8
Oct
2019

Microsoft და Walt Disney ერთად იმუშავებენ 

8 Oct 2019

კომპანია Microsoft და სტუდია Walt Disney მომავალი 5 წლის განმავლობაში ერთად იმუშავებენ. თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზანი, „ქლაუდ“ ტექნოლოგიების გამოყენებით და პლატფორმა Azure-ის დახმარებით, კონტენტის შექმნის მეთოდების დახვეწაა. საერთო პროდუქტებს, ისინი, Disney-ის პლატფორმა StudioLAB-ში შექმნიან.

Microsoft-სა და Disney-ში თვლიან, რომ „ქლაუდ“ სისტემაზე გადასვლით, მათი პროდუქტები უფრო უსაფრთხო, ინოვაციური და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის იქნება. ფიქრობენ, რომ ეს ცვლილებები გარდამტეხი იქნება როგორც კინო კომპანიის, ისე, ზოგადად, ინდუსტრიისთვის.

„ამით Walt Disney-ის წინაშე, მულტიმედიისა და გართობის სფეროში, ახალი შესაძლებლობები გაიხსნება“, – ამბობს აშშ-ში Microsoft-ის პრეზიდენტი კეიტ ჯონსონი.

Disney-ში კი თვლიან, რომ „ქლაუდ“ ტექნოლოგიაზე გადასვლით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და ეფექტურ კონტენტს შექმნიან.

Microsoft-თან ინოვაციური თანამშრომლობის დახმარებით, ბევრ პროცესს გავამარტივებთ და ჩვენი უნიჭიერესი რეჟისორები მხოლოდ იმ საქმეზე კონცენტრირდებიან, რაც ყველაზე უკეთ გამოსდით“, – ამბობს Walt Disney-ის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს უორისი.

 

განხილვა