in

Microsoft-ის დოკუმენტები შემთხვევით გამოაქვეყნეს — სამომავლო გეგმები ცნობილია!

ცოტათი უცნაურია, მაგრამ მაიკროსოფტის მომავალ გეგმებზე მათივე ოფიციალური განცხადების საფუძველზე კი არ უნდა გესაუბროთ, არამედ იმ დოკუმენტების, რომლებიც სასამართლოში უნდა წარედგინათ, თუმცა სრულიად შემთხვევით Microsoft-ის ადვოკატებმა ატვირთეს… გამოდის, შეცდომები ყველას მოსდის. ინფორმაციამ გაჟონა და თანაც ისე, რომ Xbox-ის სამომავლო გეგმებიც ნათელი გახადა ჩვენთვის, ახალ თამაშებზეც გავიგეთ ცოტა რამ და ცოტაც Game Pass-ზე.

  • კონსოლის განახლება

როგორც აღმოჩნდა, Xbox Series X მომავალ წელს სრულიად განსხვავებული ვიზუალით იქნება წარმოდგენილი. კოდური სახელწოდებით Brooklin სისტემა ახლა იმაზე მეტად ცილინდრული იქნება, ვიდრე მონოლითური Series X. ამ უკანასკნელს ხუმრობით მინი მაცივარსაც კი ამსგავსებდნენ… შიდა მეხსიერება 1-დან 2 ტერაბაიტამდე გაიზრდება. ახალი კონტროლერიც ექნება, რაც მოიცავს აქსელერომეტრს, 2 ტონის მქონე ფერთა სქემას, დამუხტვად ბატარეას და პირდაპირ კავშირს ღრუბელთან, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლებს ნებისმიერი ადგილიდან თამაშის საშუალებას მისცემს. 

გაშვება კი 2024 წლის ნოემბრისთვის იგეგმება. თუმცა უფრო ადრე, დაახლოებით 2024 წლის სექტემბრისთვის, Series S-ის განახლებას ფიქრობენ — ახალი კონტროლერით, გაუმჯობესებული Wi-Fi-თა და Bluetooth-ით. რაც შეეხება ფასს, ამჟამინდელი Xbox Series X მსგავსად, 499$ დოლარი იქნება. 

  • 2028-ის შემდეგი თაობის Xbox

2024 წლის განახლებების გარდა, დოკუმენტებმა მაიკროსოფტის ამბიციებიც გაამჟღავნა შემდგომი თაობის მოწყობილობის შესახებ, რომელიც რაღაც ჰიბრიდის მსგავს გვთავაზობს ღრუბლოვან სათამაშო მოწყობილობასა და ტრადიციულ კონსოლს შორის: „ჩვენი ხედვაა, განვავითაროთ მომდევნო თაობის ჰიბრიდული თამაშის პლატფორმა, რომელსაც შეეძლება მომხმარებლისა და „ღრუბლის“ გაერთიანებული ძალაუფლება გამოიყენოს, რათა სათამაშო გამოცდილების სრულიად ახალი კლასი შემოგვთავაზოს“.

მოწყობილობა 99$-ზე ნაკლები ეღირება, რაც იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ უფრო მეტად ხელის გაჯეტებზე იქნება ფოკუსირებული და არა იმათზე, რომელსაც თუნდაც ტელევიზორის დახმარებით ვთამაშობთ. ან, შესაძლოა, ეს იმ მოწყობილობისთვისაც იყოს განკუთვნილი, რომელიც ორივეს გვთავაზობს, მაგალითად, Nintendo Switch.

საინტერესოა ისიც, რომ მაიკროსოფტის მომდევნო თაობის სათამაშო მოწყობილობის ნაწილი ხელოვნური ინტელექტითაა გაძლიერებული… ამ ნაკრების პირველი ვერსიები კი დეველოპერებამდე 2027 წელს მიაღწევს. 

  • დისკუსიები ნინტენდოს ყიდვის ირგვლივ

ზემოთ რომ ნინტენდო ვახსენეთ, ეს არც შემთხვევითი ყოფილა…

„Nintendo ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია ჩვენთვის… მრავალი საუბარი მქონდა მის ხელმძღვანელობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და, ვფიქრობ, თუ რომელიმე ამერიკულ კომპანიას აქვს შანსი ნინტენდოსთან, ეს ჩვენ ვართ. გულწრფელად მწამს, რომ ეს ორივე კომპანიისთვის კარგი სვლა იქნება“, — წერს Xbox-ის ხელმძღვანელი ფილ სპენსერი ელ.ფოსტაში, რომელიც მან 2020 წელს მაიკროსოფტის მარკეტინგის ხელმძღვანელებს გაუგზავნა.

  • GAME PASS

Bethesda-ს თამაშ Starfield-ის დაგვიანებამ მაიკროსოფტი 2022 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა… იმაზე საუბრობენ, რომ 2021 წელს საკმაოდ მაღალი ზღვარი დააწესეს კონტენტის ხარისხსა თუ სისწრაფეზე, 2022 წელს კი ამის გაგრძელება ვერ მოახერხეს, რაც არაფერს ნიშნავდა დაგეგმვისა და წარმოების პროცესის წარუმატებლობის გარდა.

ელ.ფოსტებში კონკრეტულ ფასსაც ვკითხულობთ, რომლის გადახდასაც მაიკროსოფტი მესამე მხარის გამომცემლებისთვის ფიქრობდა. მაგალითად, Star Wars Jedi: Survivor-ისთვის სავარაუდო ფასი 300 მილიონ დოლარს შეადგენდა, როცა Mortal Kombat 1 დაახლოებით 250 მილიონ დოლარად იყო შეფასებული… მიუხედავად ამისა, დოკუმენტებში ნათლად არ იყო მითითებული, რეალურად, რის გადახდას აპირებდა კომპანია.

  • გამოუცხადებელი თამაშები

როგორც აღმოჩნდა, Bethesda-ს რამდენიმე თამაში აქვს, რომლის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამთ, ესენია:

  • Remasters of The Elder Scrolls IV: Oblivion and Fallout 3
  • Doom Year Zero
  • Dishonored 3 (slated for fiscal 2024)
  • A sequel to Ghostwire Tokyo

ისიც შესაძლებელია, რომ აქ რაღაცები შეცვლილიყო… თუმცა მიუხედავად ამისა, კონკურენტებმა უკვე იციან ტექნოლოგიური გიგანტის გეგმების შესახებ. როგორც ამბობენ, მსგავსი ვარაუდები მათ ისედაც შეიძლებოდა ჰქონოდათ, რის გამოც მიაჩნიათ, რომ ამას ბიზნესზე დიდი გავლენა არ ექნება.

რა გამოარჩევს დეველოპერული კომპანია „სფერას“ პროექტებს?

როგორ წარვმართოთ შეხვედრა ჩვენი ხელმძღვანელის ხელმძღვანელთან