ვატიკანისა და მაიკროსოფტის პარტნიორობამ წმინდა პეტრეს ტაძარს ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შესძინა და მისი 3D მოდელი შემოგვთავაზა, რაღა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. შედეგად, იმერსიული ვირტუალური ტურის გამოცდილებას გვპირდებიან, რა დროსაც ისტორიის უახლეს ტექნოლოგიასთან შერწყმის მომსწრენიც ვხდებით. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ვატიკანის 2025 წლის Jubilee-ს ღონისძიებების წინ გამოაქვეყნეს, რაც მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას ამ საკულტო რელიგიური ადგილის შენარჩუნების მნიშვნელობას.
თუმცა წმინდა პეტრეს ტაძრის ციფრული ვერსია მხოლოდ ვატიკანსა და მაიკროსოფტს არ ეკუთვნის, აქ დიდი როლი ითამაშა Iconem-მა — პარიზში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც თანამედროვე ფოტოგრამმეტრიასა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მსოფლიოს სახელგანთქმული ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და არქეოლოგიური ადგილების 3D ასლების შესაქმნელად.
ამგვარად, ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიით, დრონებით, მაღალი გარჩევადობის მქონე კამერებითა და ლაზერული სკანერებით 400 000-ზე მეტი დეტალური სურათი გადაიღეს. შემდგომ AI ალგორითმებით დაამუშავეს, რათა 3D მოდელი შეექმნათ. ეს კი, თავის მხრივ, 22-პეტაბაიტ მონაცემს მოიცავს:
ციფრული მოდელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტაძრის დეტალებიც დაათვალიერონ და ის ადგილებიც, რომლებიც აქამდე შეუიარაღებელი თვალისთვის ფარული იყო. 3D მოდელს თან ახლავს ორი AI გამოფენა, რომლითაც როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გამოცდილებას ამდიდრებენ, გვაწვდიან სიღრმისეულ ხედვას რენესანსის ეპოქის არქიტექტურისა და ისტორიის შესახებ.
რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ტექნოლოგიების ეთიკურად გამოყენების მომხრეა, პროექტისადმი დიდ სიმპათიას ამჟღავნებს და იმ პოტენციალზეც უსვამს ხაზს, რომლითაც ტაძრის სულიერი თუ ისტორიული მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ხოლო Microsoft-ის პრეზიდენტი პროექტს ძველი რწმენისა და თანამედროვეობის ჰარმონიზაციად აღწერს.
რაც შეეხება პლატფორმის ინოვაციურ დაჯავშნის სისტემას, იგი მიზნად ისახავს სტუმართა მენეჯმენტის პროცესი გაამარტივოს, შეამციროს რიგები და გააუმჯობესოს საერთო გამოცდილება. თუმცა ვიზიტორთა ჩართულობის გარდა, ეს მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტაძრის შენარჩუნების საკითხში, გვეხმარება, მარტივად გამოვავლინოთ სარესტავრაციო სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დღესასწაულების სამზადისში ვატიკანმა ახალგაზრდებთან დასაკავშირებლად ახალი თილისმა „ლუსიც“ გაგვაცნო. ახლა კი, წმინდა პეტრეს ტაძრის 3D მოდელის შექმნით, ნათლად გვაჩვენებენ, როგორ შეუძლია ტექნოლოგიას შეინარჩუნოს და მოგვცეს წვდომა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ თუ კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე…