ეს ამბავი ინდოეთში ხდება — გრძელი სამუშაო დღის შემდეგ რაჯარამ ბოკალეს კიდევ ერთი საქმე აქვს მოსასწრები: სმარტფონში აპლიკაცია უნდა გახსნას და მკაფიო ხმით წაიკითხოს ამბავი თავისსავე მშობლიურ ენაზე, ანუ მაჰარაშტრას შტატის მარათჰის ენაზე. მისი ხმა კი, სხვებთან ერთად, AI მოდელების სწორედ მარათჰის ენაში გასაწვრთნელად გამოიყენება. თუმცა, ამავდროულად, რაჯარამიც კარგ ცოდნას იღებს — მაგალითად, კითხულობს ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს საბანკო სისტემა, როგორ დაზოგოს ფული ან თავიდან აიცილოს თაღლითობები.
ბოკალე სოციალურ ორგანიზაცია Karya-სთან ერთად მუშაობს, რომლის მანტრასაც „გამოიმუშავე, ისწავლე და განვითარდი“ წარმოადგენს. მათ სურთ, რევოლუციურად აქციონ გზა, რომლითაც ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში მონაცემთა ბაზები იქმნება. უფრო ზუსტად, გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალება და ინსტრუმენტები, რომლებიც მათ თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად, Karya მაღალი ხარისხისა და ეთიკურ მონაცემთა ბაზებს აშენებს.
მართალია, 80 მილიონი საუბრობს მარათჰის ენაზე, მაგრამ ციფრულ სამყაროში იგი კარგად არ არის წარმოდგენილი. უშუალოდ ინდოეთში კი, თუ ჰინდი ან ინგლისური არ იცის მოქალაქემ, მისთვის ციფრულ ტექნოლოგიებთან წვდომა რთულია… ხოლო ფაქტი, რომ ასობით მილიონ პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სარგებელი ამ ტექნოლოგიებით, სწორედ ისაა, რის გამოც Microsoft და სხვები რბოლაში ჩაერთნენ. მათ სურთ, თავიანთი პროდუქტები მსგავსი ენების მქონე ადამიანებისთვისაც გახადონ ხელმისაწვდომი.
„ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ხმა იწერება და ვიღაც ამის დახმარებით მარათჰის ისწავლის. ასევე მეამაყება, რომ ხელსაწყოები და ფუნქციები მარათჰის ენაზე გახდება ხელმისაწვდომი. ჩემი გამომუშავებული ფული სანელებლების საფქვავის ნაწილის საყიდლად გამოვიყენე და ეს ის დანაზოგია, რომელიც სხვა შემთხვევაში ვერ მექნებოდა“, — აცხადებს 53 წლის ბოკალე, რომელსაც სანელებლებისა და ცხარე წიწაკის მცირე ბიზნესი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას საათში 5 დოლარს უხდიან.
Karya მონაცემთა ბაზებს ინდოეთის კიდევ რამდენიმე ენაზე ქმნის, რათა კვლავ გაწვრთნას ხელოვნური ინტელექტის მოდელები და, ამასთან, შექმნას სამუშაო ადგილები ინდოეთის რურარულ დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთვის. პირველი პროექტი კი Microsoft-თან ერთად 2017 წელს დაიწყეს, რითაც მალევე გამოვლინდა იდეის უზარმაზარი პოტენციალი. ამჯერად 200 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და ფიქრობენ, რომ 2030 წლისთვის 100 მილიონ ადამიანს მიაღწევენ.
„ვაღიაროთ, რომ მსოფლიო ტრილიონობით დოლარს ხარჯავს ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად. ასე რომ, მომდევნო 20 წლის მანძილზე რამდენი პროცენტი შემიძლია მივიტანო იმ ადამიანების საფულეებამდე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ რურალური ინდოეთი AI-ის შესანიშნავი მშენებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამასთან, AI ტექნოლოგიების შესანიშნავი რეციპიენტიც“, — განმარტავს მანუ ჩოპრა, Karya-ს CEO.
ბოკალე იმ 30 000 ადამიანს შორისაა, ვისაც Karya-სთან ერთად უმუშავია ინდოეთის 28 შტატის პატარა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან…
„ადამიანებს სჭირდებათ, რომ ციფრული ეკონომიკის ზრდის ნაწილი იყვნენ, რაც უკვე ყველგან ვრცელდება. არავისთვის უნდა იყოს შეუძლებელი ტექნოლოგიების გამოყენება ენის ბარიერის გამო. Microsoft-ში ვამბობთ, რომ ჩვენ მთლიან პლანეტას ვაძლიერებთ, არა?! და მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ინგლისურის გარდა, სხვა ენებს იყენებს. ამგვარად, ამ მეთოდით ენების შენარჩუნების პროცესიც ბევრად გამარტივდება“, — აცხადებს კალიკა ბალი, Microsoft-ის მკვლევარი.
Karya კი ამ წლის ბოლოსთვის 100 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს, იმ პირების, რომელთაც სამსახური და განათლება სჭირდებათ. რურარულ დასახლებაში ამ მოთხოვნებს ძირითადად ქალები აკმაყოფილებენ — „ჩვენ ადამიანებს ვუხდიდით თანხას თავიანთი დროისთვის და ვეუბნებოდით, რომ, რასაც აკეთებდნენ ღირებული იყო“.
საინტერესოა ისიც, რომ ბოკალე თავის სამეზობლოში ცნობილი ფიგურაა, რომელსაც Baby Tai-ს, ანუ უფროს დას უწოდებენ. როგორც უკვე გითხარით, საკუთარი ბიზნესი აქვს, რომელსაც რამდენიმე ათეულ ქალთან ერთად უძღვება. ისინი დანაზოგებს აკეთებენ თავიანთი ბიზნესებისა თუ სკოლის გადასახადებისთვის. ბოკალეს მეზობლებიდან კი უკვე მრავალი ჩაერთო Microsoft-ისა და Karya-ს პროექტში. ერთ-ერთი 51 წლის სურეხა სანჯაია, რომელსაც სასურსათო მაღაზია აქვს, პროექტის დახმარებით კი ისწავლა, როგორ შეექმნა ბანკში ანაბარი. აქვე გვაცნობენ 55 წლის მეენა ჯადჰავს, რომელმაც ფული თავისი ბიზნესისთვის საქსოვი დანადგარის შესაძენად გამოიყენა, ზოგმაც გამომუშავებული თანხა ქალიშვილების განათლებაში ჩადო…
როგორც ბოკალე ამბობს, აქამდე უმეტესობამ სმარტფონის გამოყენებაც კი არ იცოდა, თუმცა ახლა თვლიან, რომ იგი „ხსნის კარს მრავალი შესაძლებლობისთვის“. ხოლო მეორე მხარეს Microsoft-ია, რომელმაც ინდოეთის სოფელში მცხოვრები ქალების გაძლიერება მოახერხა…