in

როგორ ადაპტირდეთ ახალ სამსახურში, თუ წინა კომპანიაში დიდი დრო გაატარეთ?

რაც უფრო დიდ დროს ატარებთ ერთ სამსახურში, მით უფრო რთულია მისი დატოვება და სხვა კომპანიაში გადასვლა… და თუკი, მაინც მიიღეთ გადაწყვეტილება, აქ უკვე თავს იჩენს მღელვარება – როგორ მოვერგო ახალ პოზიციას? როგორ დავიმკვიდრო თავი? არასტაბილურობის განცდა საკმაოდ მძაფრია, პირველი ორი კვირა კი, ძალიან მნიშვნელოვანია შთაბეჭდილების მოსახდენად. როგორ მოვიქცეთ?

იზრუნეთ ურთიერთობის შენებაზე

ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რასაც თქვენი ყურადღება პირველივე წუთებიდან უნდა დაუთმოთ. თუკი ერთსა და იმავე სამსახურში დიდი დრო გაატარეთ, შესაძლოა, ვერ იაზრებდეთ ახალი ურთიერთობების გავლენას წარმატებაზე. ნდობის მოპოვებაზე ზრუნვა პირველივე წუთებიდანაა საჭირო, რათა გადაწყვეტილების მიმღები პირები კეთილგანწყობილები იყვნენ თქვენ მომართ.

როგორ მოახდინოთ გავლენა ამ ყველაფერზე, სწრაფად? პირველ რიგში, დაინტერესდით სხვებით და მათი საქმიანობით, როგორც დამწყები. გაიაზრეთ, როგორია მათი როლები, რათა მათთვის საჭირო ღირებულების შექმნა შეძლოთ.

ღრმად ჩაიხედეთ საქმეში

ახალ კომპანიაში მისვლისას, დიდი ალბათობით, არ იცით, რას ელოდოთ, იმის გარდა, რა ინფორმაციასაც მათ შესახებ გაეცანით. კოლეგები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ არაფერი იცით ამ საქმეზე, ამიტომ არ დაინანოთ დრო და კარგად შეისწავლეთ კომპანია, მისი საქმიანობა და კულტურა.

კომპანიების უმრავლესობას ვებგვერდზე სიახლეებში პრეს-რელიზები აქვს განთავსებული. კარგად გაეცანით, როგორ აუმჯობესებს კომპანია შემოსავლების ნაკადს? როგორ პროდუქტებს ყიდის? როგორ მუშაობს მათი პროდუქტი? როგორია კვარტალური და წლიური მიზნები? როგორ იზომება კომპანიის წარმატება და ზრდა? საით აქვს აღებული გეზი 3-5 წლის პერსპექტივაში? როგორია თანამშროომელთა ფუნქციები? რამდენად მოქნილია კომპანია ცვლილებებისადმი? რა ახდენს გავლენას ბიზნესის სისწრაფეზე? როგორ ეკონტაქტებიან თანამშრომლები ერთმანეთს? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან დაგეხმარებათ.

გაიაზრეთ, როგორ აღიქვამენ თქვენს სამუშაოს

ურთიერთობის შენებისა და კომპანიის კულტურის გაცნობის პარალელურად, დასვით კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ თქვენს ფუნქციებსა და შესრულებულ სამუშაოს, რა მოლოდინებია თქვენთან დაკავშირებით. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ფუნქცია და პოზიცია გაქვთ, არ ნიშნავს, რომ ყველასთვის გასაგებია ყველაფერი.

შეისწავლეთ პროცესების ურთიერთდამოკიდებულება

ფუნქციათა შორის დამოკიდებულების აღქმა საკუთარი როლის გააზრებაში დაგეხმარებათ. უნდა იცოდეთ, ვის წარუდგენთ თქვენს ნამუშევარს? რომელი დაინტერესებული მხარეები იყენებენ მას? ჰკითხეთ საკუთარ მენეჯერს, ვინ არიან საკვანძო ადამიანები, რომლებთანაც პირველ რიგში ხვდება თქვენი ნაშრომი, რათა გაიაზროთ სამუშაო ვადები და მაქსიმალურად ეფექტიანი იყოთ.

ადროვეთ საკუთარ თავს

ახალ სამსახურში მისვლისას, თანამშრომლებს სურთ მაშინვე იქცნენ გუნდის ბუნებრივ ნაწილად, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. არც ისე მარტივია ნებისმიერ კომპანიაში ადაპტირება, დისტანციურად კი ეს უფრო რთულიცაა. თავდაპირველად, შეიძლება აღფრთოვანდეთ, შემდეგ – სრულ იმედგაცრუებამდე მიხვიდეთ. ამიტომაც, გჭირდებათ დრო, სიმშვიდე და ექსპერიმენტები, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ სამსახურში. საბოლოო ჯამში, ახალ კომპანიას მიეჩვევით და კომფორტის წერტილსაც იპოვნით. ყოველი ადამიანი განსხვავებულად გადის ამ გზას, ამიტომ მოიკრიბეთ მოთმინება, ისუნთქეთ და ეცადეთ იპოვოთ ერთი ადამიანი მაინც, ვისგანაც რაიმეს ისწავლით.

 

წყარო: HBR



კომპანია NextSense-ს ყურსასმენი ტვინის სიგნალებს შეისწავლის

ქართველი ფოტოგრაფები გვიყვებიან, როგორ გავყიდოთ ფოტოები