ელენე მურვანიძე Microsoft-ის გლობალურ გუნდს შეუერთდა და კომპანიის ტექნიკური რეკრუტერი გახდა. ის ტალინის ოფისში, ოფიციალურად, დღეიდან, 15 ოქტომბრიდან მუშაობს. რაც შეეხება ზუსტ მოვალეობებს, ინჟინრული პოზიციებისთვის შეარჩევს კადრებს, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.
„Microsoft, მსოფლიოში, ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. ის „დიდი ტექ. ოთხეულიდან“ (Big 4) ერთ-ერთია. ძალიან მიხარია, რომ მექნება საშუალება, ვიმუშაო წამყვანი პროფესიონალების გვერდით, უამრავი რამ ვისწავლო მათგან და ვიცოდე, ვარ კომპანიის ნაწილი, რომელიც, ადამიანების ყოველდღიურობას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) უკეთესობისკენ ცვლის“.
პირველი გეგმა, რაც ახლა აქვს, Microsoft-ის გუნდში ადაპტირებაა. იცის, რომ ძალიან ბევრი ექნება სასწავლი კომპანიის შიდა პროცესებზე, მიდგომებზე და ა.შ.
„უფრო შორეულ გეგმებზე საუბარი მიჭირს, თუმცა, საქართველოს ყოველთვის უდიდესი ადგილი უჭირავს მომავლის გეგმებზე ფიქრის დროს“.
„მაიკროსოფტამდე“, ასევე ტალინში, ესტონურ საერთაშორისო „უნიკორნ” კომპანია „პაიპდრაივში“ (Pipedrive) მუშაობდა. საქართველოში კი, სხვადასხვა დროს, იყო საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“, „ეიჩარ პარტნერსის“, „თეგეტა მოტორსისა“ და „კარფურის“ გუნდის წევრი.
ელენე მურვანიძე: „სულ თავიდან რომ დავიწყო ჩემი ამბავი, „მაიკროსოფტამდე“ ასე მოვედი: 2014 წელს, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამას რომ ვასრულებდი, ვხვდებოდი, დროებითი სამსახურებისა თუ აქტივობების შემდეგ, მინდოდა, რაღაც ახალი მესწავლა და ჩემი ენერგია ერთი კონკრეტული საქმისკენ მიმემართა.
სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა სტაჟირების შესაძლებლობა ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ არჩევანში. მაშინ გავაცნობიერე. რომ ეს იყო სფერო, სადაც შევძლებდი დამეკმაყოფილებინა ჩემი ორი მთავარი სურვილი პროფესიასთან მიმართებაში: მქონოდა ადამიანებთან ყოველდღიური მჭიდრო კონტაქტი, რომ შემეტანა თუნდაც, მცირე წვლილი მათ პროფესიულ ცხოვრებაში და მემუშავა ბიზნეს სამყაროში, რომლის კონკურენტუნარიანი გარემო მუდამ მიბიძგებდა პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისკენ.
შემდეგ იყო საქართველოში გატარებული, დაახლოებით, 4 წელი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო და ღირებული გამოცდილების შევიძინე. მადლობელი ვარ, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ბევრი რამის სწავლასა თუ გააზრებაში დამეხმარა.
ზუსტად ამ პერიოდში გამოვიმუშავე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი – Resilience – გამძლეობა, რომელიც ძალიან ბევრჯერ გამომადგა და ვიცი, მომავალშიც დამეხმარება.
ამ ყველაფრის პარალელურად, მუდამ ვფიქრობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. ცხადია, პროფესიულ საქმიანობაზეც, თუმცა ეს ძალიან რთულად მისაღწევი მეგონა. მოხდა ისე, რომ ძალისხმევისა და გარემო ფაქტორების ხელშეწყობით, 2018 წელს ესტონეთში გადმოვედი საცხოვრებლად და სწავლა ბიზნესის ადმინისტრაციის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე. ამის პარალელურად, ძალიან გამიმართლა და მალევე მომეცა შესაძლებლობა, მუშაობა დამეწყო ესტონეთში დაფუძნებულ და აწ უკვე საერთაშორისო „უნიკორნ“ კომპანია – „პაიპდრაივში“ (Pipedrive). ბევრი ფაქტორი დამეხმარა აქ მუშაობის დაწყებაში, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი ყოფილი კოლეგა საქართველოდან, რომელიც უკვე იქ მუშაობდა და ვფიქრობ, მისი რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები.
„პაიპდრაივში“ დამხვდა ჯანსაღი ორგანიზაციული გარემო, ურთიერთობები რომლებიც ნდობაზეა დაფუძნებული, ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად არიან, დაგეხმარონ, გაგამხნეონ და საქმე თავიდან ბოლომდე ჩაგაბარონ, მიკრომენეჯმენტის გარეშე. შევძელი, დამეგროვებინა ტექნიკური შერჩევის მიმართულებით მსუყე და მრავალფეროვანი გამოცდილება, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოცდილება აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გარდამტეხი.
ამ არაჩვეულებრივ კომპანიაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მივხვდი, რომ ახალი აღმოჩენებისა და გამოცდილებების დრო იყო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა „მაიკროსოფტი“. შერჩევის პროცესში, გავიარე რამდენიმე გასაუბრება, თუმცა, ამას უფრო მეგობრულ შეხვედრებს დავარქმევდი. შედეგად კი აღმოვჩნდი ის იღბლიანი, ვინც ეს არაჩვეულებრივი შემოთავაზება მიიღო დაახლოებით, ერთი თვის წინ, დღეს კი უკვე ამ გუნდის წევრი ვარ.
რამდენადაც ძალიან ვაფასებ ამ შესაძლებლობას, იმდენად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმედია, გავამართლებ მოლოდინებს“.