in

Microsoft Start – ახალი პერსონალური საინფორმაციო სერვისი

კომპანია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის გამოყენებას გეგმავს

veon
veon

Microsoft-მა საკუთარი პერსონალური ახალი ამბების მკითხველი წარადგინა. Microsoft Start ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდზე, ისე მობილურ აპლიკაციაში. ამასთან, მართალია, ახალი სერვისის ძირითად ხაზს ახალი ამბები წარმოადგენს, მაგრამ ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, მისი პერსონალიზაციაც არის შესაძლებელი. ცხადია, ეს მნიშვნელოვან კონკურენციას წარმოადგენს Apple-სა და Google-ისთვის.

კომპანიის თანახმად, ახალი პროდუქტი ონლაინ და მობილურ სამომხმარებლო მომსახურების მემკვიდრეობას წარმოადგენს, როგორიცაა MSN და Microsoft News. თუმცა ის ნამდვილად არ შეცვლის MSN-ს – ეს სერვისი კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად ახალი შიდა კონკურენტის შექმნისა.

შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით Microsoft Start ნებისმიერ სხვა ონლაინ პორტალს ჰგავს, რომელიც სხვადასხვა გამომცემლების სიახლეების კრებულს წარმოგვიდგენს. თუმცა ამ შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ, ემოჯის საშუალებით, ნებისმიერ სტატიაზე კონკრეტული რეაქცია გამოხატონ. თითოეული ემოჯი ფეისბუქის მსგავსია – ერთ განსხვავებას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ მაიქროსოფთმა სიცილის სმაილიკი მოაზროვნე სახით ჩაანაცვლა. შესაძლოა ამის მიზეზი ის კრიტიკა იყოს, რომლის თანახმადაც სიცილის ემოჯი ხალხის ღიად დაცინვას ემსახურება.

ამასთან, ნაცვლად რეაქციების საერთო რაოდენობისა, მომხმარებლები მხოლოდ საკუთარ რეაქციას ნახავენ. ბუნებრივია, ეს საკმაოდ ცხად მიზანს ემსახურება – ხშირად, სხვების მიერ გამოხატული რეაქცია საერთო განწყობას ბადებს და სხვებიც მისი გავლენის ქვეშ ექცევიან. სწორედ ინდივიდუალური გამოცდილების მიღებას ემსახურება ზემოთ ხსენებული პერსონალიზების ღილაკი, რომლის მეშვეობითაც ინტერესების ფორმირებაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მომხმარებლებს სტატიის შრიფტის გადიდების ან შემცირების უფლებაც აქვთ, რათა უკეთ მოხდეს კონკრეტულ მკითხველზე მორგება. თანაც, დროთა განმავლობაში მაიქროსოფთი ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მანქანათმცოდნეობის გამოყენებას გეგმავს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული არხი, ისე როგორც სხვა ინტერნეტ პორტალები, რეკლამას უჭერს მხარს. ყოველი რამდენიმე სტრიქონი შეიძლება, ერთ სარეკლამო ერთეულს შეიცავდეს, რომლის URL მწვანე “სარეკლამო” ნიშნით გამოირჩევა.

Microsoft Start-ის გამოსაყენებლად მომხმარებლებს შეუძლიათ, ვებგვერდ MicrosoftStart.com-ს ეწვიონ, რომელიც მუშაობს როგორც Google Chrome-ში, ისე Microsoft Edge-ში. მაგრამ მისი გამოყენება შეუძლებელია Safari-ში. ასევე, ხელმისაწვდომია iOS და Android მობილური აპლიკაცია. თუმცა თუ ჯერ კიდევ ვერ პოულობთ ახალ აპლიკაციას, შეგიძლიათ QR კოდის სკანირება სცადოთ.

BTU-ს პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად

„ბილაინის“ აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ!