3
Oct
2019

დასაკეცი სმარტფონი, უსადენო ყურსასმენები და სხვა მოწყობილობები Microsoft-ის პრეზენტაციიდან

3 Oct 2019

veon
veon


2 ოქტომბერს, სპეციალურ ღონისძიებაზე Microsoft-მა 7 ახალი მოწყობილობა წარადგინა. ნიუ-იორკში გამართული პრეზენტაცია ბევრი მოულოდნელობით იყო სავსე, მათ შორის კი ერთ-ერთი დასაკეცი სმარტფონია, რაც მოწმობს, რომ Microsoft ოფიციალურად გახდა Android სმარტფონების მწარმოებელი. Surface Duo-სა და სხვა მოწყობილობების შესახებ სტატიაში უფრო ვრცლად მოგიყვებით.

Surface Duo Microsoft-ის დასაკეცი სმარტფონია, რომელსაც ორი 5.6 დიუმიანი ეკრანი აქვს. გაშლილ მდგომარეობაში სმარტფონის ეკრანების ზომა 8.3 დიუმია. Surface Duo „მაიკროსოფთის“ პირველი სმარტფონია, რომელიც Android სისტემაზე მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მას Google-ის სერვისების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს. ამ ეტაპზე, უცნობია, როდის დაიწყება Surface Duo-ს გაყიდვა. მის შესაძლებლობებს, უფრო დეტალურად, შეგიძლიათ ვიდეოდან გაეცნოთ.

შემდეგი მოწყობილობა Surface Laptop 3-ია. Microsoft-ის განცხადებით, ეს იქნება  ბაზარზე არსებული ყველაზე სწრაფი 15-დიუმიანი ლეპტოპი. მოწყობილობას აქვს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა – ის ერთ საათში, 80%-ით იმუხტება და მისი ფასი 999 დოლარიდან იწყება.

Surface Pro 7 Microsoft-ის განახლებული პლანშეტური კომპიუტერია. ამ ეტაპზე, მან Intel-ის განახლებული პროცესორი მიიღო. მისი ფასი კი 749 დოლარიდან იწყება.

Microsoft-ის საფირმო ჩიპსეტი – SQ1, უსადენო დამუხტვის ფუნქციის მქონე საფირმო სტილუსი, „ყდა-კლავიატურა“, 2 ტერაფლოტიანი გრაფიკული სიმძლავრის პროცესორი – ეს „მაიკროსოფთის“ Surface ხაზის ერთ-ერთი საინტერესო სიახლე Surface Pro X-ია. მისი პროცესორი კომპანიამ Qualcomm-თან თანამშრომლობით შექმნა. მისი ფასი 999 დოლარიდან იწყება.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე მაიკროსოფთისგან Surface Earbuds-ია. ეს არის უსადენო ყურსასმენი, რომელიც უკავშირდება კალენდარს, ელ.ფოსტასა თუ სხვა საოფისე პროგრამებს. ამას ხმოვანი ბრძანების საფუძველზე შეძლებთ. აღსანიშნავია ყურსასმენის ფუნქცია, რომლის მიხედვითაც PowerPoint პრეზენტაციისას ის ავტომატურად შეძლებს თქვენი ხმის სუბტიტრებად დააგენერირებას. მისი ფასი 249 დოლარია.

შემდეგი და ბოლო მოწყობილობა, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ Surface Neo-ა – პლანშეტი, რომლის ეკრანის ზომა, გაშლილ მდგომარეობაში, 13 დიუმია და აქვს 360-გრადუსიანი გადაკეცვის შესაძლებლობა. მოწყობილობაზე მიბმულია Surface Pen და პორტატული კლავიატურა, რომლის ეკრანზე დამაგრებაც მაგნიტის მეშვეობით შეგიძლიათ. Surface Neo Windows 10 X-ზე მუშაობს, მისი პროცესორი Intel Lakefield-ია. ჯერჯერობით, არ ვიცით რა ეღირება Surface Neo-ს, თუმცა, ვიცით, რომ მისი გაყიდვა 2020 წლის ბოლოს დაიწყება.

 

განხილვა