in

სტარტაპი Midamo საცალო ვაჭრობის ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეა ნომინაციაში – “საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის”

Startauperi
Startauperi

სტარტაპ Midamo-ს შექმნა მარტივ, მაგრამ აუცილებელ მიზანს ემსახურება – კერძოდ, მაღაზიების გაუმართავი ვებსაიტების, კომუნიკაციის სირთულის, შეკვეთის დაბრუნების/გადაცვლის საკითხების, თაღლითობის მომატებული საფრთხისა და სხვა პრობლემების მოგვარებას. 

“სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მუშაობა პლატფორმაზე, რომელიც იქნებოდა ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული, პერსონალიზებული სოციალური შოპინგ ქსელი, სადაც ადგილობრივ მაღაზიებს ექნებოდათ საშუალება ჰქონდეთ სრულფასოვანი, თანამედროვე საჭიროებზე მორგებული სამართავი პანელი, ხოლო მომხმარებლებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად” – აღნიშნავენ Midamo-ში. 

ახლა კი მიდამო თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეა ნომინაციაში – “საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის”. როგორც თავად სტარტაპის წარმომამდგენლები აღნიშნავენ, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება გუნდის ნაშრომის  პირველი საჯარო აღიარება იქნება, რაც უახლესი გეგმების განხორციელებაში დაეხმარება მათ. 

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ – როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა? საწყის ეტაპზე როგორ გადანაწილდა თქვენი, როგორც დამფუძნებლებისა და თანამშრომლების ფუნქციური როლები?

“მიდამოს” დამფუძნებელი, გიორგი რაზმაძე: მიდამოს იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც დავინახეთ ბაზარზე არსებული საცალო ვაჭრობის ბიზნესების გაციფრულების პროცესის გაჭიანურება. ეს განპირობებული იყო და ჯერ კიდევ არის ბაზარზე არსებული ელ. კომერციის შესაბამისი სტანდარტის ხელსაწყოების არ არსებობით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პროცესს. ბიზნესის მხარეს არსებული გამოწვევების გარდა დავინახეთ ის პრობლემები, რომლებიც მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის დროს ექმნებათ. დასახელებული საკითხების მოსაგვარებლად, გავერთიანდით გუნდად, რომელთა წევრების გამოცდილება მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტარტაპების შექმნა/განვითარების, მეწარმეობის, ელ. კომერციის, მომსახურებისა და იურიდიულ სფეროების მიმართულებებს.. პროექტის როლებიც გადანაწილება მოხდა შეთანხმებით, შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.

M: რას ემსახურება თქვენი სტარტაპი უფრო კონკრეტულად და განვითარების რა ეტაპზე იმყოფება? რამდენად მასშტაბურია იგი?

ჩვენი სტარტაპის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საქართველოში შოპინგის კულტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ყოველდღიური და დაუღალავი შრომის შედეგად, სიამაყით ვაცხადებთ, რომ შევქმენით მიდამოს ეკოსისტემა, რომელიც სამ ციფრულ პროდუქტს აერთიანებს: Midamo App; Midamo Business & Midamo Shop App. ერთი თვეა, რაც  დავიწყეთ აქტიური მუშაობა პარტნიორი მაღაზიების მოზიდვის მიმართულებით და დღეის მდგომარეობით უკვე გვყავს 50-მდე პარტნიორი მაღაზია, რომლებიც უკვე ახორციელებენ კონტენტის შევსებას და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ მიდამოს აპლიკაცია შოპინგის მოყვარულებისთვის  უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება მასშტაბურობას – ჩვენ ვხედავთ მიდამოს პლატფორმას, როგორც ახალ და საჭირო ინსტრუმენტს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ელ. კომერციის განვითარებაში. აქედან გამომდინარე და ჩვენი მოკლე თუ გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, ვფიქრობთ რა, რომ სწორი განვითარების შედეგად ჩვენს გუნდს შეუძლია, სრულფასოვანი მოთამაშე გახდეს ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე.

M: როგორ ახორციელებთ გეგმებს, საიდან მოდის საჭირო დაფინანსება და რამდენად თვითმყოფადია სტარტაპი Midamo?

Midamo-ს ეკოსისტემის თითოეული ნაწილი მთლიანად ჩვენი გუნდის რესურსითაა შექმნილი – დაწყებული იდეით, ბიზნეს მოდელით, დიზაინით, ტექნოლოგიით და სხვა ყველა ბიზნეს, საოპერაციო თუ ტექნიკური დეტალით, რომელშიც წელიწადზე მეტია საკუთარი ყოველდღიური დროის და ფინანსების ინვესტირებას ვახდენთ.

განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერა და მისი სწორედ აღსრულებაა. დღეისათვის ჩვენი გუნდი არ არის დიდი, თუმცა მუშაობის დაწყების დღიდან ჩამოვაყალიბეთ სამუშაო კულტურა და ხედვა, რომელიც სრულად ეფუძნება Agile მეთოდოლოგიას. ეს უკანასკნელი სტარტაპების შემთხვევაშიც საკმაოდ ეფექტურია და სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ამასთან, თითოეული გუნდის წევრი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით სხვა გუნდის წევრების წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი შედეგი და სამომავლო განვითარება აგებულია არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო საკითხების სწორ დალაგებასა და გადანაწილებაზე. 

M: სამომავლო გეგმების შესახებ რას იტყვით? და რა გჭირდებათ ამ გეგმების განსახორციელებლად?

ჩვენი განვითარების უახლოესი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი ელ. კომერციის ბაზრის პოზიციების ათვისება, გამყარება და განვითარება. ასევე, როგორც უკვე მოგახსენეთ, პროექტის პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენს სამომავლო გეგმების უშუალო ნაწილია გლობალურ ბაზარზე გასვლა. საინვესტიციო მიმართულებით, ოქტომბრის თვიდან გამოვაცხადეთ “Seed Round”, რომლის ფარგლებშიც უკვე გვქონდა კომუნიკაცია აშშ-ს, ევროპის და ისრაელის სხვადასხვა ვენჩურულ კაპიტალებთან – მათ დეტალურად გავაცანით ჩვენი პროდუქტი და განვითარების გეგმა. საკმაოდ კარგი და პოზიტიური შეფასებებიც მივიღეთ, მათ შორის ხაზი გაესვა პროდუქტის უნიკალურობას და საჭიროებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტარტაპის გლობალურ პოტენციალს და მასშტაბურობას. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ ბიზნესმენებთანაც. თუმცა, რაუნდის ჩახურვამდე მზად ვართ მოვისმინოთ წინადადებები სხვა დაინტერესებული პირებისგანაც.

Midamo-ს საპრეზენტაციო საიტი შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

ქართველების ტექ სტარტაპმა MRKT.COM-მა $3 მილიონი მოიზიდა და გუნდის ახალ წევრებს ეძებს

„თეგეტა აკადემია“ ბიზნესის განვითარებისთვის