50 წლის იუბილეს აღსანიშნავად Microsoft-მა The Original Build წარადგინა — ინტერაქციული რეტრო გამოცდილება, რომელიც 1975 წელში დაგაბრუნებთ, იმ დროში, როცა Microsoft იდგამდა ფეხს.
აქტივაციის დებიუტი Microsoft Build 2025-ზე შედგა და სრულიად განსხვავდება კონფერენციებზე წარდგენილი ჩვეულებრივი სტენდებისგან. სრულად იმერსიულია, 1970-იანი წლების თემატიკის დეველოპერთა სამუშაო სივრცე იმ სტარტაპ გარემოს მიხედვით არის მოდელირებული, რომელშიც თავის დროზე ბილ გეიტსმა, პოლ ალენმა და გუნდის სხვა წევრებმა მაიკროსოფტი დააფუძნეს.
ბოლო 5 ათწლეულის გასახსენებლად Microsoft დეველოპერებს დროში ამოგზაურებს, საშუალებას აძლევს, თავად ნახონ, როგორ დაიწყო ყველაფერი. ბრენდის სთორითელინგის, ექსპერიმენტული დიზაინისა და ტექნოლოგიური ნოსტალგიების შერწყმაა, რომელიც პატივს მიაგებს წარსულს, მაგრამ, ამასთან, დეველოპერების ახალ თაობასაც შთააგონებს.
გამოფენა DJE Holdings-ის Assembly-სა და ექსპერიმენტული დიზაინის სტუდია Missing Pieces-ის მიერ არის ორგანიზებული. აქ ნახავთ ხის პანელებით მოპირკეთებულ კედლებს, CRT მონიტორებს, ძველ ტელეფონებსა და Altair 8800-ის რეპლიკასაც კი.
Microsoft-ის პირველ პროდუქტს თანამედროვე ელფერი შესძინეს — მის ვინტაჟურ კორპუსში Arduino-ზე მომუშავე Altair-Duino Pro 3.0-ზე აგებული კომპიუტერია მოთავსებული, რომელიც Copilot-სა და Azure-ს უკავშირდება. ამგვარად, AI მოთხოვნებიც არ უნდა წარმოადგენდეს მისთვის პრობლემას…
1975 წლის ლოგოს იშვიათად თუ შეხვდებით სადმე და ახლა იგი The Original Build-შია წარმოდგენილი… ნარინჯისფერი, მწვანე და გაცვეთილი ფერთა პალიტრა, შრიფტები და ASCII-ით შთაგონებული აბრები ძველებურ ატმოსფეროს ქმნის, კედლებზე არსებული პოსტერებიც კი 1980-იანი წლებისაა.
აღსანიშნავია, რომ აქტივაციის სტუმრებს კოდირების ამოცანების შესრულებას სთხოვენ და თუ წარმატებით გაუმკლავდებიან, 1970-იანი წლების მაიკროსოფტის ბეიჯსაც აძლევენ.
მოკლედ, The Original Build იმისთვის შექმნეს, რომ ადამიანებს ბრენდი უფრო შეაყვარონ და არსებული კავშირებიც გააღრმაონ, გაგვახსენონ, როგორ იქცა ავტოფარეხი ინოვაციების წყაროდ.