Microsoft Viva – ასე ჰქვია კომპანიის ახალ პლატფორმას, რომელიც დისტანციური მუშაობის გასაუმჯობესებლად და ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა. ის განკუთვნილია როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის, რათა თითოეულ მათგანს ნორმად ქცეულ ონლაინ-მუშაობის სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს.
“ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოში უდიდეს, მასშტაბურ, დისტანციურ სამუშაო ექსპერიმენტში. სამყაროს გამოჯანმრთელება უკან დაბრუნებას არ გულისხმობს. მოქნილობა, თუ როდის, სად და როგორ ვიმუშავებთ – ეს იქნება მთავარი გასაღები” – ამბობს ამბობს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა.
კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დროა, შევწყვიტოთ სამსახურზე, როგორც ადგილზე ფიქრი და ნაცვლად ამისა დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნოთ სამუშაო კულტურა, დავაკავშიროთ ადამიანები ერთმანეთთან და განვავითაროთ, დავიცვათ პიროვნების შემოქმედობითობა…
ახალი მოქნილი და ციფრული ეპოქისთვის შექმნილი Viva Microsoft Teams-ში ინტეგრირდება და ძველი ქსელის მსგავსად მუშაობს – ბიზნესის ძირითადი ნაწილების ცენტრალურ ადგილას თავმოყრით. Microsoft Viva-ს ოთხ სპეციფიკურ მოდულად ყოფს: კავშირები, ინფორმაცია, თემები და სწავლა.
კავშირები შიდა კომუნიკაციებს და რესურსებს მოიცავს, როგორიცაა სარგებელი და კომპანიის პოლიტიკა. ეს არის კოლეგებთან დისტანციურად დასაკავშირებელი ძირითადი ველი. როგორც კომპანია განმარტავს, “შეგიძლიათ, ეს თქვენი ციფრული სამუშაო ადგილის კარიბჭედ მოიაზროთ”.
Viva-ს პლატფორმა მოიცავს მენეჯერების და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სრულად კონფიდენციალურია. “ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლების მონაცემებზე წვდომა მხოლოდ დამსაქმებლებს აქვთ. ხოლო მენჯერებისა და ლიდერების შემთხვევაში, თავდაპირველად მათი ინფორმაცია გაერთიანებულია, შემდეგ კი ინდივიდუალური კონფიდენციალურობის დაცვით განისაზღვრება” – ამბობენ კომპანიაში.
Viva-ს სწავლების მოდული თანამშრომლების სწავლისა და განვითარებისთვის არის განკუთვნილი. ამ სივრცეში დამსაქმებლები განათავსებენ სასწავლო მასალებს, კურსებსა და სხვადასხვა კონტენტებს, რათა თავიანთ თანამშრომლებს წინსვლაში დაეხმარონ. ის მოიცავს მასალებს LinkedIn Learning და Microsoft Learn-დან, ასევე, კომპანიის მესამე მხარის პროვაიდერების სასწავლო მასალას.
და ბოლოს, Viva-ს თემების მოდული, რომელსაც კომპანია ასე განმარტავს – “იფიქრე მასზე, როგორც ორგანიზაციის ვიკიპედიაზე”. ის ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს, შესაბამისი კონტენტის შესათავაზებლად, რაც “საკვლევად” ძირითადად ისეთ აპლიკაციებს იყენებს, როგორიცაა Office, Teams, და SharePoint.
პლატფორმის მოქმედება ნაწილობრივ დღეს დაიწყო და ხელმისაწვდომი იქნება Microsoft 365-ის მომხმარებლებისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წლის განმავლობაში Viva-სგან ბევრ საინტერესო სიახლეს უნდა ველოდეთ.