ხელოვნური ინტელექტი გონებრივ სამუშაოში უკვე ისეთი ამოცანების შესრულებაში გვეხმარება, რაც სულ რაღაც ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამ ტენდენციას Microsoft-ის 2026 წლის სამუშაო ტრენდების ინდექსი ასახავს. 20,000 თანამშრომლის გამოკითხვამ, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში AI-ს იყენებენ, აჩვენა, რომ მათი 66% ახლა გაცილებით მეტ დროს უთმობს მაღალი ღირებულების მქონე სამუშაოს. მეტიც, გამოკითხულთა 58% უკვე აკეთებს იმას, რასაც შარშან ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია და 80%-ს აღწევს პროფესიონალების შემთხვევაში, რომლებიც ტექნოლოგიას სიღრმისეულად იყენებენ.
Microsoft-ის სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის მიმართულების ექსპერტების ხედვით, ეს ბევრად უფრო საინტერესო მოვლენაა – ერთგვარი „შესაძლებლობების დამატებაა“. ეს პრაქტიკაში უამრავი მიმართულებით ვლინდება, დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების ხარვეზების აღმოჩენით, დასრულებული გაყიდვების მენეჯერების მიერ კლიენტებთან შეხვედრის წინ უპრეცედენტო სისწრაფით მომზადებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მენეჯერების როლი ამ პროცესში კრიტიკულია – როდესაც ხელმძღვანელები AI-ის ეფექტური გამოყენების მაგალითს თავად აჩვენებენ, გუნდის წევრები ტექნოლოგიისგან ბევრად მეტ სარგებელს იღებენ.
ამხელა გავლენის მიუხედავად, მოწინავე მომხმარებლები AI-ს ბრმად არ ენდობიან და ყოველთვის მას არ ეყრდნობიან. ზოგჯერ ისინი განზრახ ხარჯავენ მეტ დროს კონკრეტულ დავალებაზე, რათა უკეთ დაინახონ, თუ როგორ შეიძლება მისი ხელოვნური ინტელექტით ოპტიმიზაცია. თუმცა, სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ მოწინავე პროფესიონალების 43% და ზოგადად AI მომხმარებლების 30% გარკვეულ დავალებებს მიზანმიმართულად ასრულებს ტექნოლოგიის დახმარების გარეშე, რათა საკუთარი პროფესიული უნარები არ დააჩლუნგოს. პარალელურად, ყოველი დავალების დაწყების წინ მომხმარებელთა დიდი ნაწილი წინასწარ საზღვრავს, სამუშაოს რომელი ნაწილი უნდა შეასრულოს მანქანამ და რომელი – ადამიანმა.
ეს ფრთხილი მიდგომა ლოგიკურია, რადგან ადამიანური განსჯა, კრიტიკული აზროვნება და AI-ის გენერირებული შედეგების ხარისხის კონტროლი დღეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ხელოვნური ინტელექტის „ჰალუცინაციებისა“ და შეცდომების შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ გამოკითხულთა 86% პროგრამის მოწოდებულ ინფორმაციას მხოლოდ საწყის წერტილად აღიქვამს და არა საბოლოო პასუხად.
როგორც Microsoft-ის მარკეტინგის ექსპერტები განმარტავენ, ადამიანების მიერ შესრულებული ტაქტიკური, ეტაპობრივი სამუშაოს მოცულობა მცირდება. სანაცვლოდ, იზრდება ადამიანის როლი სტრატეგიული მიმართულებების დასახვაში, სტანდარტების განსაზღვრასა და შედეგების შეფასებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ის თანამშრომლებიც კი, რომლებსაც აქამდე მენეჯერული პოზიცია არ ჰქონიათ, ახლა საკუთარ მართვისა და დელეგირების უნარებს ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობისთვის იყენებენ. სწორედ ღრმა ექსპერტიზისა და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ახერხებენ AI-ის ყველაზე ეფექტურად გამოყენებას.
ეს ცვლილებები IT და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების როლსაც აფართოებს. მათ უწევთ ხელოვნური ინტელექტის ოპერაციებისთვის შესაბამისი წვდომებისა და გარემოს მართვა, რაც ხშირად ადამიანური რესურსების ციფრული მართვის პრინციპებს კვეთს. IT დეპარტამენტები ახლა უკვე აგენტური ოპერაციების საკონტროლო ცენტრებად იქცევიან, რათა ტექნოლოგიის მასშტაბირებამ პროცესების გამჭვირვალობა არ დააზარალოს.
რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზარს ძირფესვიანად შეცვლის, თუმცა ამ მიმართულებით პროგნოზები ძალიან განსხვავდება. ანგარიშიც ადასტურებს, რომ ზოგიერთი პროფესია შეიცვლება, ნაწილი საერთოდ გაქრება, სამაგიეროდ კი გაჩნდება უამრავი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც დღეს არც კი არსებობს.
კვლევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიას თანამშრომლების პროდუქტიულობის რადიკალურად გაზრდა შეუძლია. თუმცა Microsoft-ის ექსპერტები დამსაქმებლებს ურჩევენ, გუნდის წევრებს AI-ის გამოყენების კონკრეტული ნორმები და სიხშირე არ დაუწესონ. არ აქვს მნიშვნელობა, თანამშრომელი ინსტრუმენტს დღეში ორჯერ გამოიყენებს თუ ათჯერ – მთავარია, რომ ეს პროცესი ბუნებრივად გამომდინარეობდეს მათი პირადი ექსპერტიზიდან და ახალ ტექნოლოგიასთან ექსპერიმენტირების სურვილიდან.
წყარო: Fastcompany














