველებზე დამოკიდებულიც.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა